საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 371-აპ 28 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ც. მ-ურის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისი განაჩენზე ც. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის განაჩენით ც. მ-. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ქ. გ-ძის სამოქალაქო სარჩელი და ც. მ. თანხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ... გამზირის 19/20 კორპუსის ¹4 ბინიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ც. მ-ურს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ც. მ- დაიბადა და გაიზარდა ქ. თბილისში, ... გამზირის 29/20, ს/გ “საქნავთობის" კუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის ოროთახიან, არაიზოლირებულ, საერთო სათავსებისა და საერთო დამხმარე ფართის მქონე 29 კვ.მ-იან ბინაში. მეზობლად, ასევე ოროთახიან 22კვ. მ-იან ბინაში ცხოვრობდა ს. ლ-ს ოჯახი. ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსი უნდა დანგრეულიყო და მის ადგილზე აშენებულიყო ახალი საცხოვრებელი კორპუსი, ამიტომ მისი ყველა მობინადრე დაკმაყოფილდა სხვა ბინით. ც. მ-ურის დედას _ მ. მ-ს გადაეცა ოროთახიანი ბინა იქვე, მშენებარე კორპუსში, ხოლო თვითონ დაკმაყოფილდა იზოლირებული, ერთოთახიანი ბინით, მდებარე ...... მე-4 მ/რ-ის ¹23 საცხოვრებელ კორპუსში, რის შემდეგაც, როგორც მისმა ოჯახმა, ისე სხვა მეზობლებმაც, რომლებიც ასევე დაკმაყოფილდნენ სხვა ბინებით, დაცალეს დასანგრევი კორპუსი, მაგრამ როცა სათანადო კომისიის შემოწმებით დადგინდა, რომ ... გამზირის ¹29/20 საცხოვრებელი კორპუსი საკმაოდ მყარი იყო, ს/გ “საქნავთობმა" აღნიშნული კორპუსი დატოვა პირვანდელ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ც. მ უკანონოდ შეიჭრა დედის _ მ. მ-ს ყოფილ 29 კვ. მ-იან ბინაში. როცა ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ამ კორპუსში მობინადრეთა შესახლების საკითხი, მისმა ყოფილმა მეზობელმა ბ. გ-მ განცხადებით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, რათა მისთვის გადაეცათ დედის _ ს. ლ-ურის ყოფილი 22 კვ. მ-იანი ორი ოთახი, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა და 1999წ. 10 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი გადასცა ბ. გ-ს, ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999წ. 15 დეკემბრის ¹12161-179 გადაწყვეტილებით და ბ. გ-ძის განცხადების საფუძველზე, ამ უკანასკნელს დამატებით ფართად გადაეცა მ. მ-ს, ე.ი. ც. მ-ს დედის, ყოფილი 29 კვ. მ-იანი ფართიც. გამგეობის აღიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მ. მ-მა სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რითაც მოითხოვა თავისი ყოფილი ფართის ბ. გ-სათვის ჩამორთმევა და მისთვის გადაცემა. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 1 მარტის შეგებებული სასარჩელო განცხადება, რომელიც მოითხოვდა მის გამოსახლებას გამგეობის ბალანსზე არსებული 29კვ.მ-დან, მ-შვილების სასარჩელო განცხადებასთან ერთად, განიხილა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ, რომლის 2000წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საბურთალოს რაიონის გამგეობის შეგეგებული სარჩელი მ-შვილების მიერ უკანანონოდ დაკავებული 29 კვ.მ-იდან გამოსახლების შესახებ. სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-შვილის სარჩელიც, კერძოდ, გაუქმდა საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება ბ გ-ძისათვის 29 კვ.მ-ის დამატებით ფართად გადაცემის შესახებ. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ც. მ-ს დედამ _ მ. მ-მა გაასაჩივრა საოლქო სასამართლოში. საოლქო სასამართლოს 2001წ. 20 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც დადგენილ ვადაში აღარ გასაჩივრებულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რის შემდეგაც იგი, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 2000წ. 5 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო პოლიციის ძალით იძულებით გამოსახლებულ იქნა უკანონოდ დაკავებული ფართიდან. როცა ბ. და ლ. გ-ებმა განცხადებით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას მათთვის მოძმანაშვილების ყოფილი 29 კვ.მ-ის გადაცემის თაობაზე, მათი განცხადება განხილულ იქნა რაიონის გამგეობის სხდომაზე და 2001წ. 1 ივლისს ლ. გ-ძეს გადაეცა მ-ების ყოფილი, ორი 29 კვ.მ-ის ოთახები, რაზეც 7 აგვისტოს გაფორმდა პრივატიზაციის ხეშეკრულება. ამის შემდეგ დედა-შვილმა _ ბ. და ლ. გ-ებმა თავიანთ 22 კვ. მ-იან ფართს გაუერთიანეს მ-ების ყოფილი 29 კვ.მ-იც და გაერთიანებული ბინა 2003წ. 12 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით კანონიერად გაასხვისეს ქ. გ-ძეზე, რომელმაც, შეიძინა რა აღნიშნული ბინა, დააპირა სარემონტო სამუშაოების დაწყება, მაგრამ 2003წ. 17 თებერვალს, როცა ბინის კანონიერი მეპატრონე ქ. გ-ძე თავის ახლადშეძენილ ბინაში არ იმყოფებოდა, ც. მ-მა მიადგა კიბე და ფანჯრიდან უკანონოდ შეიჭრა აღნიშნულ ბინაში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა და დაზარალებულის კანონიერი ინტერესები.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი რ. დ-ძე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ც. მ. ბინაში მისი მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ არ შესულა. აღნიშნული ბინა, რომელიც ეკუთვნოდა მის მშობლებს, რაიონის გამგეობამ უკანონოდ მიაკუთვნა ლ. გოცირიძეს, რომელმაც შემდეგში ბინა ასევე უკანონოდ მიჰყიდა დაზარალებულ ქ. გ-ძეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ც. მ-ს მიმართ საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ც. მ-ურმა და მისმა ადვოკატმა რ. დ-ძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს.
დაზარალებულმა ქ. გ-ძემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-ძემ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროკურორმა მ. ჯ-ძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით, სახელდობრ, დაზარალებულ ქ. გ-ს, მოწმეების _ ბ. და ლ. გ-ების, გ. ნ-ძის, თ. გ-ს, ო. მ-ს, ბ. ი-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ც. მ-მა დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა, კერძოდ, მიადგა კიბე და მისი საშუალებით უკანონოდ შეიჭრა დაზარალებულ ქ. გ-ძის კუთვნილ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად მსჯავრდებული ც. მ-იც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო დედის _ მ. მ-ის (თანმხლებ პირებთან ერთად) სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებების არსებობის შესახებ. ც. მ-ს ჩვენებებით ირკვევა ისიც, რომ რაიონის გამგეობის 2001წ. 21 ივლისს ლ. გ-ს გადაეცა მ. მ-ს ყოფილი ორი ოთახი, რაზედაც გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და ამის შემდეგ ბ. და ლ. გ-ებმა აღნიშნული ორი ოთახი გააერთიანეს რა მათივე კუთვნილ ბინასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისეს ქ. გ-ზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ც. მ-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
რაც შეეხება სასჯელს, ც. მ-ს იგი განსაზღვრული აქვს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საკასაციო პალატას იგი სამართლიანად მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ივლისის განაჩენი ც. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.