შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 459-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ შ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც შ. დ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 22 მაისის განაჩენით შ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 112-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. 2001 წლის 1 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით იგი გადაიყვანეს საერთო რეჟიმზე. შ. დ- სასჯელს იხდის 1996 წლის 22 თებერვლიდან.
მსჯავრდებულმა შ. დ-მა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 22 თებერვალს. გეგუთის ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების დირექტორმა მიმდინარე წლის 9 სექტემბერს განმეორებით მიმართა წარდგინებით წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ შ. დ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება კვლავ არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატი ც. ბ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ შ. დ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ მას სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და დგას გამოსწორების გზაზე.
პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული შ. დ სასჯელს იხდის 1996 წლის 22 თებერვლიდან. დღეისათვის მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის ¹... დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულ შ. დ-ს ახასიათებს დადებითად, კერძოდ, დახასიათებაში აღნიშნულია, რომ შ. დ-ი აღმზრდელობით ღონისძიებებს ესწრება და აკეთებს სწორ დასკვნებს, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულებთან, მშვიდი ხასიათისაა, ადმინისტრაციის დავალებებს ასრულებს პირნათლად, ორჯერ გამოცხადებული აქვს მადლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული შ. დ-ი პირველადაა სამართალში, მოხდილი აქვს სასჯელის დიდი ნაწილი – 9 წელი, 9 თვე და 8 დღე, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, პალატას მიაჩნია, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან შ. დ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება და მსჯავრდებული შ. დ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.