საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.07.2005
საქმის ნომერი
2კ-211აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 211-აპ 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განაჩენით ნ. დ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რითაც შპს „ბავშვთა სავანეს“ _ მახინჯაურის სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს დაევალა მსჯავრდებულ ნ. დ-ს შვილებზე _ თ. და დ. გ-ებზე მზრუნველობის დაწესება.

განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ნ. დ-მ ჩაიდინა ახალშობილის განზრახ მკვლელობა, უმალვე, მშობიარობის შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 9 ოქტომბერს, დღის საათებში, ნ. დ-ს დაეწყო რა მუცლის ტკივილი, გავიდა იქვე, შავი ზღვის სანაპიროზე, მახინჯაურის ტერიტორიაზე, სადაც იმშობიარა და გააჩინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის არეში დაუდგენელი ბლაგვი საგნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება _ თავის ტვინის დახურული ტრავმა სისხლჩაქცევებით, შეშუპებითა და ზეწოლით. ახალშობილი ადგილზევე გარდაიცვალა. მისი გვამი აღმოაჩინეს 2004წ. 13 ოქტომბერს.

აღნიშნული განაჩენი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 6 აპრილის განაჩენით უცვლელად დატოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. დ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით. იგი მიუთითებს, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, რომ მას კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც მეტი აღმზრდელი არა ჰყავთ, რადგან მისმა მეუღლემ მომხდარი ფაქტის შემდეგ ისინი მიატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხიზანიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა რ. ს-მა კანონიერად მიიჩნია ნ. დ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ნ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას; მსჯავრდებულის წარსული არაფრით არაა შებღალული, ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც სხვა აღმზრდელი არა ჰყავთ; აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული.

საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. დ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 63-64-ე მუხლები და განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო საგამოცდო ვადის დაწესებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ ნ. დ-ს შეფარდებული სასჯელი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

მსჯავრდებულ ნ. დ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.