საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.06.2005
საქმის ნომერი
2კ-134აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 134-აპ 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ა. ფ-სა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლის, ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთასააპელაციო პალატის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულისასამართლოს 2003 წ. 23 სექტემბრის განაჩენი ე. დ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 23 სექტემბრის განაჩენით ე. დ-ლს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 1 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. განაჩენით სამოქალაქო მოპასუხეს _ სააქციო საზოგადოება “---სს” დაზარალებულ პ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2037 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 5 სექტემბრის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენი ე. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ე. დ-ლს მსჯავრი დაედო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია პ. ა-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა შემდეგში: 1999 წ. 26 დეკემბერს ქვემო ფონიჭალაში ე. დ-ლი მართავდა სს “---ის” ავტომანქანა “ზილ-130”-ს. ვაგზლის ქუჩაზე სარკინიგზო ლიანდაგების მხრიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობისას მან დაარღვია “საგზაო უსაფრთხოების” შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ დაიცვა გვერდითი ინტერვალი, არ გაითვალისწინა საგზაო პირობები, საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში კი გააგრძელა მოძრაობა იმავე ზოლზე, რა დროსაც ავტომანქანის უკანა საბურავით წააქცია თანმხვედრი მიმართულებით მოსიარულე პ. ა-რი. მან ვერ შეამჩნია პ. ა-ისთვის მანქანის დაჯახება და გააგრძელა მოძრაობა. ამ მომენტში ძირს დაცემულ პ. ა-რს ქვედა კიდურზე გადაურა ავტომანქანის ნახევრად მისაბმელის უკანა, მარჯვენა საბურავმა. ავტომანქანის შეჯახების შედეგად პ. ა-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ფ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. ადვოკატი თვლის, რომ განაჩენი ემყარება ვარაუდებს, რიგ შემთხვევაში _ დაუშვებელ მტკიცებულებებს, დაინტერესებულ პირთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს და ა. შ.

საკასაციო საჩივრით სამოქალაქო მოპასუხე _ სს “---ის” წარმომადგენელი, ადვოკატი ი. ჩ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. მას მიაჩნია, რომ ე. დ-ლი უკანონოდ არის მსჯავრდებული და, შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხეს _ სს “---სს” დაზარალებულის სასარგებლოდ არასწორად აქვს დაკისრებული 2037 ლარის გადახდა.

შესაგებლით დაზარალებული პ. ა-რი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ა. ფ-ემ და ი. ჩ-ემ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ე. დ-ლი.

დაზარალებულმა პ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჩ-მა მოითხოვეს განაჩენის უცველად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ე. დ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულ ე. დ-ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება და თითქოს განაჩენი ემყარება ვარაუდებს, ასევე _ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამ მოსაზრების დამადასტურებელი მასალები საქმეში არ მოპოვება. პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ პ. ა-ის, მოწმეების _ რ. ა-სა და დ. უ-ის ჩვენებებით დადგენილია ე. დ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის პ. ა-სთვის შეჯახების ფაქტი.

კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ე. დ-მა დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზო სატრანსპორტო შემთხვევა და ქვეითად მოსიარულე პ. ა-სთვის ავტომანქანის დაჯახება. სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ დაზარალებულ პ. ა-რს მიღებული აქვს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენი როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის, ასევე სასჯელისა და სააქციო საზოგადოება “ა-ისათვის” დაზარალებულ პ. ა-ის სასარგებლოდ 2037 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენი ე. დ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, საკასაციო საჩივრები კი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე,568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 7 თებერვლის განაჩენი ე. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.