საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 497-დად 11 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ბრალდებულ რ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 დეკემბრის ბრძანებაზე, რომლითაც ბრალდებულ რ. ც-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება სამი თვის ვადით.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 დეკემბრის ბრძანებით რ. ც-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება სამი თვის ვადით.
წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2004წ. 9 სექტემბერს აფხაზეთის ა\რ-ის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის ა\რ-ის მინისტრთა საბჭოს თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე _ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იმავე წლის 3 დეკემბერს აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა რ. ც-ს მიმართ, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებით.
აფხაზეთის ა\რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ რ. ც-ს ბრალი ედება იმაში, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იმავდროულად მუშაობდა რა აფხაზეთის ა\რ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პირადი და სხვისთვის გამორჩენის მისაღწევად 2004წ. 14 იანვარს გამოსცა უკანონო განკარგულება ¹11გ “აფხაზეთის ა\რ-ის მინისტრთა საბჭოში ავტომანქანების საექსპლუატაციო ხარჯების გაწევის შესახებ”, რის გამოც ავტომანქანებზე ფაქტობრივად გახარჯული საწვავის ღირებულებამ შეადგინა 62795 ლარი, ნაცვლად ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული 28250 ლარისა. მანვე 2004წ. 7 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გამოსცა კანონსაწინააღმდეგო განკარგულება ¹69გ, რომლის საფუძველზეც მისთვის შეძენილ იქნა ლიმიტით გათვალისწინებულზე ძვირად ღირებული პერსონალური ავტომანქანა. ბრალდების მიხედვით, რ. ც-ს უკანონო განკარგულების საფუძველზე გადახარჯულმა თანხამ შეადგინა 58045 ლარი, რამაც სახელმწიფო ინტერესებს მიაყენა არსებითი ზიანი.
კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. დ ითხოვს რ. ც-ს დაპატიმრების შესახებ სასამართლო კოლეგიის ბრძანების გაუქმებას და ბრალდებულის პატიმრობიდან განთავისუფლებას შემდეგი მოტივებით:
რ. ც უდანაშაულოა და მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები;
ვარაუდი, რომ რ. ც დაემალება გამოძიებას და თავისუფლებაში ყოფნის დროს ზეგავლენას მოახდენს მოწმეებზე, უსაფუძვლოა; ბრძანების გაცემისას არ იყო გათვალისწინებული ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, აგრეთვე ის, რომ იგი მზად იყო, ეთანამშრომლა გამომძიებელთან და გადაეხადა ის თანხა, რომლითაც თითქოს არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს; ბრალდებულის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნები, რ. ც დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წარდგენილი არ ყოფილა სასამართლოში; რ. ც, როგორც აფხაზეთის ა\რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სარგებლობდა იმუნიტეტით, მის დაკავებაზე კი გამოძიებას არ ჰქონდა აფხაზეთის ა\რ-ის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.
პალატის სხდომაზე ბრალდებულმა რ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-მ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა გ. ყ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა რ. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა რ. ც-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების შესახებ განიხილა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების დასაბუთებული საფუძველი კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის. კერძო საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ რ. ც-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ამჟამად პალატის განსჯის საგანი არ არის. სსკ-ის 140-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვის დროს მოსამართლე (სასამართლო) არ მსჯელობს პირის ბრალეულობაზე და არკვევს მხოლოდ იმას, იყო თუ არა დაცული კანონით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების შესახებ. ის გარემოება, რომ რ. ც დაპატიმრების დროს იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და სარგებლობდა იმუნიტეტით, ვერ გახდება მისი დაპატიმრების შესახებ სასამართლო კოლეგიის ბრძანების გაუქმების საფუძველი. პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებენ აფხაზეთის ა\რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის იმუნიტეტს.
პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 დეკემბრის ბრძანება რ. ც-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 დეკემბრის ბრძანება ბრალდებულ რ. ც-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.