საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.09.2005
საქმის ნომერი
2კ-131კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 131-კოლ 22 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი U

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. გაბრიჩიძე,ი. ტყეშელაშვილი

განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის _ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი და მსჯავრდებულ თ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ქ-ის შესაგებელი აჭარის ა/რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 30 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 30 მაისის განაჩენით თ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით თ. ფ-ეს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მძიმე ავადმყოფობის გამო, განაჩენის აღსრულება გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ფ-ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, კერძოდ: 2004წ. 11 სექტემბერს, 20 საათსა და 15 წუთზე, ქ. ბათუმში, --- სახლთან მდებარე მაღაზიის შენობაში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აჭარის ა/რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადაუდებელ შემთხვევაში თ. ფარტენაძეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს 9,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”.

იმავე დღეს, 21 საათსა და 45 წუთზე, იმავე სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს თ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ბათუმში, ---, ბინა ¹51-ში, ჩხრეკა, რა დროსაც საპირფარეშო ოთახში, სარეცხი ფხვნილის ყუთში, აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა 2,375 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”; სულ თ. ფ-საგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 11,705 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”.

განაჩენით ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღნიშნული დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა სასამართლო კოლეგიის სხდომაზე დაკითხული ექსპერტების _ მ. კ-ისა და ზ. ა-ის მიერ გაკეთებული დასკვნისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 2005წ. 17 მაისის ¹-- ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, რომელთა შესაბამისადაც: “თ. ფ-ძე დღეისათვის დაავადებულია შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმით, ინსულინდამოკიდებული, ხშირად _ დეკომპენსირებული, დიაბეტური ჰეპაზოზი, დიაბეტური ნევროპათია, დიაბეტური ენცელოპათია, დიაბეტური ნეიროანგიოპათია, სიმსუქნე _ მესამე ხარისხის, გულის უკმარისობა _ მეორე ხარისხის, ჰიპერტონიული დაავადება _ მე-2 სტადიის, ცერებრალური კარდიალური ფორმა კრიზებით; თავის ტვინში, მარჯვენა შიდა საძილე არტერიის აუზში, სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა”.

ამავე დასკვნის შესაბამისად, თ. ფ-ის დაავადება _ შაქრიანი დიაბეტი _ ინსულინდამოკიდებული, მძიმე ფორმა, ხშირად დეკომპენსირებული, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა _ გარდამავალი ტიპის, მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის აუზში, ჰიპერტონიული დაავადება და ცერებრალური კარდიალური ფორმა კრიზებით მიეკუთვნება დაავადებათა მძიმე კატეგორიას და თ. ფ-ს ყოფნა თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია, ვინაიდან მოსალოდნელია გართულება როგორც შაქრიანი დიაბეტის კომის სახით, ასევე თავის ტვინში განმეორებითი სისხლის მიმოქცევის დარღვევით _ სისხლჩაქცევით, რასაც შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგი.

ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნის თანახმად, თ. ფ-ის დაავადებები შედის იმ მძიმე და განსაკუთრებულ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტში ბრძანება ¹--წ და 2004წ. 11 მარტის ბრძანება ¹--წ.).

ბათუმის რაიონული პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. ფ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ. ფ-ეს უსაფუძვლოდ გადაუვადა განაჩენის აღსრულება მძიმე ავადმყოფობის გამო. კასატორის განმარტებით, ერთი და იმავე საექსპერტო დაწესებულებაში გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნები ეჭვს ჰბადებს მათ კანონიერებაზე. კასატორის განმარტებით, სასამართლოს განაჩენის აღსრულება არ უნდა გადაევადებინა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე. კასატორის მითითებით, თ. ფ-ის მძიმე ავადმყოფობით დაავადების საკითხი უნდა გადაეწყვიტა იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამედიცინო სამსახურს.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ, მართალია, მას ეჭვი არ შეაქვს ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში, მაგრამ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის მხედველობაში მიღებით, განაჩენის აღსრულება უკანონოდ იქნა გადავადებული.

მსჯავრდებულ თ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ქ-ძე შესაგებლით ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 30 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

მსჯავრდებულ თ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-ამ სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის _ თ. მ-ის საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების მიერ გაკეთებული და ასევე საქმეში არსებული ორი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ნ. ნ-ეს, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ი. ა-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებობს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 2004წ. 20 ოქტომბრის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “--- ბიუროს” აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 2005წ. 17 მაისის ¹-- ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შესაბამისადაც, თ. ფ-ძე დღეისათვის დაავადებულია შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმით, ინსულინდამოკიდებული, ხშირად დეკომპენსირებული, დიაბეტური ჰეპაზოზი, დიაბეტური ნევროპათია, დიაბეტური ენცელოპათია, დიაბეტური ნეიროანგიოპათია, სიმსუქნე _ მესამე ხარისხის, გულის უკმარისობა _ მეორე ხარისხის, ჰიპერტონიული დაავადება _ მე-2 სტადიის, ცერებრალური კარდიალური ფორმა კრიზებით, თავის ტვინში, მარჯვენა შიდა საძილე არტერიის აუზში, სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა.

ამავე დასკვნის შესაბამისად, თ. ფ-ის დაავადება _ შაქრიანი დიაბეტი ინსულინდამოკიდებული, მძიმე ფორმა, ხშირად დეკომპენსირებული, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა გარდამავალი ტიპის, მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის აუზში, ჰიპერტონიული დაავადება და ცერებრალური კარდიალური ფორმა კრიზებით მიეკუთვნება დაავადებათა მძიმე კატეგორიას; ამავე დასკვნის შესაბამისად, თ. ფ-ის ყოფნა თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია, ვინაიდან მოსალოდნელია გართულება, როგორც შაქრიანი დიაბეტის კომის სახით, ასევე თავის ტვინში განმეორებითი სისხლის მიმოქცევის დარღვევით _ სისხლჩაქცევით, რასაც შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგი.

ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნის თანახმად, თ. ფ-ის დაავადებები შედის იმ მძიმე და განსაკუთრებულ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ბრძანება ¹--წ და 2004წ. 11 მარტის ბრძანება ¹--წ.), კერძოდ: ბრძანების მე-4 მუხლი–ენდოკრინოლოგიური სისტემის დაავადებები პირველი ტიპის, შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული მძიმე ფორმა), მუხლი მე-7 _ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, პუნქტი ზ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალტა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე თ. ფ-ეს სწორად გადაუვადა განაჩენის აღსრულება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე, 607-ე მუხლებით, სსკ-ის 74-ე და 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის _ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 30 მაისის განაჩენი თ. ფ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.