განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.12.2005
საქმის ნომერი
2კ-421დად.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 421-დად 14 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განაჩენით ზ. ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ერთიწ. გამოსაცდელი ვადით.

2004წ. 26 ივლისს იუსტიციის სამინისტროს კახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს ზ. ბ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ. ასეთი მოთხოვნის საფუძვლად წარდგინებაში მითითებულია, რომ “ზ. ბ. არ ცხადდება პრობაციის ბიუროში და ჯიუტად თავს არიდებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა შესრულებას".

სასამართლომ დააკმაყოფილა წარდგინების მოთხოვნა, გააუქმა ზ. ბ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და მიიღო დადგენილება დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას და პირობითი მსჯავრის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პრობაციის ბიუროს უფროსმა მ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორმა ს. ო-მა იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულის საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ “მსჯავრდებული ზ. ბ. 2004წ. 2 თებერვალს გაეცნო რა პრობაციონერის უფლება-მოვალეობებს, იგი არ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში და ჯიუტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას".

“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" კანონის მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად. მსჯავრდებულისათვის ამ უფლება-მოვალეობის გაცნობის შესახებ პრობაციის ოფიცერი ადგენს სათანადო ოქმს. იმავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობად ჩაითვლება მსჯავრდებულის დაუმორჩილებლობა პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი ან მისი უარი დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის სისტემატურ შეუსრულებლობად ჩაითვლება დაკისრებული მოვალეობის არანაკლებ სამჯერ შეუსრულებლობა, რაც წარმოშობს სასამართლოსადმი სათანადო წარდგინებით მიმართვის საფუძველს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ბ. პრობაციის ბიუროში გამოცხადდა 2004წ. 2 თებერვალს და გაეცნო პრობაციონერის უფლება-მოვალეობათა ნუსხას, თუმცა ამ დოკუმენტში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მოვალეობები დაეკისრა მას. შესაბამისად ამისა, სასამართლოს დადგენილებაშიც არ არის მითითებული, რა მოვალეობა არ შეასრულა მსჯავრდებულმა. ამის გარეშე პირობითი მსჯავრის გაუქმება უკანონოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ზ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 19 აგვისტოს დადგენილება ზ. ბ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე და კახეთის პრობაციის ბიუროს წარდგინებას ეთქვას უარი.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.