გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 10.02.2004
საქმის ნომერი
2კ-75აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 75-აპ 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის _ ზ. რ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ კ. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განაჩენი არასრულწოვან ზ. რ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენით ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შეფარდებული სასჯელი _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით ორი წლის საგამოცდო ვადით. მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელ კ. რ-ეს დაზარალებულთა სასარგებლოდ დაეკისრათ 20000 ლარის გადახდა.

ზ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 21 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ მ. ---ეს კონფლიქტი მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ცოლ-ქმარ ლ. ა-სა და ზ. გ-სთან. კონფლიქტის მეორე დღეს მ. -ემ ჩაიდინა თვითმკვლელობა. დედის სიკვდილით აღელვებულმა ზ. რ-ემ გადაწყვიტა, დაეწვა გვანცელაძეების საცხოვრებელი სახლი. განზრახვის შესასრულებლად 24 დეკემბერს, დაახლოებით 3 საათზე, ის შეუმჩნევლად მივიდა გვანცელაძეების სახლთან, ირგვლივ მოასხა ბენზინი და წაუკიდა ცეცხლი, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა სახლი და მასში არსებული ნივთები. ზარალმა შეადგინა 20000 ლარი.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში იმ მოტივით, რომ გამოძიებასა და სასამართლოს არ დაუდგენიათ ზარალის ზუსტი ოდენობა; ამასთან, კასატორს მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს, გადაიხადოს მასზე დაკისრებული თანხა.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. რ-ემ, მსჯავრდებულმა ზ. რ-ემ და კასატორმა კ. რ-ემ ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულმა ზ. გ-ემ და პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზ. რ-ზე განაჩენით შერაცხული ბრალდება საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია და ამას სადავოდ არც ერთი მხარე არ მიიჩნევს. პალატა თვლის, რომ არასრულწლოვან ზ. რ-ის მიმართ განსაზღვრული პირობითი სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება განაჩენს დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს როგორც წარდგენილი სარჩელის არასრულყოფილად გამოკვლევის, ასევე _ საპროცესო დარღვევის გამო.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის _ ზ. რ-ის კანონიერ წარმომადგენელ კ. რ-ეს ისე დაეკისრა დაზარალებულისათვის ზარალის ანაზღაურება, რომ იგი არც გამომძიებლის და არც სასამართლოს მიერ ცნობილი არ ყოფილა სამოქალაქო მოპასუხედ, არ განმარტებია თავისი უფლება-მოვალეობანი და პროცესის არც ერთ სტადიაზე არ უსარგებლია ამ სტატუსით. ამასთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ არც გამომძიებელს და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს ოდნავადაც კი არ გამოუკვლევიათ დაზარალებულის მიერ წარდგენილი სარჩელის ოდენობის დასაბუთებულობა. სააპელაციო სასამართლო, მართალია, შეეცადა გამოეკვლია ეს საკითხი, მაგრამ ის სრულყოფილად მაინც არ არის შესწავლილი და დოკუმენტურად დასაბუთებული. ამდენად, ამ ნაწილში საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს არასრულწლოვან ზ. რ-ის ბრალდების საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის განაჩენები დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.