განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 09.03.2004
საქმის ნომერი
2კ-13კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 13-კოლ 9 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ა-ის, შ. მ-ისა და ადვოკატ თ. გ-ის, აგრეთვე დაზარალებულ თ. ჟ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც:

1. შ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებითY მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სამი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება სამი წლით.

2. ა. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლო კოლეგიამ განაჩენთან ერთად გამოიტანა დადგენილება დაზარალებულ თ. ჟ-ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების ქ. ქუთაისის პროკურორისათვის გადაგზავნის თაობაზე.

ადვოკატ თ. გ-ის, მსჯავრდებულების _ შ. მ-სა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მათი უდანაშაულობის მოტივით.

დაზარალებულ თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი ითხოვს როგორც განაჩენის, ასევე განჩინების გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამტრედიის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის შესაგებელი განაჩენს მიიჩნევს დასაბუთებულად და კანონიერად.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულია: 2001წ. 11 მაისს სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების სადგურ “---ის” პოლიციის სახაზო განყოფილების თანამშრომლები _ უფროსი ინსპექტორი შ. მ-ლი და ინსპექტორი ა. ა-ძე ასრულებდენენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 15 საათზე ისინი იმყოფებოდნენ ლანჩხუთის რაიონის სალიანდაგო დისტანცია ¹11-ის დირექტორ ი. კ-ის სამუშაო ოთახში, საიდანაც შენიშნეს, რომ სავაგონო პარკში რამდენიმე პირი თხრიდა მიწას ჯართის მოსაპოვებლად. შ. მ-ლი და ა. ა-ძე მაშინვე გავიდნენ ი. კ-ის სამუშაო ოთახიდან და დაედევნენ მოქალაქეებს, რომლებიც მათ დანახვაზე გაიქცნენ. ერთ-ერთი მათგანი _ თ. ჟ-ტი გაქცევის დროს წაიქცა. ამის გამო მას დაეწია ა. ა-ძე და იგი დააკავა. შ. მ-ლი კი სხვებს დაედევნა, მაგრამ მათი დაკავება ვერ შეძლო და მალე დაბრუნდა უკან. მის მოთხოვნაზე, დაესახელებინა გაქცეული პირების ვინაობა, თ. ჟ-მა უპასუხა, რომ იგი მარტო იყო და დანარჩენებს არ იცნობდა. ამით განაწყენებულმა შ. მ-მა ცემა დაუწყო მას სახესა და თავში, რის გამოც თ. ჟ-ტი წაიქცა. შ. მ-მა განაგრძო ფეხებით მისი ცემა გულმკერდსა და მუცელში. ამის შემდეგ შ. მ-მა და ა. ა-ემ ნაცემი თ. ჟ-ტი წარადგინეს ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით არ შეუდგენიათ სათანადო ოქმი. რაიმე სამართალდარღვევის ფაქტის რეგისტრირების გარეშე ისინი თ. ჟ-საგან ითხოვდნენ სავაგონო პარკში მყოფი სხვა პირების ვინაობის დასახლებას, რა დროსაც შ. მ-ლი განაგრძობდა მის ცემას. ხმაურზე პოლიციის ოთხაში შევიდა მოქალაქე მ. ი-ლი, რომლის თხოვნითაც შ. მ-მა და ა. ა-მ გაუშვეს თ. ჟ-ტი, რომელსაც ცემის შედეგად დაუზიანდა მარჯვენა თირკმელი და მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ თ. გ-მა და პ. ს-ამ, მსჯავრდებულებმა _ შ. მ-მა და ა. ა-ემ, აგრეთვე დაზარალებულმა თ. ჟ-მა ითხოვეს განაჩენისა და განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მათ არ უცემიათ დაზარალებული თ. ჟ-ტი, არ დაუკავებიათ იგი და არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

პროკურორმა ლ. ა-მა მხარი დაუჭირა განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ თ. გ-ა და მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, დაზარალებულ თ. ჟ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ შ. მ-ის საჩივრის მოთხოვნას უარი ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლო კოლეგიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა შ. მ-მა 2001წ. 11 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა უფლებამოსილებას, მოქალაქე თ. ჟ-ის მიმართ განახორციელა უკანონო ძალადობა, შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და ცემით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამ ნაწილში სასამართლო კოლეგიამ გამოკვლეულ მტკიცებულებებს (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნა) მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კანონიერად დაადგინა შ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე არის უსაფუძვლო. მათი მოთხოვნა ეყრდნობა მხოლოდ მოსაზრებებსა და იმ მასალებს, რომლებიც განაჩენის დამდგენმა სასამართლომ გამოიკვლია და სრულიად საფუძვლიანად არ ჩათვალა შ. მ-ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

პალატა თვლის, რომ განაჩენით დადასტურებული არ არის მსჯავრდებულ ა. ა-ის ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში.

დაზარალებულ თ. ჟ-ტს არც ერთ ჩვენებაში ა. ა-ძე არ უმხელია მის შეურაცხყოფასა და ცემაში. პირიქით, დადგენილია, რომ გაქცევის დროს წაქცეული თ. ჟ-ტი ფეხზე წამოაყენა ა. ა-ემ. თ. ჟ-ტს კი სცემა მათთან მისულმა შ. მ-მა და ის სწორედ შ. მ-მა წარადგინა პოლიციის ოთახში. აღნიშნულთან დაკავშირებით განაჩენში ხაზგასმით არის მითითებული: “ა. ა-ეს არ შეიძლება შეერაცხოს თ. ჟ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ვინაიდან მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია დაზარალებულის სხეულის დაზიანებაში და არც შ. მ-სათვის შეუწყვია რაიმე ფორმით ხელი განზრახვის განხორციელებაში. ამდენად, ა. ა-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს _ დაზარალებულ თ. ჟ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი “ (განაჩენი, მე-6 გვერდი).

საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ თანამდებობრივად ა. ა-ის უშუალო ხელმძღვანელი შ. მ-ლი იყო და დაზარალებული ამ უკანასკნელმა წარადგინა პოლიციის ოთახში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანამდებობრივად დაქვემდებარებულმა პირმა _ ა. ა-ემ ვერ აღკვეთა მისი ხელმძღვანელის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებად და ის არ სცილდება დისციპლინურ გადაცდომას. ამდენად, ა. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ა. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში. შ. მ-ის მიმართ განაჩენისა და თვით თ. ჟ-ის მიმართ დადგენილი განჩინების გაუქმების ნაწილში დაზარალებულის საჩივარს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიის განჩინების საფუძველზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს დაზარალებულ თ. ჟ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 564-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ა-სა და ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; მსჯავრდებულ შ. მ-ისა და ადვოკატ პ. ს-ს საკასაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს; დაზარალებულ თ. ჟ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ნოემბრის განაჩენი ა. ა-ის მიმართ გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. იგივე განაჩენი სხვა ნაწილში და იმავე თარიღის განჩინება თ. ჟ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.