საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.06.2004
საქმის ნომერი
2კ-136აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 136-აპ 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ფ. -ის დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. -ძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (1982წ. 29 დეკემბრის რედაქცია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის გამო, როგორიცაა თაღლითობა ჩადენილი განმეორებით, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ყალბი დოკუმეტის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი არაერთგზის. ჩადენილი დანაშაულისათვის აღნიშნული განაჩენით ფ. -ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63 _ 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენის მიხედვით ფ. -ის დანაშაული გამოიხატა შემდეგში: სს “---ის" დირექციის 1997წ. 15 აგვისტოს ბრძანებით საზოგადოების კუთვნილი შერეული საქონლის მაღაზია, მდებარე ქ. სენაკში, ---, გადაკეთდა “---ად" და მის გამგედ დაინიშნა ფ. -ძე. ლომბარდი ლიცენზირებულ იქნა ძვირფასი ლითონების დაგირავებით, Dშესაბამისი საპროცენტო დანარიცხით, ვადიანი სესხების გაცემით, მოქალაქეთა მომსახურებაზე. ფ. -ემ განიზრახა რა მოქალაქეთა პირადი ქონებისა და ქონებრივი გამორჩენის მიღება, მოტყუებით შექმნა მათი ნდობის მოპოვებისა და შემდეგ მისი ბოროტად გამოყენების პირობები, კერძოდ: “---" წარმოადგენდა სს “---ის" სამეურნეო დაქვემდებარების ერთეულს დამოუკიდებელი იურიდიული პირის უფლებისა და საბანკო ანგარიშის გარეშე, რომელსაც თავისი სამეურნეო საქმიანობა უნდა წარემართა სააქციო საზოგადოებასთან შეთანხმებით, მისი (საზოგადოების) კონტროლითა და დოკუმენტაციის სააქციო საზოგადოებისათვის წარდგენით (ერთიანი ცენტრალიზებული ბუღალტრული ბალანსის წარმოებით). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სს “სენაკი-93-ზე" 1997წ. 8 სექტემბერს ორი წლის ვადით (1999წ. 8 სექტემბრამდე) გაიცა სალომბარდო საქმიანობის (ძვირფასი ლითონებისა და ქვების ნაწარმის საგარანტიო მიღება, შენახვა, გაცემა) ლიცენზია.

მსჯავრდებულმა ფ. -ემ, განიზრახა რა მოქალაქეთა პირადი ქონების, ქონებაზე უფლებისა და ქონებრივი გამორჩენის მიღება მათი მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაამზადა ყალბი დოკუმენტი, ე.წ. “მეპაიის უფლება-მოვალეობანი", რომლითაც ლიცენზიით ნებადართული სალომბარდო (ძვირფასი ლითონებისა და ქვების ნაწარმის საგარანტიო მიღება, შენახვა, გაცემა) საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ულიცენზიო, არალეგალურ, საკრედიტო-საბანკო (ნაღდი ფულის მიღება კრედიტით, საპროცენტო დანარიცხით) საქმიანობას. მის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტი, ე.წ. “მეპაიის უფლება-მოვალეობანი" არ პასუხობდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს, ხოლო შეტანილ თანხაზე ე.წ. “მეპაიის" წინაშე პასუხისმგებლად და გარანტად მითითებული იყო სს “---". ამასთან, კრედიტის მიმღებ ხელშემკვრელ მხარედ ფ. -ძე ხელშეკრულებას ხელს აწერდა როგორც სააქციო საზოგადოების დირექტორის მოადგილე. ეს მაშინ, როცა იგი იყო “---ის" (სს “---ის" დაქვემდებარების სამეურნეო ერთეულის) გამგე და არა საზოგადოების დირექტორის მოადგილე. თანხის შემტანი ხელშემკვრელი მხარე კი დოკუმენტზე ხელს აწერდა როგორც მეპაიე. ეს მაშინ, როცა იგი არ წარმოადგენდა სს “---ის" წილის მფლობელს (ე.ი. მეპაიეს).

ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტის გამოყენებითა და მოქალაქეთა მოტყუებით მსჯავრდებული ფ. -ძე 1998წ. 23 სექტემბრიდან 1999წ. 10 აპრილამდე პროცენტიანი სესხის სახით ეწეოდა მოქალაქეებიდან ფულადი ანაბრების მოზიდვას შეტანილ თანხაზე სააქციო-საზოგადოება “---ის" ყალბი გარანტიითა და თითქოსდა პასუხისმგებლობით, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მოქალაქეები.

აწარმოებდა რა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტის არაერთგზის, (განმეორებით) დამზადებას და გამოყენებას, ფ. -ემ, მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, ქონებრივი გამორჩენის მიღების მიზნით, თითქოსდა ანაბრების სახით, მიიღო დაზარალებულ მოქალაქეთა პირადი ქონება მნიშვნელოვანი ოდენობით ფულადი თანხების სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 23 სექტემბრიდან 1999წ. 10 აპრილამდე პერიოდში, მსჯავრდებულმა ფ. -ემ არაერთგზის დამზადებული ყალბი დოკუმენტებით, მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, განმეორებით მიიღო დაზარალებულების _ ბ. ლ-ას, ვ. ტ-ას, ნ. თ-ის, მ. ხ-ას, ა. კ-ას, მ. ნ-ას, ზ. ყ-ის, ც. კ-ის, ვ. ჭ-ის, ლ. ხ-ას, ზ. ჯ-ს, ლ. გ-ას პირადი ქონება, ქონებაზე უფლება და ქონებრივი გამორჩენა, რითაც დაზარალებულებს მიაყენა სულ 61.242,9 ათასი აშშ დოლარის, ხოლო მოქალაქე ბ. ლ-ას მიერ გ. ხ-სთვის დათმობილი დივიდენდის გათვალისწინებით, სულ 67.717,0 ათასი აშშ დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ფ. -ის დამცველმა, ადვოკატმა თ. ტ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა ამ განაჩენის გაუქმება და ფ. -ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა გამამართლებელ საფუძველზე იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია სასამართლოს მიერ მისთვის შერაცხული ქმედება.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ფ. -ემ და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ თ. ტ-ემ და გ. დ-ამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულებმა _ ზ. ყ-ემ, მ. ნ-ამ, ო. ტ-ამ და ზ. ჯ-ამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირებმა _ თ. ხ-ამ, ბ. ს-მ და მათმა ადვოკატ-წარმომადგენელმა ნ. ტ-ამ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 4 სექტემბერის განაჩენი მსჯავრდებულ ფ. -ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დამცველის მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა არგუმენტს მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმის მასალებში არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მსჯავრდებულ ფ. -ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ იგი სხვადასხვა პირისაგან იღებდა მნიშვნელოვან ფულად თანხას, ვითომდა სესხის სახით და გარკვეული საპროცენტო განაკვეთით, ხოლო ნამდვილი მიზნის შესანიღბავად ამ თანხების თაობაზე ხსენებულ პირებს ხელს აწერინებდა ე.წ. მეპაიის უფლება-მოვალეობების ბლანკებზე, რომელიც არავითარ სამართლებრივ ფორმას არ შეესაბამებოდა და, მაშასადამე, მისთვის რაიმე ვალდებულებას არ წარმოშობდა. ამ გზით მას წინასწარი განზრახვით შეცდომაში შეჰყავდა ისინი და ასეთი ფიქტიური დოკუმენტებით მათ გამოსტყუა მნიშვნელოვანი თანხები. ფ. -ისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ ლომბარდი, რომელსაც ის განაგებდა, ლიცენზირებული არ იყო მსგავს საქმიანობაზე, ასევე არც თვითონ იყო ლიცენზირებული სესხების მიღებაზე გარკევეული საპროცენტო განაკვეთებით, რის გამოც ამ მიმართებით მთელი მისი საქმიანობა სინამდვილეში წარმოადგენდა თაღლითობას როგორც გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგების გათვალისწინებით, ისე მის განსახორციელებლად გამოყენებული საშუალებებისა და ხერხების თვალსაზრისით.

პალატას, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. -ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დადასტურებულია, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ფ. -ის დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ფ. -ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.