საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.07.2010
საქმის ნომერი
2კ-16-I-10
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-16-I-10 16 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე,იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაზე, რომლითაც თ. თ-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განაჩენით თ. თ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. თ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2010 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულმა თ. თ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საჩივარში მსჯავრდებული განმარტავდა, რომ განაჩენის გასაჩივრება დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ არ ჰყავდა ადვოკატი, არ ჰქონდა იურიდიული განათლება და საკასაციო საჩივრის მომზადება ადრე ვერ მოახერხა. საკასაციო საჩივრით მან ასევე ითხოვა გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებით თ. თ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა თ. თ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი თ. თ-ის მიმართ დადგენილია 2010 წლის 8 იანვარს და იგი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. თ-ის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულს საჩივრის შეტანა დააგვიანდა იმის გამო, რომ განაჩენი ჩაჰბარდა გვიან, არ ჰყავდა ადვოკატი, არ ჰქონდა იურიდიული განათლება და საკასაციო საჩივრის მომზადება ადრე ვერ მოახერხა, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებებს ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომელთა გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. თ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ თ. თ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.