საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 71-კოლ 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. წ-სა და მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ჯ. ბ-ეს ბრალი დაედო იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 1960წ. სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით.
საბრალდებო დასკვნით ჯ. ბ-ეს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა ანუ მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით დაეუფლა მოქალაქე ს. გ-ის პირად ქონებას, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1995წ. ბოლოს ჯ. ბ-ძე დაუახლოვდა რა ქობულეთში, --- მცხოვრებ ს. გ-ის ოჯახს, მოელაპარაკა ამ უკანასკნელს, რომ თუ იგი მისცემდა ავტომანქანის შესყიდვის ფულს, წავიდოდა გერმანიაში და ჩამოიყვანდა მსუბუქ ავტომანქანას, რომელსაც გაყიდდნენ და მოგებულ თანხას გაინაწილებდნენ. ამ მიზნით ჯ. ბ-ემ ს. გ-ნს გამოართვა 5000 აშშ დოლარი, ჩავიდა გერმანიაში, შეისყიდა ,,ბმვ-ს” მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ჩამოიყვანა ქობულეთში, რომელიც გაყიდეს 6500 აშშ დოლარად და რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება გაინაწილეს.
აღნიშნულის შემდგომ ჯ. ბ-ემ მოიპოვა რა ს. გ-ის ნდობა, განიზრახა მოტყუების გზით მისი ქონების დაუფლება და კვლავ შესთავაზა ავტომანქანის შესყიდვის მიზნით მიეცა მისთვის თანხა. ს. გ-მა გადასცა ჯ. ბ-ეს 6500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მან 1996წ. იანვარში გერმანიიდან ჩამოიყვანა ,,აუდი-100” მარკის მსუბუქი ავტომანქანა და გაიფორმა თავის სახელზე. შემდგომ ავტომანქანა დააყენა ს. გ-ის ეზოში და 1996-დან 1997წ. ოქტომბრამდე აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობდა თვითონ და ასევე _ ს. გ-ის ოჯახის წევრებიც. 1997წ. 21 ოქტომბერს იგი, დაზარალებულის მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაეუფლა ს. გ-ის ავტომანქანას, მიისაკუთრა იგი, ჩაიყვანა ქ. როსტოვში, სადაც გაუკეთა რეალიზაცია და აღებული თანხა მიითვისა.
ავტომანქანის თაღლითობის გზით მითვისებისა და რეალიზაციის შემდეგ, როდესაც დაზარალებულმა საბოლოოდ გაარკვია, რომ განსასჯელი ჯ. ბ-ძე არ აპირებდა ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის დაბრუნებას, 1999წ. ოქტომბერში ს. გ-მა განცხადებები შეიტანა სათანადო ორგანოებში, მათ შორის _ აჭარის ა/რ შს სამინისტროშიც, სადაც ჩატარდა მოკვლევა და 1999წ. 26 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 1999წ. 3 დეკემბერს კი ქ. ბათუმის სასამართლოს ბრძანებით განსასჯელ ჯ. ბ-ეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქმეზე ჩატარდა გამოძიება, დამტკიცდა საბრალდებო დასკვნა და 2000წ. 14 თებერვალს საქმე განსახილველად წარიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 მარტის განაჩენით ჯ. ბა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 1960წ. სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაზარალებულ ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის გადახდა.
ვინაიდან ჯ. ბ-ძე ქ. ბათუმის ¹3 საპყრობილეში ყოფნის დროს დაავადდა, რაც დადასტურდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 მაისის დადგენილებით მას სასჯელის მოხდა გადაედო გამოჯანმრთელებამდე და იგი გათავისუფლდა ქ. ბათუმის ¹3 საპყრობილიდან.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 მარტის განაჩენის აღსრულების გადაცემის შემდეგ, 2002წ. ნოემბერში, აჭარის ა/რ პროკურატურამ წარდგინება შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება იმ მოტივით, რომ, ვინაიდან ჯ. ბ-ძე იყო პოლიციის მუშაკი, ამიტომ მისი ბრალდების საქმეზე გამოძიება უნდა ეწარმოებინა პროკურატურას და არა _ შს ორგანოებს, ხოლო საქმე უნდა განეხილა არა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, არამედ _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გაიზიარა პროკურატურის წარდგინება და 2002წ. 3 დეკემბრის დადგენილებით გააუქმა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 მარტის განაჩენი, ხოლო საქმე ხელახალი გამოძიებისათვის დაუბრუნა აჭარის ა/რ პროკურატურას.
