საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.12.2005
საქმის ნომერი
2კ-409აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 409-აპ 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივლისის განაჩენი.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ო. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას.

აღწერილობითი ნაწილი:

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივლისის განაჩენით ო. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით, აგრეთვე 1960წ. რედაქციის სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1998წ. 3 მარტს, ღამით, სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, ფულისა და ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ მარტვილის რაიონის სოფ. ........ მცხოვრებ ვ. ც-ს ოჯახს, რა დროსაც ცეცხლსასროლ იარაღთან დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად გაუფრთხილებლობით მოკლა ვ. ც-ია. ამის შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ისე, რომ ვერ მოახერხეს დაზარალებული ოჯახიდან ფულისა და ქონების გატაცება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ო. მ-ძე მიიმალა. იგი დააპატიმრეს 2003წ. 13 თებერვალს.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულყოფილად, ხოლო გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც ო. მ-ს მიმართ დადგინდა უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნულის გამო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ო. მ-ძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. გ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ს. კ-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია არასრულყოფილად და არაობიექტურად. პირიქით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია ყველა ის გარემოება, რაც საკასაციო საჩივარში არის მითითებული და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ ო. მ-ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის არა მარტო კანონიერი, არამედ _ სამართლიანიც. მსჯავრდებულ ო. მ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, შედეგი და მსჯავრდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამრიგად, პალატას საკასაციო საჩივარი მიაჩნია უსაფუძვლოდ, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განაჩენი ო. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.