საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.02.2005
საქმის ნომერი
2კ-19დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 19-დად 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის რეჟიმის უფრო მსუბუქი რეჟიმით შეცვლის თაობაზე.

საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლას.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 25 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 ქვეპუნქტებით, 2091 მუხლის მეორე ნაწილით, 1331 მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე ნაწილებით, 243-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილებით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 135-ე მუხლის პირველი ნაწილით და 136-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999წ. 1 დეკემბრისა და 2000წ. 15 ნოემბრის დადგენილებებით, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნულ განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილებები და გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი ახალი დანაშაულისათვის გ. გ 2003წ. 19 ივნისს კვლავ გასამართლებულ იქნა სსკ-ის 109-ე მუხლის “ვ”, “თ”, “ო” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან, პირველი ოთხი წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ს ხუთი წლით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი. საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოხდა მას უმთავრდება 2024წ. 16 აპრილს. 2004წ. 17 ივლისიდან ის იმყოფება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

2004წ. 9 აგვისტოს გ. გ-მ შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდის რეჟიმის შემსუბუქება, სახელდობრ _ სასჯელის მოსახდელად საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა. სასამართლომ 20 სექტემბრის დადგენილებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილებას მიიჩნევს უკანონოდ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ, მსჯავრდებულ გ. გ-ს პიროვნული მახასიათებლებისა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის გათვალისწინებით, მხარი არ დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა მსჯავრდებულ გ. გ-ს პირადი საქმის მასალები (5 ტომი), გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლის თაობაზე, უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. გ მსჯავრდებულია არაერთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

“პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოხდა ენიშნება მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 612-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია სასამართლოს დასაბუთებული დადგენილებით მსჯავრდებული გადაყვანილ იქნეს ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ეს დაიშვება განსაკუთრებულ შემთხვევაში _ საამისოდ აუცილებელი პირობების არსებობისას. მსჯავრდებულის შუამდგომლობაში რაიმე ასეთ განსაკუთრებულ გარემოებაზე მითითებული არ არის. სასჯელის მოხდის პერიოდში დადებითი ყოფაქცევისათვის ის წახალისებულია მხოლოდ ერთხელ _ ისიც დაახლოებით ოთხი წლის წინათ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დახასიათებაში მითითებულია, რომ ოპერატიული მონაცემებით მას აქვს გაქცევისადმი მიდრეკილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლის თაობაზე გ. გ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რასაც მთლიანად ეთანხმება საკასაციო პალატა.

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 23 ივნისის დადგენილებით მას სასჯელის გარკვეული ნაწილის საპყრობილის რეჟიმში მოხდა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით შეუცვალა, სრულიადაც არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ამჟამად სასჯელის მოხდის მკაცრი რეჟიმი საერთო რეჟიმით შეეცვალოს. ასევე უსაფუძვლოა საჩივრის ის მოტივი, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები და დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი ტომის შესწავლით. საკასაციო პალატამ შეისწავლა პირადი საქმის ხუთივე ტომი და მათში ვერ აღმოაჩინა ისეთი მონაცემი, რომელიც მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის მოხდის რეჟიმის შემსუბუქების საფუძველი გახდებოდა.

ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.