შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 22.07.2004
საქმის ნომერი
2კ-264დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 264-დად 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ო. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992წ. 14 იანვრის განაჩენით ო. მ-ლს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 136-ე მუხლით, 228-ე მუხლის II, III ნაწილებით, 17,104-ე მუხლის II, IV, VI, IX პუნქტებით, 104-ე მუხლის II, VI, IX პუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1992წ. 14 ივლისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ო. მ-ლის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მაისის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ო. მ-ლი არის -- წლის სასჯელს იხდის 1992წ. 14 ივლისიდან. მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2003წ. 14 ოქტომბერს. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ო. მ-ლს ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე.

პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ ო. მ-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 მაისის დადგენილება გაუქმდეს.

ო. მ-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.