საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.02.2011
საქმის ნომერი
2კ-4-I-11
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

4I-10 15 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ა. ჯ-ის დამცველს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ა. ჯ-ე, ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუშვა რა საკასაციო გასაჩივრების ვადა, 2011 წლის 31 იანვარს მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატმა მ. კ-ემ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საჩივარში იგი განმარტავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ჯ-ეს ჩაჰბარდა საპყრობილეში. ვინაიდან იმ პერიოდში ადვოკატი იყო შეუძლოდ, ჰქონდა ვირუსული დაავადება, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და მკურნალობდა არაამბოლატორიულად, რასაც განცხადებით ადასტურებენ ოჯახის წევრები: მეუღლე _ ა. უ-ი და შვილი _ მ. უ-ი, მისი შესვლა მსჯავრდებულ ა. ჯ-ესთან ვერ მოხერხდა. ამდენად, მისთვის უცნობი იყო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ჩაბარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა მ. კ-ემ ითხოვა ზემოაღნიშნული გარემოების საპატიოდ ჩათვლა და საკასაციო გასაჩივრების დადგენილი ერთთვიანი ვადის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. კ-ემ გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი ა. ჯ-ის მიმართ დადგენილია 2010 წლის 23 დეკემბერს და იგი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

შუამდგომლობაში მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-ემ განმარტა საჩივრის შეტანის დაგვიანების მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯავრდებულისათვის ჩაბარების შესახებ, რადგან იმ პერიოდში იყო შეუძლოდ, ჰქონდა ვირუსული დაავადება, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და მკურნალობდა არაამბოლატორიულად, რაც დადასტურებულია სასამართლოში შემოსული მისი მეუღლისა და შვილის განცხადებით, რის გამოც ვერ შეძლო მსჯავრდებულ ა. ჯ-ესთან შესვლა და საჩივრის დროულად შეტანა.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, რაზედაც მხარეს უარი ეთქვა.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული მიზეზი შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ და გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ მ. კ-ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება და აღდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.