საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
7I 6 ნოემბერი, 2006 წ.’ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე
მონაწილეობით განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის განაჩენით ი. ბ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ქალთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ი. ბ-ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2003წ. 15 სექტემბრიდან. მას დაზარალებულთა სასარგებლოდ დაეკისრა: დ. რ-ის სასარგებლოდ _ 5 100 აშშ დოლარის, ო. ქ-ის _ 3 000 აშშ დოლარის, ა. მ-ას _ 2 700 აშშ დოლარის, ლ. გ-ის _ 2 000 აშშ დოლარის, ო. გ-ის _ 2 500 აშშ დოლარის, გ. ტ-ის _ 2 500 აშშ დოლარის, დ. მ-ის _ 4 500 აშშ დოლარის, დ. ჯ-ის _ 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით.
ამავე სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ი. ბ-ის მიმართ ლ. მ-ას მეშვეობით მ. პ-ის, ნ. მ-ის, ნ. ჯ-ის, ე. ბ-ის, ვ. ძ-სა და ზ. კ-ის მიმართ თაღლითობის ჩადენის ფაქტებზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტისათვის შემდგომი დაქვემდებარებისათვის.
ამავე სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილებით ი. ბ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოიყო მასალა, კერძოდ, დ. რ-ის 2005წ. 14 იანვრის დაკითხვის ოქმი და იგი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად და გამოძიების ჩასატარებლად ტერიტორიული ქვემდებარეობისამებრ გადაეგზავნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორს.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი. ბ-ემ არაერთგზის ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. ბ-ემ, განიზრახა რა თაღლითური გზით სხვისი ნივთის არაერთგზის დაუფლება, 1998წ. 2 მარტს მთაწმინდის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარა ტურისტული ფირმა შპს „---», მდებარე ქ. თბილისში, --- ქ. ¹10-ში. საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფირმის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს გააგზავნიდა საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, ავსტრალიასა და კანადაში და იქ დაასაქმებდა. ამ ინფორმაციით მოიზიდა მოქალაქეთა ჯგუფი, მოიპოვა მათი ნდობა და თაღლითური გზით, არაერთგზის მიითვისა თანხები, რითაც მათ მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
მანვე, ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითური გზით, სხვისი ნივთის (ფულადი სახსრების) არაერთგზის დაუფლების მიზნით, ლ. მ-ას სთხოვა, მისთვის მოეზიდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელთაც თავისი ფირმის მეშვეობით გააგზავნიდა ავსტრალიასა და კანადაში და დაასაქმდებდა. ლ. მ-ამ, თავის მხრივ, მოიზიდა კანადაში სამუშაოდ წასვლის მსურველთა ჯგუფი და 1998წ. სექტემბერში, კანადაში დასაქმების პირობით, გამოართვა შემდეგ მოქალაქეებს: მ. პ-ლს _ 2 800 აშშ დოლარი, ნ. მ-ეს _ 3 000 აშშ დოლარი, ნ. ჯ-ეს _ 2 600 აშშ დოლარი, ე. ბ-ვს _ 3 000 აშშ დოლარი, ვ. ძ-ლს _ 2 800 აშშ დოლარი, ზ. კ-ლს _ 3 000 აშშ დოლარი; სულ _ 17 200 აშშ დოლარი.
აღნიშნული თანხა ლ. მ-ამ გადასცა ი. ბ-ეს, რომელმაც მოტყუებით, თაღლითური გზით მიითვისა ეს თანხა, რითაც ზემოაღნიშნულ პირებს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილება ლ. მ-ას ეპიზოდში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ გაასაჩივრა დაზარალებულმა ლ. მ-ამ. მან კერძო სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმება იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის დადგენილებით დაზარალებულ ლ. მ-ას არასაპატიოდ ჩაეთვალა დადგენილების გასაჩივრების ვადის გაშვება.
აღნიშნული დადგენილება დაზარალებულმა ლ. მ-მ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში, ითხოვა მისი გაუქმება და გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 8 ივლისის განჩინებით, არ დააკმაყოფილა ლ. მ-ას კერძო სააპელაციო საჩივარი გაშვებული გასაჩივრების ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის შესახებ.
ლ. მ-ამ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით მან ითხოვა განჩინების გაუქმება და გაცდენილი სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2005წ. 13 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა დაზარალებულ ლ. მ-ას კერძო საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 8 ივლისის განჩინება სააპელაციო გასაჩივრების გაცდელი ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და ლ. მ-ას აღუდგინა გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა დაზარალებულ ლ. მ-ას კერძო სააპელაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილების გაუქმების შესახებ, თავისი 2006წ. 17 მარტის დადგენილებით დააკმაყოფილა იგი და გააუქმა რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება ი. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ბრალდების ნაწილში, კერძოდ, ლ. მ-ას მეშვეობით მ. პ-ის, ნ. მ-ის, ნ. ჯ-ის, ე. ბ-ის, ვ. ძ-სა და ზ. კ-ის მიმართ თაღლითობის ჩადენის ფაქტებზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად პროკურორისათვის საქმის დაბრუნების შესახებ და დადგენილება სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფის თაობაზე.
კასატორი _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. მ-ლი კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის დადგენილება არის უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო თავის დადგენილებაში უთითებს, რომ რაიონულ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაებრუნებინა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ასევე საქმიდან გამოეყო მასალები, რადგან ამის საშუალებას არ იძლევა სსსკ-ის 254-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის ცვლილება, რომელიც არ აძლევს სასამართლოს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფის უფლებას, ძალაში შევიდა 2005წ. 25 მარტის კანონით, ხოლო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა 2005წ. 8 თებერვალს, შესაბამისად, მისი ორივე დადგენილება გამოტანილია კანონიერად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი გ. მ-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის დადგენილების გაუქმებასა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილებების ძალაში დატოვებას.
დაზარალებული ლ. მ-ვა შესაგებელით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 17 მარტის დადგენილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. მ-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს. ამასთან, დააზუსტა მისი მოთხოვნა და იშუამდგომლა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება იმ მოტივით, რომ სსსკ-ის 254-ე მუხლის ცვლილება, რომელიც არ აძლევს სასამართლოს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფის უფლებას, ძალაში შევიდა 2005წ. 25 მარტის კანონით, ხოლო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა 2005წ. 8 თებერვალს, შესაბამისად, მისი ორივე დადგენილება გამოტანილია კანონიერად და ისინი სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა. ამასთან, პროკურორმა მიუთითა, რომ ლ. მ-ვა სააპელაციო წესით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს დადგენილებას საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა დადგენილება საქმიდან მასალების გამოყოფის თაობაზე.
დაზარალებულმა ლ. მ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს დღეს მოქმედი სსსკ-ის 452-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით საქმე დააბრუნოს დამატებითი გამოძიებისათვის, მათ შორის, იმ პირის მიმართაც, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და რომლისთვისაც ბრალდება არ წაუყენებიათ. სასამართლო ასევე არ არის უფლებამოსილი, აცნობოს პროკურორს გამოვლენილი ახალი ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
აღნიშნული საპროცესო ნორმა მოქმედებდა მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროსაც, რითიც სწორად იხელმძღვანელა სააპელაციო პალატამ, რადგან საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა კანონი და გამოიტანა დასაბუთებული დადგენილება, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის დადგენილებები ი. ბ-ის ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაბრუნებისა და სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოყოფის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.