საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.04.2005
საქმის ნომერი
2კ-12-I-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12I 28 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს .სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ისა და ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ თ. ო-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 თებერვლის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 თებერვლის განჩინებით თ. მ-სა და კ. ბ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას.

საბრალდებო დასკვნით, თ. მ-ეს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “დ”, “ვ” პუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

კ. ბ-ეს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებითა და 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

საბრალდებო დასკვნით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004წ. 26 იანვარს ხარაგაულის რაიონის სოფ. ---ში კ. ბ-ძე და თ. მ-ძე შემთხვევით შეხვდნენ ნაცნობს, ქ. თბილისიდან ჩასულ, აწ გარდაცვლილ დ. ა-ნს, რომელიც აპირებდა, მოსახლეობისაგან შეშა შეესყიდა და შემდეგ თბილისში გაეყიდა. მათ ერთად ისადილეს. იმავე საღამოს ისინი, სხვა პირებთან ერთად, კვლავ შეიკრიბნენ სავახშმოდ სოფ. --- სახერხის საგუშაგო ოთახში. კ. ბ-ძე, რომელმაც იცოდა, რომ დ. ა-ნს თან ჰქონდა სოლიდური თანხა, შეუთანხმდა თ. მ-ეს, რომ ძარცვის გზით წაერთმიათ მისთვის ფული. ამ შეთანხმების შემდეგ კ. ბ-ემ განაცხადა, რომ მიდიოდა სახლში და დატოვა საგუშაგო, თუმცა სახლში არ წასულა. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი სახერხის ტერიტორიაზე ჩაუსაფრდა და დაელოდა საგუშაგო ჯიხურიდან თ. მ-სა და დ. ა-ის გამოსვლას. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ თ. მ-ძე და დ. ა-ნი გავიდნენ საგუშაგოდან და მიუახლოვდნენ კ. ბ-ის ჩასაფრების ადგილს. კ. ბ-ემ ზურგის არეში დარტმით, რაც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის, სცადა დ. ა-ის წაქცევა, მაგრამ დ. ა-ნი არ დაეცა. იგი გადავარდა გზიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით. კ. ბ-ძე და თ. მ-ძე მივიდნენ მისი სავარაუდო დაცემის ადგილას, მაგრამ დ. ა-ნი იქ აღარ დახვდათ, რის გამოც ვერ განახორციელეს თავიანთი განზრახვა. ამის შემდეგ კ. ბ-ემ მიატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო თ. მ-ემ დაინახა საავტომობილო გზაზე მიმავალი დ. ა-ნი და განიზრახა, ფულის წართმევის მიზნით, ყაჩაღურად დასხმოდა თავს. იგი დაედევნა დ. ა-ნს, დაეწია დაახლოებით 250 მეტრის გავლის შემდეგ და მდ. ---ს ნაპირზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, თავის არეში დაახლოებით 48X26X30 სმ ზომის ქვის ჩარტყმით წააქცია დ. ა-ნი და დაეუფლა მის ფულს _ 489 ლარს. ამის შემდეგ თ. მ-ემ განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის _ ყაჩაღობის _ დაფარვის მიზნით განიზრახა მისი მოკვლა. მან უმწეო მდგომარეობაში მყოფ დ. ა-ნს თავის არეში დაახლოებით 40X35X26 სმ ზომის ქვის ჩარტყმით მიაყენა შუბლის ძვლის მარცხენა მიდამოს ღია დამსხვრეული მოტეხილობა ტვინის ქსოვილის დაზიანებით, ასევე, ცხვირის, თხემის ძვლების ნამსხვრევი, დახურული მოტეხილობა, რაც წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებას. აღნიშნული დაზიანების მიყენების შემდეგ დ. ა-ნი ადგილზევე გარდაიცვალა.

მეორე დღეს, 24 იანვარს, დილით, თ. მ-ძე მივიდა კ. ბ-სთან სახლში და უთხრა, რომ მოკლა დ. ა-ნი და დაეუფლა მის ფულს _ 489 ლარს. კ. ბ-ემ გააფრთხილა იგი, რომ მომხდარი არ გაეხმაურებინა და ფული დაემალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 თებერვლის განჩინებით კ. ბ-სა და თ. მ-ის საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნდა იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო აწ გარდაცვლილ დ. ა-ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზა დაინიშნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, რაც, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია.

პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დადგინდა, რომ განსასჯელ თ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ-ძე არის საქმის გამომძიებლის _ თ. ო-ის ქორწინების მოწმე და ახლო მეგობარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა როგორც გამომძიებლის, ასევე, ადვოკატის აცილების საფუძველს და, საპროცეო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია თ. მ-ის ბრალდებულის სახით დაკითხვის 2004წ. 23 აპრილის ოქმი, განსასჯელების _ თ. მ-ისა და ბ-ის დაპირისპირების 2004წ. 4 თებერვლის ოქმი, ბრალდებულ თ. მ-ს 2003წ. 5 თებერვლის დაკითხვის ოქმი, ამავე რიცხვში შედგენილი ბრალდებულ თ. მ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი, ბრალდებულ თ. მ-ის 2003წ. 12 თებერვლის დამატებითი დაკითხვის ოქმი, ბრალდებულ მუმლაძისა და მოწმე ა. გ-ის დაპირისპირების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გაცნობის ოქმი, საქმის მასალების გასაცნობად წარდგენის შესახებ ოქმი. ამრიგად, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული ყველა ის ძირითადი მტკიცებულება, რასაც ემყარებოდა სახელმწიფიო ბრალდება.

აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, რა დროსაც უნდა შეიკრიბოს ახალი მტკიცებულებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ვინაიდან სასამართლო გამოძიების პროცესში ამ ხარვეზის შევსება შეუძლებელია.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა-ლი ითხოვს კ. ბ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას, ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ ყველა ძირითადი მტკიცებულება, რასაც ემყარებოდა საბრალდებო დასკვნა, ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად და სასამართლოს კ. ბ-ის მიმართ უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

ზესტაფონის რაიონის პროკურორის თანაშემწე თ. ო-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომლებშიც მონაწილეობდა ი. თ-ძე, რადგან ის ფაქტი, რომ ი. თ-ძე არის მისი ქორწინების მოწმე, არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ იგი მასთან ახლო ურთიერთობაშია და თუნდაც ასე ყოფილიყო, ის ასრულებდა ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებას და მითითებას, თანახმად საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლისა. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

პროკურორმა ლ. ქ-მა მხარი დაუჭირა ზესტაფონის რაიონის პროკურორის თანაშემწე თ. ო-ის საკასაციო საჩივარს იმავე მოტივებით. პროკურორმა ლ. ქეშელაშვილმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარს.

დაზარალებულმა ქ. ა-მა მხარი დაუჭირა ზესტაფონის რაიონის პროკურორის თანაშემწე თ. ო-ის კერძო საკასაციო საჩივრს, მან მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარს.

მსჯავრდებულების _ კ. ბ-სა და თ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. ხ-ამ და მ. ყ-მა მხარი არ დაუჭირეს პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა ბრალდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. ხ-ას, ბრალდებულ თ. მ-ის ადვოკატ მ. ყ-ლს, პროკურორ ლ. ქ-ლს, დაზარალებულ ქ. ა-ნს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურატურის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად ცნო დაუშვებელად ის მტკიცებულებები, რომლებიც მოიპოვა გამომძიებელმა თ. ო-ემ. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბრალდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ-ძე არის საქმის გამომძიებლის _ თ. ო-ის ქორწინების მოწმე და ახლო მეგობარი და, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტების საფუძველზე, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ არსებობდა გამომძიებელ თ. ო-ის გამოძიების პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება და, შესაბამისად, კანონიერად ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად გამომძიებელ თ. ო-ის მიერ წარმოებული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული ყველა მტკიცებულება. პალატა თვლის, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, რა დროსაც უნდა შეიკრიბოს ახალი მტკიცებულებები, ვინაიდან სასამართლო გამოძიების პროცესში ამ ხარვეზის შევსება შეუძლებელია.

მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 14 თებერვლის განჩინება თ. მ-სა და კ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 14 თებერვლის განჩინება თ. მ-ისა და კ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.