დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.07.2006
საქმის ნომერი
2კ-384აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ 384-აპ 4 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ლ. მურუსიძე

მონაწილეობით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ყ-ის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-სა და რეაბილიტირებულ გ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1999 წლის 21 აპრილს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურში გ. ა-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით). შემდგომში მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 112-ე მუხლის პირველ ნაწილზე (იგივე რედაქცია) და წარიმართა გამოძიება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წარმოება როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში გაგრძელდა სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. საბოლოოდ 2002 წლის 17 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურში გამოტანილ იქნა დადგენილება გ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძვლით. გ. ა-ვს მოეხსნა 1999 წლის 21 ივნისს წარდგენილი ბრალდება და გაუქმდა მისთვის ჩამორთმეული ვალდებულება უნებართვოდ თბილისის დატოვებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აკრძალვის შესახებ.

2003 წლის 29 დეკემბერს გ. ა-მა საჩივრით მიმართა სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვა მატერიალური ზიანის სახით 100000 ლარის, ხოლო პატივისა და ღირსების შელახვისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 500000 ლარის ოდენობით, სულ სახელმწიფოსგან მოითხოვა 600000 ლარის გადახდა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის დადგენილებით გ. ა-ვს, უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული დადგენილება გ. ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში და ითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის დადგენილების გაუქმება და მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ივლისის განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის დადგენილება გ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ივლისის განჩინების თაობაზე გ. ა-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. თავისი საკასაციო საჩივრით გ. ა-ვი ითხოვდა აღნიშნული განჩინების გაუქმებასა და სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით გ. ა-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ივლისის განჩინება გ. ა-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპრილის დადგენილება და ფინანსთა სამინისტროს, გ. ა-ის სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2800 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინების თაობაზე რეაბილიტირებულმა გ. ა-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას. გ. ა-ვი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 600000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განჩინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს აგრეთვე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. ყ-მა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ _ გ. გ-ემ. კასატორები თავიანთი საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და რეაბილიტირებულ გ. ა-სათვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით რაიმე თანხის მიკუთვნებაზე უარის თქმას, ვინაიდან მისი მოთხოვნა მიაჩნიათ უსაფუძვლოდ.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას რეაბილიტირებულმა გ. ა-მა მხარი დაუჭირა თავის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-ის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივარს, ასევე, პროკურატურის მიერ შეტანილ საჩივარს და ითხოვა ამ საჩივრების დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ა-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ ი. ყ-ის, ასევე, ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ გ. გ-ის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივრებს. მან მიიჩნია, რომ რეაბილიტირებულ გ. ა-ის მოთხოვნა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის მიკუთვნების თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მან ითხოვა, რომ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ გ. ა-სათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2800 ლარის მიკუთვნების თაობაზე და აღნიშნულ კასატორს უარი ეთქვას მის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკისრებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა გ. ა-ს რეაბილიტაციის საქმე და სასამართლო წარმოების მასალები მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრებში მითითებულია ორ ძირითად მომენტზე: 1. რეაბილიტირებულმა გ. ა-მა სასამართლოს მორალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნით მიმართა საპროცესო კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 6 _ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მისი საჩივარი არ უნდა ყოფილიყო მიღებული და დაკმაყოფილებული. 2. რეაბილიტირებულმა გ. ა-მა იმავე საქმეზე პარალელურად საჩივრით მიმართა სხვა სასამართლოს მორალური ზიანის კომპენსაციის მისაღებად. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახდელად დაეკისრა 5000 ლარი, რის გამოც უკანონო იყო გ. ა-სათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით ხელმეორედ მისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის მიკუთვნება. საკასაციო პალატა აღნიშნულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან და არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში სწორად მიუთითა, რომ, კანონის თანახმად, რეაბილიტირებულისათვის ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის თაობაზე უნდა განემარტა იმ ორგანოს, რომელმაც მის მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გ. ა-ის მხრივ მორალური ზიანის კომპენსაციის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მინიშნება უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მეორე არგუმენტს, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ გ. ა-ვს მორალური ზიანის კომპენსაცია 5000 ლარის ოდენობით მიაკუთვნა არა როგორც რეაბილიტირებულს, არამედ _ როგორც დაზარალებულს, რომელსაც ზიანი მიადგა სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით. გ. ა-მა, როგორც რეაბილიტირებულმა, მორალური ზიანის კომპენსაცია 2800 ლარის ოდენობით მიიღო მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო 5000 ლარის ოდენობით კომპენსაცია მან მიიღო სხვა პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართილს საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მონაწილეობდა დაზარალებულის სახით, თუმცა ორივე საქმე დაკავშირებულია ერთსა და იმავე შემთხვევასთან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე რეაბილიტირებულ გ. ა-ის საკასაციო მოთხოვნას მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის 600000 ლარამდე გაზრდის თაობაზე. მართალია, მის მიმართ უსაფუძვლოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რითაც მან გარკვეული მორალური ზიანი ნამდვილად განიცადა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იგი არ იმყოფებოდა პატიმრობაში, რასაც მართებულად მიაქცია ყურადღება სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში კასატორ გ. ა-ის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება მისთვის მიყენებული ზიანის ადეკვატურად, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში დაკმაყოფილება შესაძლებელია გონივრულ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მოცულობა 2800 ლარის ოდენობით, რომელიც გ. ა-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტს, არის ზომიერი და დასაბუთებული.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 8 ივლისს რეაბილიტირებულ გ. ა-ის მიმართ გამოტანილი განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ყ-ის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-სა და რეაბილიტირებულ გ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ გ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.