საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 312-აპ 26 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. თოდრია
განიხილა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განაჩენზე ო. ც-ს მიმართ.
სასამართლო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ახალგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განაჩენით, ო. ც ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 10 აპრილს, დუშეთის რაიონის სოფელ ნეძიხში ო. ც შეხვდა ნაცნობს _ დ. ჩ-ს. მსჯავრდებულს ეჭვი ჰქონდა, რომ დ. ჩ-მ იცოდა მისი საქონლის დაღუპვის მიზეზი, რის გამოც დაიწყეს კამათი. ო. ც-ა დ. ჩ-ს ცული მოუქნია, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაერიდა. მსჯავრდებულმა დ. ჩ-ს ამოუგრიხა ხელი, წააქცია და სცემა, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ო. ც-ს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
დუშეთის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. ჩ-მ განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა ო. ც-სათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 მაისის განაჩენით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პროკურორი მ. ჩ საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის გადაცემას იმ მოტივით, რომ ო. ც-სათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხარისხსა და ხასიათს.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა პ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ო. ც-სათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხსა და ხასიათს.
ადვოკატმა ზ. გ- საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ო. ც-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი ასაკით 60 წელს გადაცილებულია, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
მსჯავრდებულმა ო. ც-მ მხარი დაუჭირა მისი ადვოკატის მოთხოვნას.
სასამართლო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა. ო. ც-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხანდაზმული ასაკისაა, ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, სასამართლო დაადგენს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით. ამ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ო. ც-ს გამოსწორება შესაძლებელია მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე. სასამართლო პალატა თვლის, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ო. ც-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, შეკრებილ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, განაჩენის გაუქმების საუძველი არ მოიპოვება და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განაჩენი ო. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.