განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 274-აპ 3 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ი. ტყეშელაშვილი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით (2005წ. 30 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 დეკემბრის განაჩენით, ქ. მ-ლი გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2005წ. 30 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ქ. მ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005წ. 3 ოქტომბრიდან.
განაჩენის მიხედვით, ქ. მ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. მ-ლი 2002წ. 25 ოქტომბერს გაასამართლა გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით და შეუფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის განაჩენით მას საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ქ. მ-ლს იმავე სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განაჩენით სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. მან ბოროტად აარიდა თავი ზემოთ მითითებული ჯარიმების გადახდას და კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.
2005წ. 9 ივლისს ქ. მ-მა სოფ. ---ში გამოძიებით დაუდგენელი ოსი ეროვნების პირისაგან შეიძინა 1000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „---ვა», 500-500 კოლოფი უაქციზო სიგარეტები _ „---დ» და „---კა»; სულ 3000 ლარის ღირებულების. აღნიშნული სიგარეტები ქ. მ-მა ჩააწყო დ. გ-ის კუთვნილ „ვაზ-2109» მარკის ავტომანქანაში, და გამოემგზავრა ქ. თბილისისაკენ. მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაბა ნატახტარში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. მ-მა. საჩივრით მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება კანონის ფარგლებში იმის გათვალისწინებით, რომ აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელმაც იძულებული გახადა, ჩაედინა დანაშაული; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა; ნასამართლობები გაქარწყლებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ნივთმტკიცებათა ნაწილში შევიდა ცვლილება: საქმეზე დართული ნივთმტკიცება _ უაქციზო სიგარეტები მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში და მისი განაწილების, განადგურების და\ანრეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. -- ივნისის ¹-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებისა „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და\ან რეალიზაციის წესის შესახებ» მე-2 მუხლის „ა» ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ქ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი _ მსჯავრდებული ქ. მ-ლი საკასაციო საჩივარში აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, რისთვისაც ითხოვს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით პირობითი მსჯავრის შეფარდებას ან შეფარდებული სასჯელის განახევრებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ქ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-ემ ითხოვა განაჩენის გაუქმება და სისხლისამართლებრვიი დევნის შეწყვეტა.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. წ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის შეფასების ან საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განახევრების შესახებ და შესაძლებლად მიიჩნევს ქ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში სიგარეტების ღირებულება განსაზღვრულია აქციზური მარკის ღირებულებასთან ერთად, რაც პალატის აზრით არასწორია, რადგან ქ. მ-ლი პასუხისმგებლობაში მიცემულია საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისათვის. ქმედების კვალიფიკაციისა და შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა საბაზრო ღირებულების საქონელი გადაზიდა უკანონოდ ქ. მ-მა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას მის ფასთან ერთად. ე.ი. საქონლის სარეალიზაციო ღირებულება შედგება თვითღირებულებისა და აქციზის ღირებულებისაგან. უაქციზო სიგარეტის სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით, აქციზის ღირებულების გარეშე, რადგან ქ. მ-ლი პასუხისგებაში მიცემულია უაქციზო სიგარეტების გადაზიდვისათვის, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1500 ლარს, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს ქ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ქ. მ-ის საკასაციო საჩივვარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განაჩენი და ქ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.