გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
540-აპ 25 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ბ-სა და მსჯავრდებულ თ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული თ. ზ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებულ თ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმეზე სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ მსჯავრდებულ თ. ზ-ეს დაეკისრა თ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის საკომპენსაციოდ 15000 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, თ. ზ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, თბილისში, ---, ¹2 საცხოვრებელი სახლის წინ, შელაპარაკება მოუვიდათ ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ე. ზ-სა და თ. ზ-ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თანნაქონი დანით განზრახ მოკვლის მიზნით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა ე. ზ-ლს, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა ღიად, მასვე განემარტა, რომ თ. ზ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უფლება აქვს, იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, ასევე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
მსჯავრდებული თ. ზ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
მსჯავრდებულ თ. ზ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ბ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ მ. ქ-ას, რ. ც-ას, ნ. თ-სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ. ზ-ის ქმედებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მოხუცი დედა) და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.
ამასთან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
საქართველოს სსსკ-ის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, არ განიხილოს სარჩელი, თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.
ამდენად, მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით არ გადაწყვიტა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ბ-ის სარჩელი და დატოვა იგი ღიად, რასაც არ ითვალისწინებს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და იგი განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და იგი განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიას.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.