განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹200აპ თბილისი 3 ოქტომბერი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ GGგ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით გ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გ. გ-ს დაზარალებულ ლ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 3 200 (სამი ათას ორასი) ლარის გადახდა.
განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. საჩხერეში, ქ. ¹10- ში მცხოვრები გ. გ-ე გარკვეული დროის განმავლობაში ვაჭრობდა ქ. ფოთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარში, სადაც იგი რამდენჯერმე შეხვდა ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილაში მცხოვრებ ლ. ა-ს, რომელსაც აღნიშნულ ბაზარში სარეალიზაციოდ დაჰქონდა კარტოფილი. ლ. ა-ს მიერ ბაზარზე გასაყიდად მიტანილ პროდუქტს გ. გ-ე მისგან ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდა, რითაც დროთა განმავლობაში მოიპოვა ლ. ა-ს ნდობა. ამასთანავე, შეიტყო ლ. ა-ს საცხოვრებელი მისამართი.
2007 წლის დეკემბერში გ. გ-მ გადაწყვიტა ქ. ფოთიდან ახალციხის რაიონის სოფელ წ-ში ლ. ა-თან ჩასვლა და მისგან ნისიად კარტოფილის წაღება.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. გ-ე 2007 წლის 20 დეკემბერს ქ. ბათუმში, ქ. ¹13-ში მცხოვრებ რ. ბ-ის კუთვნილი, დაქირავებული სატვირთო ავტომანქანა „მერსედეს ბენცით“, სახელმწიფო ¹, ჩავიდა ახალციხის რაიონის სოფელ წ-ში, ლ. ა-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოტყუებით, თაღლითურად მიისაკუთრა ლ. ა-ის კუთვნილი 3200 (სამი ათას ორასი) ლარის ღირებულების კარტოფილი და მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 3200 (სამი ათას ორასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს დასწრების გარეშე, ვინაიდან იგი იყო ძებნილი. გივი გაბაძე დააკავეს 2010 წლის 29 ნოემბერს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹8 დაწესებულებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ.
იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მან თანხის ნაწილი, კერძოდ კი _ 1200 ლარი მალევე L გადაუხადა ლ. ა-ს. ხოლო ვინაიდან ფინანსური პრობლემები ჰქონდა, დაურეკა და შესთავაზა დარჩენილი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. აღნიშნული თანხის მითვისების მიზანი მას არ ჰქონია. კარტოფილის ნისიად წაღება კი თვითინ ლ. ა-მა შესთავაზა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან იგი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვიტას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოში და რითაც უტყუარადაა დადასტურებული გ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არც მსჯავრდებული გ. გ-ე უცვნიათ სამოქალაქო მოპასუხედ და არც დაზარალებული ლ. ა-ი _ სამოქალაქო მოსარჩელედ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ გ. გ-თვის დაზარალებულ ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრებინათ 3200 (სამი ათას ორასი) ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება არც გ. გ-ის სამოქალაქო მოპასუხედ და არც ლ. ა-ის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ გ. გ-თვის დაზარალებულ ლ. ა-ის სასარგებლოდ 3200 (სამი ათას ორასი) ლარის დაკისრების თაობაზე, ხოლო ლ. ა-ს უნდა დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის 331-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის ბრძანება ბრალდებულ გ. გ-ის საფოსტო გზავნილებზე ყადაღის დადებისა და ამოღებისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 331-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ გ. გ-თვის დაზარალებულ ლ. ა-ის სასარგებლოდ 3200 (სამი ათას ორასი) ლარის დაკისრების თაობაზე, ხოლო ლ. ა-ს დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის ბრძანება ბრალდებულ გ. გ-ის საფოსტო გზავნილებზე ყადაღის დადებისა და ამოღებისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.