საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 360-აპ 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ც. მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჩადენის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, რისთვისაც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით მ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 12 თებერვალს, დაახლოებით 14 საათზე, იგი იმყოფებოდა ქ. სამტრედიაში, ... ქუჩაზე. მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეახვია გაზეთში და შეინახა შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში, რის შემდეგაც პირად საქმესთან დაკავშირებით წავიდა ქ. სამტრედიაში. შპს “არგოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას მასთან მივიდნენ სამტრედიის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მათ მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მ. ც-ს შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, წონით 7,3 გრამი, რითაც იგი მხილებულ იქნა ჩადენილ დანაშაულში.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა მ. ც-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საჩივრით იგი ითხოვდა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა რა მისი საჩივარი, უცვლელად დატოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მ. ც-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ც-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მისი ბრალდების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადამოწმებასა და მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დანაშაული, რომლის ჩადენაც მას ბრალად შეერაცხა, პროვოცირებული იყო მის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რის გამოც მისი ბრალდების საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა მ. ც-მ და მისმა დამცველმა ზ. ბ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული მოთხოვნის სახით აყენებენ საკითხს სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა პ. ხ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განხილული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ იმ ჩვენებებით, რომლებიც წინასწარი გამოძიებისას და საქმის სასამართლო განხილვის დროს მისცა მსჯავრდებულმა, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებითა და სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სავსებით დადასტურებულია მ. ც-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის მიმართ ნარკოტიკული დანაშაულის პროვოცირებას, რომ მათ იგი შეცდომაში შეიყვანეს და ამიტომ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, დადასტურებას ვერ პოულობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულებებით და მოკლებულია დამაჯერებლობას, რის გამოც პალატა მათ ვერ გაიზიარებს. ამრიგად, პალატის აზრით, მ. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ დანაშაულის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობა საფუძვლიანი და დასაბუთებულია.
ამავე დროს, პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:
მ. ც-ს სასამართლოში საქმის განხილვისას არ უარუყვია ის, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება; “მარიხუანა”, რომელიც მისგან იქნა ამოღებული, არ წარმოადგენს ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებას და, ამდენად, არ არის მომეტებული საფრთხის შემცველი; ნარკოტიკული საშუალება მას შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის, ამასთან, ისეთი მცირე ოდენობით, რომელიც ახლოსაა იმ მინიმალურ ზღვართან, საიდანაც იწყება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;Kმ. ც-ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო მისი ოჯახი ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პალატა თვლის, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები, ერთობლიობაში აღებულნი, სავსებით შეესაბამებიან საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულ მ. ც-ს შეიძლება შეუმსუბუქდეს სასჯელი კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარს ქვემოთ.
რაიონულმა სასამართლომ მ. ც-ს მიერ ჩადენილ ქმედებას მიანიჭა საშიში რეციდივის კვალიფიკაცია, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მისთვის სასჯელის უდაბლეს ზღვარს წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 8 თვის ვადით, ამიტომ მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში სასჯელი უნდა დაინიშნოს აღნიშნულ ზღვარს ქვემოთ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. ც-ს სასიკეთოდ, კერძოდ, მას უნდა შეუმცირდეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. ც-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს 2 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.