საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 66-აპ 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის განაჩენით გ. შ-ლი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (1960წ. კოდექსი) და 176-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გ. შ-ის მიმართ, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი. მასვე სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა საალიმენტო დავალიანების დაფარვა 6 თვის ვადაში. გ.შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ ასევე სსკ-ის 176-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით, დღიური 2 ლარის ანგარიშით, სულ 200 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაზარალებულ რ.შ-ის სამოქალაქო სარჩელი; სარჩელი ფიზიკური ზიანის ანგარიშში 1.590 ლარის დაკისრების თაობაზე დარჩა ღიად.
განაჩენით გ.შ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. შ-ლი და რ. შ-ლი იყვნენ მეუღლეები, მაგრამ ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან და ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, რ. შ-ის ბინაში. მათ ხშირად მოსდიოდათ ოჯახური უსიამოვნება, რის გამოც ერთმანეთს გასცილდნენ, მაგრამ შემდეგ რ.შ-ლი კვლავ შეურიგდა და საცხოვრებლად მივიდა სოფ. ---ში, გ.შ-ის ოჯახში. გ.შ-სა და რ.შ-ლს 1995 წელს შეეძინათ ქალიშვილი _ ლ. შ-ლი.
1997წ. 29 მაისს გ.შ-მა სოფ. ---ში დაკრძალა და. მეორე დღეს, 30 მაისს, სუფრაზე დალია ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. საღამოს რ.შ-ლი, გ.შ-ლი და მათი ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ სახლში. დაახლოებით 24 საათზე რ.შ-მა გ.შ-ლს სთხოვა ლამპაში ნავთის ჩასხმა. ამ დროს მათთან შევიდა გ. შ-ის და, ნ. შ-ლი, რომელსაც ხელში ეჭირა ანთებული ლამპა. აღნიშნულის დანახვაზე რ.შ-მა უთხრა გ.შ-ლს, თუ ნ.შ-ლს ჰქონდა ნავთი, რატომ მათაც არ უნდა ჰქონოდათ. რ.შ-ის ნათქვამზე გ.შ-ლი განაწყენდა და განიზრახა, რ.შ-სთვის მიეყენებინა სხეულის დაზიანება. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ.შ-მა რ.შ-ლს დაუწყო ხელით ცემა, რითაც მას მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, თავის ტვინის შერყევა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით მოშლა.
გ.შ-თან გაცილების შემდეგ რ.შ-მა ალიმენტის დანიშვნის თაობაზე სარჩელით მიმართა თბილისის ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. 1999წ. 1 მარტის გადაწყვეტლებით გ.შ-ლს 1998წ. 3 დეკემბრიდან დაეკისრა ალიმენტის სახით მოსარჩელე რ.შ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა. მიუხედავად ამისა, გ.შ-ლი ჯიუტად არიდებდა თავს ალიმენტის გადახდას და არ იხდიდა შვილის საზრდოდ მასზე დაკისრებულ თანხას. დღიდან დაკისრებისა, გ.შ-ლს არ გადაუხდია არც ერთი თვის ალიმენტი. 1999წ. აგვისტოში მისი ქონების რეალიზაციის შედეგად სასამართლოს აღმასრულებლის მეშვეობით იძულებით გადახდევინებულ იქნა მხოლოდ 90 ლარი.
მსჯავრდებული გ.შ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვებას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ რ.შ-ის ცემისა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტი; ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ არის უმუშევარი, დაავადებულია ტუბერკულოზით, გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი ალიმენტის დავალიანების მოხსნისა და მისი შემცირების თაობაზე.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ.შ-მა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება და წარმოადგინა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის განჩინების ასლი სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, ალიმენტის დავალიანებისაგან და ალიმენტისგან განთავისუფლების თაობაზე.
დაზარალებული რ.შ-ლი შესაგებლით ითხოვს, რომ მსჯავრდებულ გ.შ-ლს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და თბილისის საოლქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პროკურორი ე.ქ-ვა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.შ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ.შ-ის მოთხოვნას საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რადგანაც თვლის, რომ აღნიშნული მიმართულია საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული საქმე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში იხილება 1998წ. ივნისის თვიდან.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ.შ-ის მიერ რ.შ-ის ცემისა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტი.
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ 1997წ. 30 მაისს რ.შ-ლს კონფლიქტი მოუხდა გ.შ-თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სხეულის დაზიანება. აღნიშნული დადასტურებულია როგორც დაზარალებულ რ.შ-ის, ასევე მოწმეების: ლ.ჩ-ის, ს.თ-ის, მ.ბ-ის, ნ.შ-ის, ნ.ტ-ის, ქ.კ-ის, ლ.გ-ას ჩვენებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც რ.შ-ლი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით თბილისის ¹1 მოზრდილთა პოლიკლინიკაში მკურნალობდა ამბულატორიულად 1997წ. 3 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. დასკვნის მიხედვით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდაა დადასტურებული გ.შ-ის მიერ ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება. თავად მსჯავრდებული გ.შ-იც ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან დღიდან ალიმენტის დაკისრებისა, მხოლოდ 90 ლარი გადაიხადა, ისიც იძულებით, ტრაქტორის გასხვისების ხარჯზე. გ.შ-ის მიერ ალიმენტის გადახდისგან ჯიუტად თავის არიდების ფაქტი დადასტურებულია ასევე დაზარალებულ რ.შ-ის ჩვენებით, სააღსრულებო ბიუროს კასპის რაიონის აღმასრულებელ კ.ხ-ის, კასპის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე კ.კ-ის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების: ნ.კ-სა და დ.მ-ს მოწმედ დაკითხვის ოქმებით, სააღსრულებო მასალებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა მსჯავრდებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზი არის მისი ავადმყოფობა და ეკონომიკური გაჭირვება. გ.შარმანაშვილი დაავადდა 2000 წლიდან, ხოლო ალიმენტის გადახდა დაკისრებული ჰქონდა 1998წ. 3 დეკემბრიდან და მას დაავადებამდეც არ გადაუხდია დაკისრებული თანხა; გააჩნია მიწის ნაკვეთი და ამუშავებს მას.
რაც შეეხება პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის განჩინების ასლს სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ გ.შ-ის ალიმენტის დავალიანებისაგან და ალიმენტისგან განთავისუფლების თაობაზე, აღნიშნული ამ ეტაპზე ვერ გახდება სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მსჯელობის საგანი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას გ.შ-ის ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან განთავისუფლების ან ალიმენტის გადახდის გადავადების თაობაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის შესაბამისად, აღნიშნული შეიძლება გახდეს გ.შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის შეცვლის საფუძველი საალიმენტო დავალიანების დაფარვის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით გ.შ-სთვის შერაცხული ბრალდებები მთლიანად დადასტურებულია, მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ისე მის პიროვნებას, რის გამოც განაჩენი გ.შ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენი გ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.