საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 122-აპ 31 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ო. ბ., _ დაბადებული ..... წელს, აზერბაიჯანელი, საშუალო განათლებით, უცოლო, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯლაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ო. ბ. სასჯელს იხდის 2004წ. 12 ივლისიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 დეკემბრის განაჩენითY ო. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე დაეკისრა დაზარალებულ გ. ყვავაძის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ო. ბ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მთვრალმა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამიხატა შემდეგში:
2004წ. 12 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, მთვრალი ო. ბ. მართავდა ხ. ჭ-ს კუთვნილ ავტომანქანა “გაზ-013”-ს და დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, კინო “საქართველოს” მხრიდან ავტოსადგურ ნაძალადევის მიმართულებით. ¹309 სახლთან მიახლოებისას ო. ბ-მა დაარღვია “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, საფრთხის წარმოქმნისას დროულად არ მიიღო შესაბამისი ზომები სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე, რის გამოც დაეჯახა სავალ ნაწილზე ბორდიურის პარალელურად მოძრავ ფეხით მოსიარულე მ. მ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ო. ბ. ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ორი ინვალიდი ძმა და მცირეწლოვანი და, რომელთა ერთდაერთი მარჩენალი თვითონაა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ტ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მ. კ-მ კანონიერად მიიჩნია ო. ბ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ო. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია, რასაც იგი სადავოდ არ ხდის საკასაციო საჩივრითაც.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ ო. ბ-ს სასჯელი დაუნიშნა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმისა და საჩივარში სწორედ მის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით. ამდენად, იგი არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის
მოთხოვნას ო. ბაბაევის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 თებერვლის განაჩენი ო. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.