საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.11.2005
საქმის ნომერი
2კ-467დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 467-დად 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ო. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹1 დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ო. ჩ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 10 ოქტომბრის განაჩენით ო. ჩ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით, 112-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 15 აგვისტოს ¹1001 განკარგულებით ო. ჩ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ო. ჩ. სასჯელს იხდის 1996წ. 14 იანვრიდან.

2005წ. 17 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ო. ჩ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დადგენილებით ქ. რუსთავის ¹1 დაწესებულების დირექტორის წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ო. ჩ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ ო. ჩ-ეს შეფარდებული სასჯელიდან მოხდილი აქვს საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის III ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამი მეოთხედი, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მსჯავრდებული ო. ჩ. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მას მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი – 3 წელი, 1 თვე და 29 დღე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად ჩათვალა მსჯავრდებულ ო. ჩ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც პალატაც ეთანხმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 610-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ო. ჩ-ეს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.