საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 358-აპ 22 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულების _ ვ. ტ-სა და მ. კ-ს საკასაციო საჩივარი გ. ჩ-ს მსჯავრდების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჩ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და ისეთი ძალადობით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ძარცვის ჩადენაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი დაზარალებულებმა _ ვ. ტ-მ და მ. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლითაც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე განხილვისას დაზარალებულებმა _ მ. კ-მ, ვ. ტ-მ და მათმა დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ს დამცველებმა _ ე. ს-მ, დ. ა-მ და ზ. ბ-მ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ კასატორებს უარი ეთქვათ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ. გ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში გ. ჩ-ს ბრალდების საქმის განხილვისას დაზარალებულებს _ ვ. ტ-სა და მ. კ-ს, ასევე, მათი ინტერესების დამცველს არ მოუთხოვიათ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება უფრო მძიმე მუხლით და ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ისინი ითხოვდნენ მხოლოდ განსასჯელის მკაცრად დასჯას. მას შემდეგ, რაც დაზარალებულები უკმაყოფილო დარჩნენ სასამართლოს დანიშნული სასჯელის ზომით, მათ სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც ითხოვდნენ რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს უფრო მძიმე დანაშაული _ ყაჩაღობა ჰქონდა ჩადენილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლიდან, სრულიად საფუძვლიანად, უარი უთხრა აპელანტებს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
კასატორები გ. ჩ-ს ბრალდების საქმის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში განხილვასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ დარღვევებზე ვერ მიუთითებენ. პალატის აზრით, ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები კანონიერი და სამართლიანია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულების _ ვ. ტ-სა და მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.