შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 52-აპ 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განაჩენში ა. შ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განაჩენით ა. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ა. შ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით ა. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 17 ოქტომბერს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, ა/მანქანა “ვაზ-2106”, რომელსაც მართავდა მთვრალი მძღოლი ა. შ., მოძრაობდა გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროს მთვრალმა ა. შ-მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რაც აშკარად არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 20.9 და 29.1 მუხლების მოთხოვნებს და შეეჯახა ა/მანქანა “ფორდ-სიერას”, რის შედეგადაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო “ფორდ-სიერას” მძღოლმა ი. ხ-მ, ხოლო ა/მანქანა “ვაზ-2106-ის” მგზავრი შ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.
მსჯავრდებული ა. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ჯ-მ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით შერაცხულ ბრალდებაში ა. შ-ს ბრალეულობა მთლიანადაა დადასტურებული და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ა. შ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულებს აღმოუჩინა მატერიალური დახმარება და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რათა კვლავ გააგრძელოს მათთვის დახმარება; მას შეგნებული აქვს ამ ქმედების სიმძიმე, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე და ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ა. შ-ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობლები, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი და იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს:
მსჯავრდებულ ა. შ-ს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.