განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 29.07.2004
საქმის ნომერი
2კ-277დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 277-დად 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ნ. ბ-ის საჩივარი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსის _ უ. მ-ის 2004წ. 12 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა ახმეტის რაიონულ პროკურორს.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 15 დეკემბერს სს “---ის" თანამშრომლებმა _ ზ. ნ-ლმა, ზ შა-მა, დ. ე-ემ, ნ. ზ-მა, გ. შ-მა, ს. შ-მა, რ. ბ-ემ დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართეს ახმეტის რაიონულ პროკურორს, სადაც მიუთითეს, რომ 1995 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ახმეტის ღვინის ქარხნის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, თანამშრომელთა 33-კაციანმა ჯგუფმა ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილების საფუძველზე ვაუჩერებით შეიძინეს აქციათა 15,3%.

ამ აქციების გამოსყიდვა განხორციელდა ქარხნის მაშინდელი დირექტორის _ ი. ჯ-ის სახელით და, შესაბამისად, ზემოხსენებული 33-კაციანი ჯგუფის აქციები აღირიცხა მის სახელზე.

ი. ჯ-იძე მათ ჰპირდებოდა, რომ კუთვნილებისამებრ გადაუფორმებდა აქციებს, თუმცა 2003წ. 12 აგვისტოს შრომითი კოლექტივის წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ი. ჯ-ძემ გაასხვისა ეს აქციები მათი თანხმობისა და ნებართვის გარეშე, კერძოდ, მან აქციები საფონდო ბირჟის მეშვეონით მიჰყიდა ქარხნის შრომითი კოლექტივის ყოფილ წევრს _ ყოფილ მთავარ ინჟინერ ნ. ბ-ლს.

დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებულია, რომ ქარხნის ყოფილმა დირექტორმა ი. ჯ-ემ და ყოფილმა მთავარმა დირექტორმა ნ. ბ-ლმა შრომითი კოლექტივის წევრები მოატყუეს, კერძოდ მათ კოლექტივის კუთვნილი ქონება (აქციები) წინასწარი შეთანხმებით მიითვისეს.

ჩატარებული შემოწმებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები: სს “---ის" შრომითი კოლექტივის 33-კაციანი ჯგუფი იყო ამ საზოგადოების კუთვნილი 15.3 % აქციების (138133 ცალი აქცია) მესაკუთრე, მაგრამ, იმის გამო, რომ ამ აქციების გამოსყიდვა განხორციელდა იმ დროისათვის “---ის" დირექტორ ი. ჯ-ს მიერ, აქციების ეს რაოდენობა აღირიცხა მის სახელზე, თუმცა იგი შრომითი კოლექტივის წევრებს _ აქციონერებს ჰპირდებოდა, რომ მოთხოვნისთანავე გადაუფორმებდა აქციებს. 2002წ. 1 ივნისს ქარხნის ყოფილი დირექტორი ი. ჯ-ძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

2003წ. გაზაფხულზე ი. ჯ-ეს დაუკავშირდა აქციონერი ჯ. ჩ-ლი და რომელმაც განუცხადა, რომ მასთან იმყოფებოდა აქციონერი. ნ. ბ-ი, რომელიც იყო მათი ნდობითY აღჭურვილი პირი და აქციები გადაფორმებინათ ამ უკანასკნელის სახელზე. ნ. ბ-ზე აქციების გადაფორმების შემდეგ კი, იგი აქციებს გადაანაწილებდა სხვა აქციონერებზე.

ამ მიზნით 2003წ. აგვისტოში ი. ჯ-ძე ქ. თბილისში შეხვდა ნ. ბ-ლს, რომლებმაც --- ბანკის ბროკერთან მოილაპარკეს, რომ ყველა აქციონერი ჩასულიყო თბილისში და გადაეფორმებინათ თავიანთი აქციები. მოლაპარაკების შემდეგ თბილისიდან დაბრუნებულმა ი. ჯ-ემ აღნიშნული შეთახმების შესახებ აცნობა აქციონერ რ. ბ-ეს, მაგრამ ეკონომიური გაჭირვების გამო აქციონერებმა ვერ მოახერხეს ჩასვლა თბილისში. აქციები კი გადაიფორმა ნ. ბ-მა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპატამენტის ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსმა ზემოდ მითითებულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ შემოწმებული მასალების შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება და 2004წ. 12 იანვარს ი. ჯ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღიძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის დადგენილებით გაუქმდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა ახმეტის რაიონულ პროკურატურას იმ საფუძვლით, რომ დანასაულის სესახებ ცნობების შემოწმება ჩატარდა ცალმხრივად, ტენდენციურად და არასრულყოფილად.

დაინტერესებულმა პირმა ნ. ბაჩანაშვილმა მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმება და საგამოძიებო დეპარტამენტის დადგენილების უცვლელად დატოვება იმ საფუზვლით, რომ მას რაიმე დანასაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია და აქციები შეიძინა კანონიერად.

პროკურორმა ზ. მ-ემ, მხარი არ დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამრთლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით რომ მოკვლევის პროცესში სრულყოფილად არ შემოწმებულა დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითითებული გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს _ საჩივრის ავტორს ნ. ბ-ლს, პროკურორს ზ. მ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით _ სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე, ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას, აგრეთვე ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოპოვებულ მასალებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირობებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას.

საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო დეპარტამენტის 2004წ. 12 იანვრის დადგენილებაში აღწერილია მხოლოდ ის გარემოებები რაც შემოწმებისას იქნა დადგენილად მიჩნეული, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული ეს გარემოებები დადგენილად და რა ადასტურებს ამ გარემოებებს. დადგენილებაში შეფასება არ მისცემია მოკვლეულ მასალებს, გამოძიებას საერთოდ არ უმსჯელია იმის თაობაზე თუ რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და რით არის უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ მოკვლევის დროს სრულყოფილად არ ყოფილა შემოწმებული დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობები.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსის _ უ. მ-ის 2004წ. 12 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს ახმეტის რაიონულ პროკურორს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსის _ უ. მ-ის 2004წ. 12 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უცვლელად დარჩეს და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს ახმეტის რაიონულ პროკურორს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.