საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.12.2005
საქმის ნომერი
2კ-388აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 388-აპ 28 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის განაჩენში ვ. ფ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის განაჩენით ვ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ვ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ვ. ფ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. ფ-მ 2001წ. შემოდგომაზე განიზრახა, სხვადასხვა მოქალაქისაგან მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითური გზით ქონებრივი გამორჩენის მიღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან იმავე პერიოდში გაიცნო წარსულში ტურისტული სააგენტო “ელადას” თანამშრომელი ს. პ., რომელსაც შესთავაზა, რომ მოეძებნა საბერძნეთში გამგზავრების მსურველები, რომლებსაც გარკვეული ფულადი ანაზღაურების საფასურად საბერძნეთის საკონსულოში მომუშავე ვინმე “მადლენას” დახმარებით გაუკეთებდა საბერძნეთში გასამგზავრებელ ვიზებს, ხოლო ს. პ-ს გადაუხდიდა 50 აშშ დოლარს მის მიერ მოძიებულ, გამგზავრების თითოეულ მსურველში. აღნიშნულზე ს. პ. დათანხმდა და 2001წ. ნოემბრიდან 2002წ. იანვრამდე მასთან დააკავშირა სხვადასხვა პიროვნება, რომელთაგანაც ვ. ფ-მ მიითვისა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. კერძოდ: მან 2001წ. 20 ნოემბერს ს. პ-ს საშუალებით გაიცნო თ. ვ., რომელსაც მოატყუა, რომ იცნობდა საბერძნეთის საკონსულოში მომუშავე ვინმე “მადლენას”, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო საბერძნეთის ვიზის გაკეთება, რითაც მოიპოვა თ. ვ-ს ნდობა და შეჰპირდა, რომ 2850 აშშ დოლარის საფასურად გაუკეთებდა საბერძნეთში გასამგზავრებელ ვიზას 2 ბავშვთან ერთად. თ. ვ-მ განაცხადა თანხმობა და იმავე დღეს ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მან თ. ვ-ს გამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და 2000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 4302 ლარს. მოგვიანებით, 2001წ. 21 დეკემბერს, მან თ. ვეკუას ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოართვა 850 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 1810,5 ლარს, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა, სისტემატურად ატყუებდა თ. ვ-ს, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა ვიზირებულ პასპორტს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თ. ვეკუასაგან აღებული თანხა _ 6112,5 ლარის ოდენობით და ისე, რომ დანაპირები არ შეუსრულებია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია, მიიმალა. აღნიშნულით მან თ. ვეკუას მიაყენა 6112,5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე წლის 4 დეკემბერს ს. პოპოვას საშუალებით მან ქ. თბილისში, ლილოს დასახლება, მე-2 კვარტალი, მე-8 კორპუსი, ოთახი ¹54-ში გაიცნო ლ. ბ., რომელსაც მოატყუა, რომ იცნობდა საბერძნეთის საკონსულოში მომუშავე ვინმე “მადლენას”, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო საბერძნეთში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთება, რითაც მოიპოვა ლ. ბ-ს ნდობა და შეჰპირდა, რომ 2000 აშშ დოლარის საფასურად გაუკეთებდა საბერძნეთის ვიზას. ამასთან, ლ. ბურდულს თანხის ნახევარი უნდა გადაეცა წინასწარ, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა მიეცა მას შემდეგ, როცა მიიღებდა ვიზირებულ პასპორტს. თანხმობის მიღების შემდეგ, მან იმავე დღეს, იმავე ბინაში, ლ. ბ-ს გამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და 1000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 2139,5 ლარს, ხოლო 2001წ. 15 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ლ. ბ. დაარწმუნა, რომ საბუთები გამზადდებოდა უმოკლეს ვადაში, იმავე ბინაში გამოართვა დარჩენილი თანხა _ 1000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 2179,9 ლარს, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა, ლ. ბ-ს სისტემატურად ატყუებდა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა ვიზირებულ პასპორტს. ვ. ფ-მ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ლ. ბურდულისაგან აღებული თანხა და ისე, რომ ეს ფულადი თანხა არ დაუბრუნებია, მიიმალა, რითაც ლ. ბ-ს მიაყენა 4319,4 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. 