დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
562-აპ 4 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. მ-სა და მსჯავრდებულ ს. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ს. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის განაჩენით ს. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
განაჩენის მიხედვით, ს. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 11 აგვისტოს კასპის რაიონის სოფ. --- მცხოვრებმა ს. ნ-მა ნახა, რომ სიმინდის ყანაში მოპარული იყო ნედლი ტაროები. აღნიშნულზე განაწყენებულმა განიზრახა, დადარაჯებოდა და დაედგინა ქურდის ვინაობა. ამ მიზნით მან სახლიდან აიღო თავის შვილზე, მ. ნ-ზე რიცხული «BE» მოდელის 1-6 კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი --- ვაზნებით და საღამოხანს ჩასაფრდა ყანაში. დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მან გაიგონა ხმაური, რაც გამოწვეული იყო თანასოფლელის, 1969 წელს დაბადებული გ. ნ-ის მოძრაობით. ვერ იცნო რა იგი, შესძახა შეჩერებულიყო. გ. ნ-მა სახეზე ხელები აიფარა და გაიქცა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ს. ნაბახტეველმა შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მოკვლა და თანნაქონი თოფიდან ზურგის არეში ერთხელ ესროლა გ. ნ-ლს, რითაც გულმკერდის უკანა ზედაპირზე მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც გ. ნ-მა შეძლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და დავარდა. ს. ნ-მა იცნო რა დაზარალებული, მახლობლად მყოფი კ. ნ-ის დახმარებით იგი შემთხვევის ადგილიდან ურმით გადაიყვანა სოფელ ---ში, საიდანაც დაჭრილი მეზობლების მიერ გადაყვანილ იქნა კასპის რაიონის საავადმყოფოში. მიუხედავად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა, გ. ნ-ლი, მარჯვენა ფილტვისა და ნეკნთა შუა არტერიების დაზიანებით განვითარებული სისხლდენის შემდგომი ანთების გამო, 12 აგვისტოს, 3 საათსა და 15 წუთზე გარდაიცვალა.
ს. ნ-ლს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 12 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ ს. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 114-ე მუხლზე და ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ოქტობრის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა. ამასთან, რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებული ს. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
პროკურორი ი. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.
პროკურორი თ. ჭ-ია აზუსტებს საკასაციო საჩივარს და ითხოვს ს. ნ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ლმობიერია.
დაზარალებული დ. მ-ლი მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩივრები _ დაუკმაყოფილებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მსჯავრდებულ ს. ნ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე ს. ნ-ის აღიარებითი ჩვენებით, მისი შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმით, დაზარალებულ დ. მ-ის, მოწმის კოხტა ნაბახტეველის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით ს. ნ-ის მიერ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია.
პროკურორ ი. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ს. ნ-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და არის აშკარად ლმობიერი, პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ს. ნ-ის პასუხიმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის 1-ელი ნაწილის გამოყენებით უნდა დაენიშნა არა დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, არამედ სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, კერძოდ, უნდა გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ს. ნ-სათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა რა ჩადენილი ქმედების სიმძიმე, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ შემამსუბუქებელ გარემოებებად ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, არის ხანდაზმული, 80 წელს მიღწეული, ექსპერტის დასკვნით დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, აორტის ათეროსკლეროზი, ხშირი აბერირებული ექსტრასისტოლია, მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია, სისტოლური არტერიული ჰიპერტონია კრიზული მიმდინარეობით, კარდიული ასთმის ეპიზოდით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იოლად გამოხატული ქრონიკული ნაკლოვანება, ქვედა კიდურების დიაბეტური ნეიოროპათია, შაქრიანი დიაბეტი _ ტიპი 2, დეკომპენსირებული, ორივე თვალის მარგინალური ბლეფარო _ კონიუნქტივი, დაწყებითი ასაკობრივი კატარაქტა, მაკულოდისტროფია ასაკობრივი მშრალი ფორმა, დაზარალებულს ანაზღაურებული აქვს მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით ს. ნ-ლს დაუნიშნა შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. ნ-სათვის დანიშნული სასჯელი თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლო არ არის, ვინაიდან იგი შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ს. ნ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ს. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.