საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.12.2005
საქმის ნომერი
2კ-361აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 361-აპ 28 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა დ. ჯ-ს მიმართ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენში.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დ. ჯ-მ 2001წ. 14 მარტს, 12 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, დაარღვია ავტომანქანით მოძრაობის წესები, მანქანას მართავდა დაახლოებით 100 კმ/საათი სიჩქარით, გადაკვეთა ღერძულა ხაზი, ასევე, ტრამვაის ლიანდაგი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დაეჯახა ფეხით მოსიარულე ჰ. კ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული და შეეცადა მიმალვას. ჰ. კ სხვა პირების მიერ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამ დანაშაულისათვის დ. ჯ-ს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სასჯელის სიმსუბუქის მოტივით სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ. განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა დ. ჯ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანია იგი და ითხოვა შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა უარი განაცხადეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე და იშუამდგომლეს დ. ჯ-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დ. ჯ-ს მოთხოვნა _ სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ეს სასჯელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი უკანონოდ მიიჩნევს რა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, ითხოვს როგორც რაიონული სასამართლოს, ასევე საოლქო სასამართლოს განაჩენების გაუქმებას სასჯელის სიმსუბუქის მოტივით.

პალატის სხდომაზე კასატორმა მ. ლ-მ ითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა დ. ჯ-მ, ადვოკატმა ზ. გ-მ და პროკურორმა ნ. ც-მ იშუამდგომლეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 566-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: “საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირობები".

საპროცესო კოდექსის 540-ე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ “სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის ოდენობა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში".

ამრიგად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, დაზარალებულის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მითითებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ მხარეს ასეთივე პოზიცია ეკავა საქმის სააპელაციო განხილვისას.

დ. ჯ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ლ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჩ-მ, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, რომელზეც შემდეგ რაიმე შენიშვნა არ არის შეტანილი, განაცხადეს: “ვხსნით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ვითხოვთ, განსასჯელ დ. ჯ-ს არ შეეფარდოს საპატიმრო ღონისძიება".

პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარი შემოტანილი არ არის.

ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის, დააკმაყოფილოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ ამჟამად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და გააუქმოს გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ დ. ჯ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენი დ. ჯ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.