2002წ. 7 იანვარს მან ქ. თბილისში, ქიქოძის ქ. ¹13-ში გაიცნო ც. მ., რომელსაც მოატყუა, რომ იცნობდა საბერძნეთის საკონსულოში მომუშავე ვინმე “მადლენას”, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო საბერძნეთში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთება, რითაც მოიპოვა ც. მ-ს ნდობა და შეჰპირდა, რომ 2000 აშშ დოლარის საფასურად გაუკეთებდა საბერძნეთის ვიზას. ამასთან, ც. მ-ს თანხის ნახევარი უნდა გადაეცა წინასწარ, ხოლო დარჩენილი თანხა კი _ მაშინ, როცა მიიღებდა ვიზირებულ პასპორტს. თანხმობის მიღების შემდეგ, მან იმავე დღეს, იმავე ბინაში ც. მ-ს გამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და 1000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 2165 ლარს, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ც. მ-ს სისტემატურად ატყუებდა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა ვიზირებულ პასპორტს. მან თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ც. მ-საგან აღებული თანხა _ 2165 ლარის ოდენობით და ისე, რომ დანაპირები არ შეუსრულებია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია, მიიმალა, რითაც ც. მ-ს მიაყენა 2165 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მოპოვებული ჰქონდა რა ს. პ-ს ნდობა, რომელმაც თ. ვ., ლ. ბ. და ც. მ. დააკავშირა მასთან, ბოროტად გამოიყენა ს. პ-ს ნდობა და 2002წ. 14 თებერვალს მოატყუა იგი, ვითომდა ვიზირებული პასპორტების საკონსულოდან გამოსატანად საჭირო იყო დამატებითი თანხა, რის გამოც მან იმავე დღეს, ქ. თბილისში, ლილოს დასახლება პირველ მიკრორაიონში, მე-11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ს. პ-ს გამოართვა 2000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 4430 ლარს. შეჰპირდა, რომ უმოკლეს ვადაში საბერძნეთში გამგზავრების მსურველები მიიღებდნენ ვიზირებულ პასპორტებს, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა, ფულადი თანხა მიითვისა და მეორე დღესვე მიიმალა, რის გამოც, ვინაიდან გარიგებაში მასა და საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შორის შუამავლის როლს თამაშობდა, ს. პ-ს მისი თაღლითური მოქმედების გამო მოუწია დაზარალებულებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება და ს. პ-მ 2002წ. 28 მარტს ხ. ბ-ს დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხა _ 2000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 4430 ლარს; 2002წ. 3 აპრილს თ. ვ-ს დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი _ 500 აშშ დოლარი, რაც იმ დროს შეადგენდა 1110 ლარს, ხოლო 2002წ. 15 ოქტომბერს დამატებით _ 500 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 1083,5 ლარს. 2002წ. 5 ნოემბერს ც. მ-ს დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი _ 400 აშშ დოლარი, რაც იმ დროს შეადგენდა 868,4 ლარს. 2002წ. 19 ნოემბერს ლ. ბ-ს დედას ც. ჯ-ს დაუბრუნა ლ. ბ-ს მიერ გადახდილი მთლიანი თანხა _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 4360 ლარს. ამდენად, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ს. პ-ს მიადგა 16281,9 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, დიდი ოდენობით. ამრიგად, თავისი ქმედებით ვ. ფ-მ 2001წ. ნოემბრიდან 2002წ. თებერვლამდე თ. ვ-ს, ლ. ბ-ს, ც. მ-სა და ს. პ-ს მიაყენა 28878 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, დიდი ოდენობით.

მსჯავრდებული ვ. ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა მხარი დაუჭირა ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარს და ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატის სხდომაზე დაზარალებულ ს. პ.-ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-მ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ზ. გ-მ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს დაზარალებულების _ ს. პ-ს, ლ. ბ-ს, თ. ლ-ს, თ. მ-ს, თ. ვ-ს, ც. მ-ს, ს. მ-სა და სხვათა ჩვენებებით, წარმოდგენის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ვ. ფ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და სამართლიანია. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლოს მიერ სრულად არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებანი, რის გამოც დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია. საქმის ერთობლივი მასალები ნათლად და უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის თაღლითურ ქმედებებს, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სასამართლო ორგანოებმა.

ამდენად, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს უსაფუძვლოდ, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენი ვ. ფ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.