შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
698აპ-10 10 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ს დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განაჩენით ე. ჩ. ო-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 27 აგვისტოდან.
განაჩენით ე. ჩ. ო-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
--- რაიონის სოფელ --- მცხოვრებ, ზ. ი-ს --- რაიონის სოფელ ----ჰქონდა საზაფხულო საძოვარი, სადაც მწყემსავდა თავის კუთვნილ ცხვარს და სხვა საქონელს. ზ. ი-ის ფერმის მახლობლად საძოვარი ნაქირავები ჰქონდა --- რაიონის სოფელ ყ-ში მცხოვრებ, ე. ჩ. ო-ს, რომელიც თავის ამხანაგ შ. რ. ო-სთან ერთად ასევე მწყემსავდა თავიანთ კუთვნილ ცხვარს. 2009 წლის მაისში ზ. ი-მა ნახა, რომ ე. ჩ. ო-ი მის საძოვარზე აძოვებდა ცხვარს, რის გამოც ამ უკანასკნელს ეჩხუბა და მოსთხოვა ცხვრების მიცემა. 2009 წლის 25 აგვისტოს, საღამო ხანს, ზ. ი-ი შეხვდა ე. ჩ. ო-ს, რომელსაც უთხრა, რომ დალევა უნდოდა და მოსთხოვა გამასპინძლებოდა, რაზეც ე-მა უპასუხა, რომ უკვე გვიანი იყო და შესთავაზა მეორე დღეს, 12.00 საათის შემდეგ ექეიფათ. ზ. ამ წინადადებას დათანხმდა. დილით ე-მა და მისმა მეწყვილემ _ შ. რ. ო-მ პურ-მარილი აიტანეს საძოვრების მიჯნაზე და გაშალეს სუფრა, მაგრამ ზ. არ ჩანდა. ე. 14.00 საათამდე ელოდა მას, რის შემდეგაც დაუძახა მახლობლად მყოფ მწყემსებს _ შ-ს და ხ-ს და დაიწყეს ქეიფი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მათთან მივიდა ზ. ი-ი, რომელიც იყო ნასვამი. ზ ი-მა ე-ს უსაყვედურა იმის გამო, რომ მას არ დაელოდნენ და მის გარეშე დაიწყეს დალევა. ამის შემდეგ ზ-მ ე-ს დააბრალა ა. ლ-ის დაკარგული თოფის პოვნა და მოსთხოვა პატრონისათვის დაბრუნება. ე-მა უპასუხა, რომ დაკარგული თოფის შესახებ არაფერი იცოდა. ამ პასუხით გაღიზიანებულმა ზ. ი-მა ე-ს დაუწყო გინება და გაიწია მისკენ საცემად, თან ცხვრების წართმევით ემუქრებოდა. იქ მყოფმა მწყემსებმა ისინი გააშველეს, რის შემდეგაც ე. გაერიდა ზ-ს და თავისი ფერმისკენ წავიდა. განაწყენებულმა ე. ჩ. ო-მ შურისძიების მიზნით ფერმაში აიღო თავისი კუთვნილი, 16 _ კალიბრიანი, ცალლულიანი სანადირო თოფი, დამუხტა ¹0000 საფანტის ვაზნით და გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც ზ. ეგულებოდა. გზაში მან დაინახა მისკენ გინებითა და მუქარით მომავალი ზ. ი-ი, რომელსაც დამიზნებით, მოკვლის განზრახვით, ერთხელ ესროლა არაახლო მანძილიდან გულმკერდის არეში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: გულმკერდის წინა ზედაპირზე, მკერდის ძვლის პროექციაზე, მე-7 ნეკნის დონეზე _ გულმკერდის ღრუში შემავალი ერთი დიდი ჭრილობა, ზომით 5X4,5 სმ; მის ირგვლივ, ეპიგასტრიუმის ზემოთ, მე-4 ნეკნის დონემდე და ორივე ლავიწის შუა ხაზებს შორის _ 19 მრგვალი ფორმის ჭრილობა, თითოეული _ 0,6X0,6 სმ. გულის მთლიანობის დარღვევისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანებით განვითარებული მწვავე, ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად ზ. ი-ი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ე. ჩ. ო-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. ჩ. ო-მ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ვ. ლ-მ. აპელანტები თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ კვალიფიკაციის შეცვლასა და მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ხოლო კვალიფიკაციის უცვლელად დატოვების შემთხვევაში _ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ე. ჩ. ო-მ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. გარემოებები, რომლებიც მკვლელობას წინ უსწრებდა, ე. ჩ. ო-ის უქმნიდა სრულ საფუძველს ეფიქრა, რომ იგი მოსალოდნელი საფრთხისაგან იყო სავსებით დაუცველი. ზ. ი-ი იყო მთვრალი, მასზე ფიზიკურად ძლიერი და მისი მუქარა, რომ “ე. ჩ. ო-ს ბოლო წუთები ელოდა”, მისთვის რეალური საფრთხის შემცველი იყო. ამასთან, ე. ჩ. ო-ი ხვდებოდა, რომ ზ. ი-ს შორიახლოს მოჰყვებოდა მხოლოდ მისი მეწყვილე _ შ. რ. ო-ი, რომელიც მარტო ვერ შეძლებდა მის შეჩერებას. ე. ჩ. ო-ი ერთხელ უკვე მოერიდა მოძალადეს, მაგრამ ახლა ადგილზე დარჩა თავისი ქონების დასაცავად _ ზ. ი-ი ხომ ცხვრების წართმევითაც ემუქრებოდა. მისმა ემოციურმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ მოსალოდნელი საფრთხის წყაროს _ ზ. ი-ს მასთან შედარებით უპირატესი ფიზიკური ძალის _ წინააღმდეგ გამოიყენა უფრო ძლიერი იარაღი _ სანადირო თოფი. მსჯავრდებულს შურისძიების მოტივით მკვლელობის განზრახვა რომ ჰქონოდა, იგი შემთხვევის ადგილიდან წასვლამდე ზ. ი-ის სიკვდილში მაინც დარწმუნდებოდა, რომ აღარაფერი ითქვას მეორე გასროლის შესაძლებლობაზე. ამის ნაცვლად მან თავის მეწყვილე შ. რ. ო-ის სთხოვა, დახმარებოდა დაჭრილს, რის შემდეგაც დაურეკა შვილს, შეატყობინა მომხდარის შესახებ და სთხოვა სამედიცინო დახმარების გამოგზავნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-სა და მისი დამცველის _ ვ. ლ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ჩ. ო-იმ და მისმა დამცველმა ვ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები თავიანთი საჩივრით ითხოვენ კვალიფიკაციის შეცვლასა და მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ხოლო კვალიფიკაციის უცვლელად დატოვების შემთხვევაში _ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა ე. ჩ. ო-იმ ზ. ი-ის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რადგან ასეთი ვერსია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მართალია, სინამდვილეს შეესაბამება ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილი ზ. ი-ი თვითონ მიდიოდა ე. ჩ. ო-საკენ მუქარით, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ მომენტისათვის არსებული სხვა გარემოებებიც, რომლებიც გამორიცხავენ აუცილებელი მოგერიების ვითარების შესაძლო არსებობას, კერძოდ: ზ. ი-ის მხრივ მუქარა გამოხატული იყო მხოლოდ სიტყვიერად, რომლის განხორციელების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ე.ი. არ იყო რეალური და იმწუთიერი, რაც არ წარმოადგენდა მსჯავრდებულისათვის ძნელად აღსაქმელ და გასარკვევ სიტუაციას; ამასთან, თოფის გასროლის მომენტში საკმაო მანძილი არსებობდა ე. ჩ. ო-სა და ზ. ი-ს შორის, ხოლო სანამ ზ. ი-ი ამ მანძილს დაფარავდა, ე. ჩ. ო-ის ჰქონდა შესაძლებლობა, შეერჩია უფრო ნაკლებად საზიანო საშუალება თავის დასაცავად, თუკი ამ უკანასკნელის აუცილებლობა და საჭიროება წარმოიშობოდა; გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემთხვევას ესწრებოდა ე. ჩ. ო-ს მეწყვილე მწყემსი _ შ. რ. ო-ი, რომელიც უკვე ცდილობდა ზ. ი-ის შეჩერებას, ვისი დახმარებითაც მსჯავრდებული თავისუფლად შეძლებდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ზ. ი-თან გამკლავებას თოფის გამოყენების გარეშეც, თუკი იგი მას თავს დაესხმებოდა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია: მოცემულ შემთხვევაში, საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ე. ჩ. ო-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული _ ზ. ი-ს განზრახ მკვლელობა, რის გამოც არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, რადგან აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
ამავე დროს, საკასაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-სათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომა _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით _ არ შეესაბამება სისხლისსამართლებრივი სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს განაჩენის დადგენისას; ამასთან, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოებები, რომლებიც ამსუბუქებენ ე. ჩერქეზ ოღლის პასუხისმგებლობას. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი: იმ კონფლიქტის აშკარა ინიციატორი, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, იყო აწ გარდაცვლილი ზ. ირემაშვილი, რომელიც აშკარად უსაფუძვლო საბაბით საცემად იწევდა ე. ჩ. ო-ის მიმართ, რა დროსაც ზ. ი-ი შეაკავეს იქ მყოფმა სხვა პირებმა; ამის შემდეგ ე. ჩ. ო-ი, როგორც განაჩენშია აღნიშნული, გაერიდა ზ. ი-ს და წავიდა თავის ფერმაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ე. ჩ. ო-ი აღარ აპირებდა კონფლიქტის გაგრძელებასა და მოძალადისათვის პასუხის გაცემას; მიუხედავად ამისა, როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, ზ. ი-ი მაინც ჯიუტად ცდილობდა კონფლიქტის ესკალაციას და იგი მუქარით წავიდა თავის ფერმაში მყოფი ე. ჩ. ო-ის მიმართულებით, რა დროსაც მოხდა თოფის გასროლა მის წინააღმდეგ; მომხდარი შემთხვევის შემდეგ ე. ჩ. ო-ი თვითონ გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარებით; გარდა ამისა, ე. ჩ. ო-ი პირველად არის სამართალში, მისი წარსული არაფრით არის შებღალული და პიროვნულად ხასიათდება დადებითად.
მითითებული გარემოებები მნიშვნელოვნად ამცირებს ე. ჩ. ო-ის ბრალის ხარისხს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასჯელის დანიშვნისას. ასეთ პირობებში მსჯავრდებულისათვის სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არის მეტისმეტი სიმკაცრე და აშკარად ეწინააღმდეგება განზრახი მკვლელობის საქმეებზე სასჯელის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის მიმართ დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტითა და 565-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის საფუძველს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ე. ჩ. ო-ის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რისთვისაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 28 თებერვლის რედაქცია) 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ე. ჩ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.