საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 232-აპ 13 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 25 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლის, აგრეთვე, მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რომელსაც ბრალი დაედო ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენასა და ბადრაგირებისას ჯგუფურად, ასევე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გაქცევის მცდელობაში.
განაჩენის მიხედვით ი. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ი. კ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელს იხდიდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავჭალის ¹6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ამავე დროს იგი სამოქალაქო მოპასუხის სტატუსით მონაწილეობდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესში.
დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების მიზნით ი. კ-მ განიზრახა გაქცევა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად მან ხსენებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა გერმანული წარმოების გაზის პისტოლეტი ვაზნებით. მანვე ანგარების მიზნით შეიძინა აგრეთვე ოფიციალური დოკუმენტი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელ _ თ. ლ-ზე გაცემული პირადობის მოწმობა, რათა გაქცევის შემდეგ მოწმობის გამოყენებით ესარგებლა თავისუფალი გადაადგილებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების უფლებით. მან დაუდგენელი თანამონაწილის დახმარებით მოამზადა ხსენებული საგნები და 2002წ. 29 მარტს, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, ისარგებლა რა საბადრაგო სამსახურის გუშაგების უყურადღებობით, აღნიშნული საგნები _ გაზის პისტოლეტი და პირადობის მოწმობა, აგრეთვე, მისი კუთვნილი დასაკეცი დანა შეიტანა საბადრაგო ავტომანქანაში, რომლითაც უნდა მომხდარიყო ი. კ-ს ბადრაგირება ავჭალის ¹6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის საოლქო სასამართლოში. ხსენებული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ საბადრაგო ავტომანქანაში ი. კ, გაზის პისტოლეტითა და დანით შეიარაღებული, თავს დაესხა მის გამცილებელ გუშაგებს _ რ. ტ-ს და გ. ჭ-ს და ამ უკანასკნელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით სცადა ბადრაგირებისას გაქცევა, რაც ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სახელდობრ, რ. ტ--სა და ჭ-ს ძალისხმევით განიარაღებულ იქნა და აღიკვეთა მისი დანაშაულებრივი ქმედება-გაქცევის მცდელობა.
სასამართლომ მსჯავრდებულ ი. კ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა: სსკ-ის 361-ე მუხლით _ ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, ხოლო მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან დაუმატა მისი მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის, 4 თვისა და 25 დღის ვადით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა _ 50 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 18 წლის, 4 თვისა და 25 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ი. კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საჩივრით იგი ითხოვდა მის მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. ამასთან, 2004წ. 23 მარტის განაჩენით ცვლილება შეიტანა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებული ი. კ გაამართლა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო რაიონული სასამართლოს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით შეუმცირა 2 წლით და მთლიანობაში, საბოლოოდ მოსახდელად დაუტოვა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 3 თვისა და 28 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ხსენებული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო რაიონული სასამართლოს განაჩენი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ემყარება საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მოპოვებულ ყალბ მტკიცებულებებს, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვთ, რის გამოც, უტყუარობის თვალსაზრისით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები რეალურად ვარაუდის დონეზეც კი არ არის დადასტურებული.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ი. კ-მ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ადვოკატმა ე. ჩ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. დ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საბრალდებო დასკვნა, ისე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენები საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ემყარება ერთობ ბუნდოვან დასკვნებსა და წინააღმდეგობრივი ხასიათის მტკიცებულებებს, ხოლო ცალკეული არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულება აშკარად არასწორად იქნა შეფასებული და ბრალდების საფუძვლად გამოყენებული. მხედველობაშია მოწმე ე-ს ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ საბადრაგო მანქანაში ასვლამდე მან შეამოწმა პატიმარი ი. კ , რომელსაც თან არაფერი ჰქონდა კანონით დაუშვებელი და აკრძალული. ეს მტკიცებულება განაჩენებში არ არის უარყოფილი საწინააღმდეგო მტკიცებულებით, უფრო მეტიც: იგი, სრულიად გაურკვეველი მოსაზრებით, ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.
მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები კიდევ უფრო ბუნდოვანი და საჭოჭმანო გახდა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ იგი გამართლებულად ცნო ბადრაგირებისას ჯგუფურად გაქცევის მცდელობის ბრალდებაში, რის შედეგადაც საერთოდ გაურკვეველი რჩება, ვინ აღჭურვა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ი. კ ყალბი პირადობის მოწმობითა და, რაც მთავარია, ცეცხლსასროლი იარაღით, თუკი ისინი მას ნამდვილად ჰქონდა.
რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ რიგი მტკიცებულებისა მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი კერძო დადგენილებაც ადასტურებს, საფუძვლიანად და დამაჯერებლად არ არის დასაბუთებული სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ ი. კ-ს გამამტყუნებელი ვერსია მისი მოქმედებისა და მოტივაციის თაობაზე, მაშინ როდესაც რეალურად ის ვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა მომხდარი შემთხვევის დროს, აბსოლუტურად შეუფერებელი და არახელსაყრელი იყო იმ დანაშაულის ჩასადენად, რომელიც შემდგომში ბრალად შეერაცხა მსჯავრდებულს. გარდა ამისა, გასარკვევია, რეალურად სად მოხდა შემთხვევა _ სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ ამ ტერიტორიის გარეთ.
ამრიგად, საკითხი წამოიჭრება საქმესთან დაკავშირებული ბევრი ისეთი ფაქტობრივი გარემოების გამორკვევის აუცილებლობაზე, რომელთა სრულფასოვნად დადგენა მხოლოდ სასამართლო გამოძიების მეშვეობით ვერ მოხერხდება, ხოლო მათ გარეშე ი. კ-ს ბრალელუობისა თუ არაბრალეულ საკითხის თაობაზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
ასეთ პირობებში საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 23 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო მისი ბრალდების საქმე დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მისი ბრალდების თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით, მე-19 მუხლითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.