საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.12.2005
საქმის ნომერი
2კ-135კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-კოლ 28 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 12 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით გ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. სექტემბერში გ. კ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ სამ პირს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ხობის რაიონის სოფ. ქვალონში გამავალ საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად დასხმოდნენ თავს კომპანია “ტრანს-ალიანს-ფოთის” მიერ დაქირავებულ “კამაზ-5410” მარკის, სატვირთო ა/მანქანის მძღოლ მ. დ-ს, რომელსაც ამავე ა/მანქანით ქ. ფოთიდან აზერბაიჯანში უნდა გადაეტანა სიგარეტი “ვაისროი”, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით მიესაკუთრებინათ დასახელებული სიგარეტები, ასევე მ. დ-ს პირადი ნივთები და დროებითი გამოყენების მიზნით დაუფლებოდნენ მის ა/მანქანას. იქვე შეთანხმდნენ, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. კ-ს თანამონაწილე ორი პირი, როგორც, თითქოსდა ქ. სენაკში მიმავალი მგზავრები ქ. ფოთში ჩაუსხდებოდნენ ა/მანქანაში მ. დ-ს. გ. კ. და მისი თანამონაწილე, გამოძიებით დაუდგენელი პირი მათ დახვდებოდნენ ხობის რაიონის სოფ. ქვალონის ტერიტორიაზე, სადაც დანითა და გადაჭრილი თოფით შეიარაღებული მანქანაში მსხდომი ბოროტმოქმედები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდნენ გ. დანელიას, გაეჩერებინა ა/მანქანა.

შეთანხმებისამებრ, გ. კ. და მისი თანამზრახველი, გამოძიებით დაუდგენელი პირი 2003წ. 21 სექტემბერს, დილის საათებში, გაჩერდნენ დათქმულ ადგილას _ ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, საავტომობილო გზაზე, სადაც უნდა გამოევლო მ. დ-ს. ამასთან, გ. კ-ს თანამზრახველი, გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი მ. დ-ს ჩაუჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფი “კამაზ-5410” მარკის, სატვირთო ა/მანქანაში, რომელიც დატვირთული იყო 1043 ყუთი სიგარეტით “ვაისროი”. სოფ. ქვალონის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თბილისი-ფოთი-სარფის გზის 5,4კმ-ზე, სადაც გ. კ. და მისი თანამზრახველი ელოდებოდნენ, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე გ. დ. ა/მანქანის სალონში მსხდომმა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა აიძულეს, გაეჩერებინა ა/მანქანა, რის შემდეგაც მას დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით წაართვეს 800 აშშ დოლარი, 260 ლარი და 260 ლარად ღირებული “სონის” ფირმის მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა მ. დ. ა/მანქანიდან ჩამოიყვანეს. ამ დროს იქვე ჩასაფრებული გ. კვარაცხელია და მასთან ერთად მყოფი გამოძიებით დაუდგენელი პირი ჩასხდნენ მ. დ-ს კუთვნილ “კამაზის” ტიპის ა/მანქანაში, რომლის მისაბმელზეც იყო მოთავსებული 125160 აშშ დოლარად ღირებული, აზერბაიჯანის აქციზური მარკის მქონე, 1043 ყუთი სიგარეტ “ვაისროით” დატვირთული დალუქული კონტეინერი და გაიტაცეს იგი. მ. დ-ს მომხდარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის რომ არ შეეტყობინებინა, გამოძიებით დაუდგენელმა ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებმა მას დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის _ თოფის გამოყენების მუქარით შეუკრეს ხელები, გადაიყვანეს გზის პირას და თოკით მიაბეს ხეზე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დანაშაულის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, ბოროტმოქმედებმა ხელებშეკრული მ. დ. გადაიყვანეს გზის მოპირდაპირე მხარეს და კვლავ ხეზე მიაბეს, თვითონ კი გაუჩინარდნენ გაურკვეველი მიმართულებით, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება. რამდენიმე საათის შემდეგ მ. დ-მ მოახერხა შეკრული ხელების განთავისუფლება და გამვლელი ა/მანქანით გაემგზავრა ქ. ფოთში.

გ. კ-მ და მისმა ერთ-ერთმა თანამონაწილემ მ. დ-ს კუთვნილი ა/მანქანა მასზე მოთავსებული ტვირთით მიიყვანეს ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა ჩხოროწყუში მცხოვრებ კ. ს-ს სახლში. ამ უკანასკნელს გ. კ-მ აუხსნა, რომ სიგარეტი მას ეკუთვნოდა და ერთი კვირის შემდეგ წაიღებდა. ტვირთის დასაცლელად გ. კ-მ დახმარება სთხოვა იქვე მყოფ პირებს, რომლებსაც ასევე განუმარტა, რომ სიგარეტი მისი კუთვნილება იყო. ამის შემდეგ მან გახსნა კონტეინერი, საიდანაც გადმოტვირთეს სიგარეტი “ვაისროი” და დააწყვეს კ. ს-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. იმავე ღამეს გ. კ. და მასთან ერთად მყოფი გამოძიებით დაუდგენელი პირი მ. დ-ს კუთვნილი ა/მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.

2003წ. 23 სექტემბერს პოლიციის მუშაკებმა მ. დ-ს კუთვნილი “კამაზის” მარკის სატვირთო ა/მანქანა თავისი მისაბმელით იპოვეს მარტვილის რაიონის სოფ. ტალერის ტერიტორიაზე.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003წ. 24 სექტემბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა .....ი მცხოვრებ კ. ს-ს საცხოვრებელი სახლიდან მთლიანად იქნა ამოღებული გატაცებული, 125160 აშშ დოლარად ღირებული 1043 ყუთი სიგარეტი “ვაისროი”, რაც დაუბრუნდა შპს “ტრანს-ალიანს-ფოთის” დირექციას.

მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. პ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

პროკურორმა ბ. ფოჩხუამ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული გ. კ. საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიაზე უთითებდა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. თუმცა წინასწარი გამოძიების პროცესში ბრალდებულის სახით დამატებითი დაკითხვისას მან ფაქტობრივად აღიარა ჩადენილი დანაშაული. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას უარყო მომხდარ დანაშაულთან კავშირი და მიუთითა ორ პიროვნებაზე, რომლებმაც სთხოვეს მას დახმარება ტვირთის შესანახად. ამასთან, მან ვერ მიუთითა მის მიერ დასახელებული პირების ზუსტ მონაცემებზე, მათ ადგილსამყოფელსა და მისამართებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად არ გაიზიარა გ. კ-ს აღნიშნული ჩვენებები, რადგანაც ისინი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მის მიერ არის გამოგონილი.

გ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული დაზარალებულ მ. დანელიას ჩვენებებით, რომელმაც წინასწარი გამოძიებისას ფოტოსურათით ამოიცნო გ. კ.; მოწმეების _ თ. ს-ს, ზ. ჩ-ს, კ. ს-ს, ა. ს-ს, ლ. ე.-ს-სა და სხვათა ჩვენებებით.

გ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე კ. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, დაქტილოსკოპიური, კომპლექსური ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ჩვენებებს, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და სწორად დაუდო ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, რომლის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 12 ივლისის განაჩენი გ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.