განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 233-დად 29 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებული თ. ხ-ლი გასამართლებულია 2000წ. 18 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19 და 108-ე მუხლებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 14 ივლისიდან, რაც სრულად უმთავრდება 2007წ. 14 ივლისს.
თ. ხ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
2004წ. 4 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შევიდა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულ თ. ხ-ის განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებას საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. მსჯავრდებულ თ. ხ-ის განცხადებას თან ერთვოდა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული დახასიათება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსჯავრდებული თ. ხ-ლი არის მძიმე ავადმყოფი და, მისი განცხადების შინაარსისაგან განსხვავებით, დაწესებულების ადმინისტრაცია და სოციალური სამსახური შუამდგომლობდნენ სასამართლოს წინაშე, საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის გათვალისწინებით, საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, ამასთან, მასალებს თან ერთვოდა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი რ. ღ-ძე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნ. მ-ლი და თერაპიული განყოფილების უფროსი პ. ზ-ძე. მასში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის ავადმყოფი თ. ხ-ლი, რომელსაც ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, კონსულტაცია გაუწია ონკოლოგმა და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის მელანომა, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, პოსტინფარქტული სტენოკარდია. მდგომარეობა მძიმეა და სამედიცინო დეპარტამანტის ხელმძღვანელობის მოსაზრებით, ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
აღნიშნულ სამედიცინო დასკვნას და თ. ხ-ის განცხადებაზე თანდართულ სამედიცინო ცნობას საფუძვლად დაედო პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის _ ზ. გ-ის 2004წ. 1 ივნისის ¹-/-/-- პატაკი და სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადმყოფობის ისტორია ¹--) ანალიზი. სამედიცინო დასკვნას ხელს აწერენ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი რ. ღ-ე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნ. მ-ლი და სამედიცინო დეპარტამენტის მრჩეველი გ. ფ-ძე.
2004წ. 18 ივნისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე რ. კ-ემ დააზუსტა მსჯავრდებულ თ. ხ-ის განცხადება და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა თ. ხ-ის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ბ. ჩ-ნმა მხარი არ დაუჭირა როგორც მსჯავრდებულ თ. ხ-ის განცხადებას მის მიმართ განაჩენის გადავადების შესახებ, ასევე სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის _ რ. კ-ის შუამდგომლობას თ. ხ-ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან თ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლით იმპერატიულად მოთხოვნილი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნით.
სასამართლომ 2004წ. 18 ივნისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების თაობაზე შეტანილი განცხადება და შუამდგომლობა, იმ მოტივით, რომ საამისოდ დაინტერესებულმა მხარემ ვერ წარმოადგინა კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.
აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ხ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა სასამართლო დადგენილების შეცვლა, რათა იგი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
პალატის სხდომაზე განხილვისას იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა რ. ღ-ემ, იმავე სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ზ. გ-მა, აგრეთვე აღნიშნული სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე რ. კ-ემ პალატის წინაშე წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები, რომელთა მიხედვით, მსჯავრდებული თ. ხ-ლი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, რის გამოც მის მიმართ სასჯელის აღსრულება შეუძლებელია. მათ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ საჩივარი ეყრდნობა არაჯეროვან სამედიცინო დოკუმენტებს, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა თანდართულ მასალებთან ერთად და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებული თ. ხ-ლი დაავადებულია მძიმედ ავთვისებიანი სიმსივნით, კერძოდ, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის მელანომით, აგრეთვე _ პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზითა და სტენოკარდიით. აღნიშნული გარემოება დადგენილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებულ თ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მის მიმართ სასჯელის აღსრულება. გარდა ამისა, მსჯავრდებულის ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერში მითითებულია, რომ მსჯავრდებულ თ. ხ-ის სიმსივნური დაავადება გადასულია მეტასტაზურ სტადიაში და სხეულის სხვა ნაწილებშიც აღენიშნება ახალი სიმსივნური კერების განვითარება.
პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს იმ დასკვნას, რომელიც საფუძვლად დაედო მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის დასაბუთებას. სასამართლოს ხსენებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის თანახმად, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებული პირის მიმართ, ხოლო აღნიშნული მუხლით მოთხოვნილი სამედიცინო დასკვნა მოიაზრებს სამედიცინო მეცნიერების დარგში სპეციალური ცოდნის მქონე პირის წერილობით ინფორმაციას მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹--/-- ბრძანების შესაბამისად და არა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის პატაკი და სამედიცინო დოკუმენტაციის (მსჯავრდებულის ავადმყოფობის ისტორია) ანალიზი. ამავე დროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹72/ნ ბრძანების თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნული დიაგნოზი, კერძოდ: მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის მიელომა, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, პოსტინფარქტული სტენოკარდია არ წარმოადგენს მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასჯელისაგან გასანთავისუფლებლად წარდგენის საფუძველს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა რ. ღ-ემ პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებითა და სამედიცინო დოკუმენტებში არსებული მონაცემების ანალიზით, ასევე თვით ავადმყოფზე ვიზუალური სამედიცინო დაკვირვებით მიღებული შედეგებით უდავოდ დასტურდება, რომ მსჯავრდებული თ. ხ-ლი დაავადებულია მარჯვენა ბარძაყის მელანომით (მეოთხე სტადია), და, შეიძლება ითქვას, ამჟამად მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ავადმყოფს დარჩენილი აქვს სიცოცხლის რამდენიმე დღე.
პალატის სხდომაზე ანალოგიური დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ზ. გ-მა. მან აღნიშნა, რომ ავთვისებიანი სიმსივნის _ მელანომის დიაგნოზი სრულიად უეჭველია. არსებობს სიმსივნის განვითარების მეოთხე სტადიის ყველა ნიშანი (მეტასტაზები და სხვა), რაც მოწმობს, რომ პროცესი შეუქცევადია და ავადმყოფს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ აქვს დარჩენილი. მართალია, მოცემულ შემთხვევაში გარკვეული ფორმალობები მთლიანად არ არის დაცული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი დიაგნოზი და სამედიცინო დასკვნა აბსოლუტურად საფუძვლიანია, რის გამოც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულ თ. ხ-ის მიერ სასჯელის მოხდა სრულიად შეუძლებელია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლა მომავალში, სამწუხაროდ, მოსალოდნელი არ არის.
სამედიცინო დეპარტამენტისა და სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენლების ზემოხსენებულ დასკვნებს მხარი დაუჭირა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე რ. კ-ემ, რომელმაც დაადასტურა რა მსჯავრდებულ თ. ხ-ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, მიუთითა, რომ მის მიმართ სასჯელის აღსრულებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია და ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
პროკურორმა ო. რ-ამ აღნიშნა, რომ მან პირადად ინახულა მსჯავრდებული თ. ხ-ლი, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ არამცთუ გადაადგილება, არამედ საწოლში მოძრაობაც კი აღარ შეუძლია, ამასთან, ვიზუალური დაკვირვებითაც სრულიად აშკარად ჩანს, რომ დაავადება განვითარებულია არა მხოლოდ მარჯვენა ქვედა კიდურზე, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც, მაგრამ ყველაფერი ეს მოითხოვს სათანადოდ გაფორმებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სავსებით შესაძლებელია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამედიცინო დასკვნა, რომელიც გაცემულია იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, ეყრდნობა მსჯავრდებულ თ. ხ-ის მკურნალობის პერიოდში კომპეტენტური სპეციალისტების მიერ ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევებსა და მათ საფუძველზე მიღებულ შედეგებს, რაც აღნუსხულია მისი ავადმყოფობის ისტორიაში, ამიტომ ხსენებული დასკვნის გასაცემად ხელახალი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, რაზედაც რაიონული სასამართლო მიუთითებს, აღარ არსებობს.
არასწორია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹--/-- ბრძანების მიხედვით, მელანომა არ შეიძლება გახდეს მსჯავრდებულის სასჯელისაგან განთავისუფლებისათვის წარდგენის საფუძველი, რადგან აღნიშნული ბრძანების პირველსავე მუხლში ასეთ საფუძვლად მითითებულია ლოკალური ხასიათის ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია, ხოლო ასეთ კატეგორიას უდავოდ მიეკუთვნება მსჯავრდებულ თ. ხ-ის დაავადება.
განხილულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასიკეთოდ და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანლა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული თ. ხ-ლი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლისა და “პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.