განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 73-აპ 4 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბლისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით და შეეფარდა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი, მსჯავრდებულ მ. ბ-ეს დაეკისრა მოსარჩელე მ. გარგულიას სასარგებლოდ 3745 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2002წ. სექტემბრიდან 2004წ. 14 სექტემბრამდე მ. ბ-ემ, მუშაობდა რა თერჯოლის რაიონის სოფელ ---ში არსებულ მ. გ-ას მაღაზიაში გამყიდველად, განიზრახა მ. გ-ას კუთვნილი მნიშვნელოვანი თანხის მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სისტემატურად, მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა და საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდა საქონლის რეალიზაციის შედეგად მაღაზიის სალაროში შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილს, ხოლო შესაბამისი თანხის საქონლის დანაკლისს ჩქმალავდა. ამ გზით მან 2002წ. სექტემბრიდან 2004წ. 14 სექტემბრამდე პერიოდში საერთო ჯამში მიითვისა 4445 ლარის ქონება, რითაც დაზარალებულ მ. გ-ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
პროკურორი ჯ. ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის მეტისმეტად მსუბუქი და ჩადენილი ქმედების შეუსაბამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
მ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ. გ-ას ჩვენებებით, მოწმეების _ ე. ფ-ის, დ. კ-ის, ა. გ-ას ჩვენებებით, სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით.
რაც შეეხება პროკურორ ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ, თითქოს განაჩენი არის მეტისმეტად მსუბუქი, პალატა არ იზიარებს.
სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ მ. ბ-ეს პირველად ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ხასიათდება დადებითად, არის ავად. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს მეტისმეტად მსუბუქად.
ამასთან, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვისას დაზარალებულ მ. გ-ას არ წარმოუდგენია სასარჩელო განცხადება და არც სამოქალაქო მოსარჩელედ არ არის ცნობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ კი მსჯავრდებულ მ. ბ-ეს დააკისრა დაზარალებულ მ. გ-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულისათვის დაეკისრებინათ დაზარალებულად ცნობილი პირის _ მ. გ-ას სასარგებლოდ 3745 ლარის გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-სათვის დაზარალებულ მ. გ-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-სათვის დაზარალებულ მ. გ-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.