განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 28.04.2010
საქმის ნომერი
2კ-1021აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1021აპ.-09 ქ. თბილისი

28 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით:

გ. მ-ს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადაზიდვის ბრალდება.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. მ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,0323 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; საქმეზე დართული ნივთმტკიცება, ფულადი თანხა _ 1400 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხოლო ნივთმტკიცება _ DVD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის დროით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. მ-მ 2008 წლის დეკემბერში, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 7 აბი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.

2008 წლის 23 დეკემბერს, ძიებით დაუდგენელ საათსა და ვითარებაში, გ. მ-მ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინიდან“ ერთი აბი 400 (ოთხას) ლარად, უკანონოდ გაასაღა ქ. რუსთავში, ... გამზირის 8-54-ში მცხოვრებ მ. ბ-ზე, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი უკანონოდ ინახავდა თავისი საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში.

2008 წლის 26 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გ. მ-ს საცხოვრებელ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით, 0,0323 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. მ-ს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა) და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი _ გ. მ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,0323 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; საქმეზე დართული ნივთმტკიცება, ფულადი თანხა _ 1400 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხოლო ნივთმტკიცება _ DVD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის დროით.

მსჯავრდებული გ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; არის ავადმყოფი; კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მამა, ასევე მეუღლე და შვილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მსჯავრდებულ გ. მ-ს აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ ს. მ-ს, ზ. ა-ს, მ. ბ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, გ. მ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს შეუმცირდა ბრალდების მოცულობა _ მას წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა, საქმის მასალებით კი არ დასტურდება მის მიერ ფულადი თანხის _ 1400 ლარის დანაშაულებრივი გზით შეძენის ფაქტი _ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დართული ნივთმტკიცება, ფულადი თანხა _ 1400 ლარი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. მ-ს ოჯახის წევრებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხის _ 1400 (ათას ოთხასი) ლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.

საქმეზე დართული ნივთმტკიცება, ფულადი თანხა _ 1400 (ათას ოთხასი) ლარი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. მ-ს ოჯახის წევრებს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.