დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 473-აპ 26 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი,ზ. მეიშვილი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006წ. 25 აპრილის განაჩენით თ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისგამოყენებით, მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეკისრა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლოსასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2006წ. 13 თებერვლიდან; დაკმაყოფილდა ფრიდონ ლომიძის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 1 500 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, თ. გ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005წ. 29 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, თ. გ-ლი იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფ. ---, ავტობუსის გაჩერებასთან. მას გაესაუბრა მეზობელი _ ფ. ლ-ძე, რომელსაც აინტერესებდა თავის შვილს _ ნ. ლ-სა და თ. გ-ლს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტის მიზეზი. მათ შორის საუბარი დაიძაბა და კონფლიქტის ასარიდებლად ფ. ლ-ძე თავისი სახლისაკენ გაემართა.
განაწყენებულმა თ. გ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფ. ლ-ეს, რაზეც ეს უკანასკნელი მობრუნდა და თ. გ-საკენ წავიდა. მსჯავრდებულმა აიღო ქვა და 2 მეტრის მანძილიდან ესროლა ფ. ლ-ეს მარცხენა თვალის არეში. ამის შედეგად დაზარალებულს გაუსკდა თვალი, რამაც გამოიწვია ბადურა-გარსის ჩამოცლა. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, ამ თვალზე მხედველობის აღდგენის შესაძლებლობა მოისპო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. გ-მა და მსჯავრდებულ თ. გ-ის ადვოკატმა დ. ა-მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მოითხოვა განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა დ. ა-მა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის პირობითი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა თ. გ-მა და მისმა ადვოკატმა დ. ხ-ემ გაითხოვეს თავიანთი საჩივარი და იგი არ იქნა განხილული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 ივნისის განაჩენით პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: თ. გ-ლს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ. კ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლას იმგვარად, რომ თ. გ-ლი უმოკლეს ვადაში გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რათა შესაძლებელი გახდეს მისი მკურნალობა სტაციონარულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მითითებით, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ თ. გ-ლი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიურად დაავადდა. ამასთან, ადვოკატი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასჯელი გაუმართლებელია, რადგან არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას. ამასთან, თ. გ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და აუნაზღაურა ზიანი, ნასამართლობის არმქონეა და ხასიათდება დადებითად.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ტ. კ-ემ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს, ამასთან, დააზუსტა მისი მოთხოვნა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება, რადგან არსებობს საფუძლიანი ვარაუდი იმისა, რომ თ. გ-ლი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა. ამასთან, კასატორმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მკაცრი და უსამართლოა.
დაზარალებულმა ფ. ლ-ემ საკასაციო პალატის სხდომაზე უარი განაცხადა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია. ამასთან, სააპელაციო პალატის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და ეს შემთხვევა რეგულირდება სსსკ-ის 608-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებული თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ ფ. ლ-ის ჩვენებით, კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედების და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრი გამო, აშკარად უსამართლოა.
თ. გ-სათვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ სათანადოდ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და განსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომელიც არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.
საჩივრის იმ მოტივთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი თ. გ-ის მიმართ შესულია კანონიერი ძალაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტას. საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ის, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც მას არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, თავისუფლდება სასჯელისაგან, ხოლო ის, ვინც სასჯელს იხდის, თავისუფლდება მისი შემდგომი მოხდისაგან. მას შეიძლება დაენიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ საჭიროა მისი საავადმყოფოში მკურნალობა, მსჯავრდებულს მოათავსებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. ამდენად, თ. გ-ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების ან მის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ან შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია. აღნიშნულის შემდეგ, თუკი დადგინდა, რომ მსჯავრდებული ფსიქიკურად დაავადებულია, სსსკ-ის 608-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, აგრეთვე სამედიცინო ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 6 ივნისის განაჩენი თ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.