გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 28.02.2011
საქმის ნომერი
2კ-851აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

851აპ-10 28 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. დაკმაყოფილდა დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების – ა. ბ-ის, შ. შ-ისა და გ. ა-ის სამოქალაქო სარჩელები და ლ. გ-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება თითოეულის სასარგებლოდ - 20 000 ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადა მას აეთვალა 2009 წლის 2 სექტემბრიდან.

განაჩენით ლ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ორი ან მეტი პირის მიმართ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2009 წლის 27 აგვისტოს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹2 რეგიონალური სამმართველოს უფროს სერჟანტ ხ. ბ-ს შეკამათება მოუხდა ამავე სამსახურში მომუშავე კაპრალ ლ. გ-თან, რა დროსაც ხ. ბ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ-ს, კერძოდ, შეაგინა დედა. ეს სიტყვიერი შეკამათება ჩხუბში არ გადაზრდილა, რადგან ხსენებული პირები გააშველეს შემთხვევის შემსწრე თანამშრომლებმა.

2009 წლის 31 აგვისტოდან საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ¹2 სამმართველოს სერჟანტი ხ. ბ-ე, სერჟანტი შ. ა-ე და უფროსი სერჟანტი ა. შ-ე იმყოფებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ¹2 რეგიონალური სამმართველოს ¹1 სექტორის - „ირმიჭალის“ დროებით საზაფხულო საგუშაგო „სოლიფერდზე“, ხოლო ამავე საგუშაგოს ბლოკ-საგუშაგოზე იმყოფებოდნენ: მასტერ-სერჟანტი მ. ხ-ე, უმცროსი სერჟანტი ხ. მ-ე და კაპრალი ლ. გ-ი.

2009 წლის 1 სექტემბერს, საღამოს საათებში, ლ. გ-მა და ხ. მ-მ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც ლ. გ-მა განიზრახა, 2009 წლის 27 აგვისტოს ხ. ბ-ის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, შურისძიების მიზნით მოეკლა იგი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე ღამეს, დაახლოებით 23 საათზე, მიატოვა ბლოკ-საგუშაგო და, მასზე გაცემული სამსახურებრივი AКС-74 სისტემის ¹1818827 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, გაემართა დაახლოებით შვიდი კილომეტრით დაშორებული ¹1 სექტორის - „ირმიჭალის“ დროებით საგუშაგო „სოლიფერდის“ მიმართულებით, სადაც იმყოფებოდა ხ. ბ-ე.

2009 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 01 საათზე, ლ. გ-ი შევიდა საგუშაგოს ტერიტორიაზე, იარაღი მოიყვანა საბრძოლო, ავტომატურ რეჟიმში და ავიდა საგუშაგოს შენობის მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა ხ. ბ-ე, მორიგე ჯგუფთან ერთად. სამორიგეო ოთახში შესვლისას მას დახვდა შეიარაღებული მორიგე - გუშაგი ა. შ-ე. ლ. გ-მა განიზრახა მისი მოკვლა და დასახული განზრახვის სისრულეში მოყვანის გაადვილების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ა. შ-ს, რომელიც უგონოდ დაეცა იატაკზე, რის შემდეგაც მივიდა დასასვენებელი ოთახის შესასვლელთან და დაინახა, რომ ოთახში ხ. ბ-სთან ერთად იმყოფებოდა შ. ა-ე, რომელიც ჩადენილი ქმედების (უკვე სისრულეში მოყვანილი ა. შ-ის მკვლელობის და განზრახული განსახორციელებელი ხ. ბ-ის მკვლელობის) ფაქტობრივი გარემოებების მოწმე შეიქმნებოდა, რის გამოც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საწოლში მყოფს, ხოლო შემდეგ ხმაურზე საწოლიდან წამომდგარ ხ. ბ-ს, რის შემდეგაც, სასურველი შედეგის დადგომაში დარწმუნების მიზნით, ხ. ბ-ისა და ა. შ-ის მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები. სულ შემთხვევის ადგილზე გაისროლა ოცდაექვსი ვაზნა, რის შემდეგაც, სამივე სამიზნე ობიექტის გარდაცვალებაში დარწმუნებულმა, აიღო ხ. ბ-ისათვის გადასაცემად გამზადებული, საგუშაგოზე რიცხული ΑΚС-74-Υ-ს სისტემის ¹920092 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით და ოცდაათი საბრძოლო ვაზნით და დაბრუნდა ბლოკ-საგუშაგოზე, სადაც ხ. მ-ს და მ. ხ-ს გაუმხილა მხოლოდ ხ. ბ-ის მკვლელობის ფაქტი, რომელთა რჩევით, ტელეფონით შეატყობინა მეუღლის ნათესავს, სასაზღვრო პოლიციელს, ¹2 რეგიონალური სამმართველოს ¹7 სექტორის უფროსს ჯ. ა-ს. ხ. მ-სა და მ. ხ-სთან შეთანხმების შემდეგ მან ბლოკ-საგუშაგოზე მიატოვა ორივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მიიმალა. მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ხ. ბ-ე, შ. ა-ე და ა. შ-ე ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ლ. გ-ი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ლ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა. მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ორი ან მეტი პირის მიმართ დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მისი აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა და დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ბ-ის მიმართ დააკმაყოფილა სრულად, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეების: შ. შ-ისა და გ. ა-ის სარჩელები - ნაწილობრივ, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ. გ-ს თითოეულის სასარგებლოდ დაეკისრა მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ოც-ოცი ათასი ლარით ანაზღაურება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია დაზარალებულის უფლებამონაცვლეებისადმი მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეს ერთვის სასაქონლო ზედნადებები და შპს ,,ბაზრის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, სადაც ასახულია დაკრძალვისათვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების საბაზრო ღირებულება 2009 წლის ბოლო პერიოდის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამება განაჩენში მითითებულ მსჯელობას მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის თაობაზე.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტები არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო განხილვისას საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დაცვით, მისი სანდოობის, დასაშვებობისა და შესახებობის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების შესაძლებლობას.

ლ. გ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის წარმოების არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ეტაპებზე არ წარმოდგენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, განსაზღვრულიყო დაზარალებულის უფლებამონაცვლეების – შ. შ-ისა და გ. ა-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში ემყარება მხოლოდ ვარაუდს.

ხოლო რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ იცნობს დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლისათვის მიყენებული მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის სახით ანაზღაურების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს თვით დაზარალებული, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს არ შეიძლება მორალური ზიანი აუნაზღაურდეს ფულადი კომპენსაციის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განაჩენი გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.