საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.06.2005
საქმის ნომერი
2კ-41კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41-კოლ 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურისა და მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 21 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 21 იანვრის განაჩენით თ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავდ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა 100 ლარისდღიური ანაზღაურებით, დღიური 2 ლარის ოდენობით, სულ _ 200 ლარი. თ. ბ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კაონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წ. 13 სექტემბერს თ. ბ-ძე პ. ქ-სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კრწანისის რაიონში. დაახლოებით 22 საათზე მან გააჩერა ავტომანქანა “BA-2106”, რომელსაც არ უნათებდა უკანა საგაბარიტო მაშუქები და სახელმწიფო ნომრის მანათობელი, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას და სახდელად გათვალისწინებულია ჯარიმა 10-დან 15 ლარამდე. თ. ბ-ემ მძღოლ ა. დ-ლს განუმარტა გაჩერების მიზეზი და სახდელის ზომა. მძღოლმა სურვილი გამოთქვა, ჯარიმა ადგილზე გადაეხადა. თ. ბ-ემ მას გამოუწერა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ქვითარი “ ¹--”, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მძღოლს მხოლოდ 5 ლარი ჰქონდა. თ. ბ-ემ იმ საფუძვლით, რომ ქვითარი არ გაეფუჭებინა და პასუხი არ მოეთხოვათ, პირადი მოტივით ჩაასწორა თავის მიერ კანონიერად შედგენილი ქვითარი, კერძოდ, მან დარღვევის სახე _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ გადაასწორა ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილად _ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად, ხოლო ჯარიმის თანხა _ 15 ლარი გადაასწორა 5 ლარად, რის შედეგადაც ბიუჯეტში შესატანი 15 ლარის ნაცვლად მძღოლს გადაახდევინა 5 ლარი, მაშინ, როცა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი.

სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მისი ქმედება დააკვალიფიცირა სამსახურებრივ სიყალბედ.

კასატორი _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მსჯავრდებული არასწორად გაამართლა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. პროკურორის განმარტებით, მართალია, ზიანის ოდენობას წარმოადგენს 10 ლარი, მაგრამ მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი არსებითად დაირღვა.

მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ. გ-მა მხარი დაუჭირა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარს.

ადვოკატმა ნ. კ-ემ მხარი არ დაუჭირა პროკურატურის საკასაციო საჩივარს. მან მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა ქვითარში თანხის ოდენობა ჩაასწორა, მაგრამ ქვითარში ჩასწორების შეტანისას რაიმე ანგარებითი მოტივი და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.

პროკურორმა გ. გ-მა მხარი არ დაუჭირა ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეებს, პროკურორ გ. გ-ს, ადვოკატ ნ. კ-ეს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განმარტა სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნორმა და სწორად მიუთითა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. საქმის მასალების შესაბამისად, კერძოდ, მოწმეების _ ა. ქ-სა და ა. დ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას 10 ლარი ქრთამის სახით არ აუღია, არც სხვა რაიმე გამორჩენა მიუღია, ფაქტობრივად გააყალბა თავის მიერ კანონიერად შედგენილი ქვითარი, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის დარღვევაც რეალურად მოხდა, ჩაასწორა 125-ე მუხლის პირველ ნაწილად, ხოლო თავდაპირველად კანონიერად გამოწერილი ჯარიმის ოდენობა _ 15 ლარი გადააკეთა 5 ლარად, რომლის შესაბამისად, მძღოლს, რომელსაც უნდა გადაეხადა 15 ლარი, გადაიხადა მხოლოდ5 ლარი.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულს სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია. საქმის მასალების ერთობლიობით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ჯარიმის ქვითარში კანონიერად უჩვენა რეალურად მძღოლის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ქვითარშიც სწორად მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამის მუხლზე, კერძოდ, 119-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მაგრამ მან ქვითარში იქვე უსაფუძვლოდ შეიტანა ცვლილება და პირადი მოტივით, რომ ქვითრის გაფუჭებისათვის სამსახურში საყვედური არ მიეღო, მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე, რომლის დარღვევაც საერთოდ არ მომხდარა და, შესაბამისად, ჯარიმის თანხაც არასწორად შეამცირა.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 21 იანვრის განაჩენი თ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 21 იანვრის განაჩენი თ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.