2003წ. 3 იანვრის დადგენილებით პროკურატურამ საქმე მიიღო წარმოებაში, ჩაატარა ხელახალი გამოძიება და ჯ. ბ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გაუსვლელობის ხელწერილი. მას ბრალი დაედო იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 1960წ. სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქმე განსახილველად გადაიგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 აპრილის განაჩენით ჯ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 71-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მასვე დაზარალებულ ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ან სადავო ავტომანქანის დაბრუნება; მასვე მოეხსნა აღკვეთის ღონისძიება _ გაუსვლელობის ხელწერილი.
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის ადვოკატი გ. წ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ბ-ის გამართლებას.
მსჯავრდებული ჯ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ეთანხმება ადვოკატს და ითხოვს გამართლებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. დ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
ჯ. ბ-ძე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, არ ცნობს თავს დამნაშავედ და განმარტავს, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ს. გ-ის ოჯახთან, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ავტომანქანა შეიძინა საკუთარი სახსრებით და მას არც ვინმე მოუტყუებია და არც არავის ნდობა გამოუყენებია ბოროტად.
საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯ. ბ-ძე ასეთი განმარტებებით ცდილობს, თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
ჯ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ: დაზარალებულ ს. გ-სა და მისი ქალიშვილების _ მ. და მე. გ-ების ჩვენებებით, მოწმეების _ ჯ. წ-ის, მ. გ-ის, მ. გ-ის, მ. კ-ის, ც. -სა და სხვათა მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
ავტომანქანა რომ ნამდვილად ს. გ-ის კუთვნილი თანხით იყო შეძენილი და მის საკუთრებას წარმოადგენდა, დადასტურებულია იმ გარემოებებითაც, რომ ავტომანქანა დაყენებული იყო ს. გ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და, მიუხედავად იმისა, რომ მ. გ-მა ორჯერ დააზიანა იგი ქუჩაში მოძრაობის დროს, ჯ. ბ-ეს ამ მიმართებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დადგენილია ისიც, რომ თურქეთში ავტომანქანის შეკეთება და საბურავების შეძენა განხორციელდა ს. გ-ის თანხებით და თუკი იგი მათი კუთვნილება არ იყო, რატომ გადაიხდიდა თანხებს ს. გ-ნი.
ჯ. ბ-ემ მანქანის რეალიზაცია მოახდინა ფარულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ბათუმშიც შეეძლო მანქანის გაყიდვა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოძიებამ სწორად დააკვალიფიცირა ჯ. ბ-ის ქმედება სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. უდავოდაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ თაღლითობის გზით მითვისებული თანხა დაზარალებულისათვის ცხოვრებისათვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა, ამ თანხის დაკარგვით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
აქედან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ განაჩენში მოცემულია ზემოაღნიშნული მუხლის არასწორი განმარტება.
საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის მიერ დაზარალებულისათვის თანხის გამორთმევის ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო წერილობითი დოკუმენტით და ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა სამოქალაქო გარიგებას, არამედ _ სამეწარმეო საქმიანობას. ამ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა არ გამომდინარეობს არც გარიგებიდან და არც სახელშეკრულებო სამართლიდან და, შესაბამისად, მხარეთა მიერ რაიმე დოკუმენტის შედგენა აუცილებელი არ იყო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად იმსჯელა ჯ. ბ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, ჯ. ბ-ძე სამართლიანად ცნო დამნაშავედ, მაგრამ კანონის მოთხოვნათა ზუსტი დაცვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, გაათავისუფლა იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 აპრილის განაჩენი ჯ. ბ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 1 აპრილის განაჩენი ჯ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
პროკურატურისათვის მასალების გაგზავნის თაობაზე