საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.07.2005
საქმის ნომერი
2კ-167აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 167-აპ 5 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის განაჩენით გ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

გ. წ-რს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მთვრალმა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2003წ. 19 ივნისს გ. წ. მთვრალი მართავდა თავისი სიძის, გ. უ-ს კუთვნილ ავტომანქანა “მერსედესს“ და მოძრაობდა სოფ. იგოეთიდან ქ. კასპის მიმართულებით. დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე გამოიჩინა დაუდევრობა, უხეშად დაარღვია “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საქართველოს გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს. გ. წ. ქ. კასპის შესასვლელში, იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობისას გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და დაეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა “ბმვ-ს“, რომელსაც მართავდა მძღოლი პ. პ . შეჯახების შედეგად ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომანქანა “მერსედესის“ მგზავრმა მ. მ-მ, მძიმე დაზიანებები მიიღეს ა/მანქანა “ბმვ-ს“ მძღოლმა პ. პ-მ, მგზავრებმა – ლ. ჯ-მ და გ. გ-მ. გარდაიცვალა ა/მანქანა “მერსედესის“ მგზავრი გ. ბ .

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. წ. ითხოვს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავადაც მძიმედ დაშავდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ხ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა პ. მ-მ მოითხოვა გ. წ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც თავად მსჯავრდებული ხდის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ გ. წ-ს ქმედება.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო გ. წ-ს პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება, მათ შორის – მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ისე დაუნიშნა სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 იანვრის განაჩენი გ. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.