განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26-I 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 2003წ. 14 დეკემბრის საექიმო კომისიის დასკვნა ა. ა-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000წ. 3 თებერვლის განაჩენით ა. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 207-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2003წ. 4 ოქტომბრის საფუძველზე, ა. ა-ეს შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.
ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 2003წ. 14 დეკემბრის ფსიქიატრიული შემოწმების ¹55 დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა. ა-ძე მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შემდგომ მკურნალობას აღარ საჭიროებს, ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო).
საექიმო კომისიის აღნიშნულმა დასკვნამ სასამართლოს ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან ა. ა-ძე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისასთვის; გარდა ამისა, 14 დეკემბრის დასკვნამდე ცოტა ხნით ადრე _ 4 ოქტომბრის დაკვნით, ა. ა-ძე საჭიროებდა იძულებით მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში. ამის გამო კოლეგიის 2004წ. 28 იანვრის განჩინებით დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ლ. ა-ის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის გასარკვევად.
ექსპერტიზის 2004წ. 3 თებერვლის დასკვნით, ა. ა-ძე არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სოციალურ საშიშროებას და ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო კოლეგიის 2004წ. 4 მარტის სხდომაზე საექსპერტო კომისიის თავმჯდომარემ _ ზ. ბ-ამ განაცხადა, რომ ა. ა-ის მდგომარეობა ისევ გამწვავდა და საჭიროებს ხელახალ შემოწმებას.
სასამართლო კოლეგიამ 4 მარტის განჩინებით დანიშნა განმეორებითი საკომისიო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. რომლის 2004წ. 24 მაისის დასკვნით, ა. ა-ის ფსიქიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია რამდენიმე თვის მანძილზე (რის გამოც ადრე გამოთქმული იყო აზრი ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე), აღინიშნება ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება-ფთიზიატრის დასკვნით, მას აქვს მარჯვენა ფილტვის ფიბროკეროვანი ტუბერკულოზი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს ა. ა-ის გადაყვანა ბედიანის ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ-ძე ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სამედიცინო იძულებითი ღონისძიების შეცვლას. იგი მიუთითებს, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ექსპერტთა დაკითხვით დადგენილია, რომ ა. ალავიძე ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას ჩვეულებრივი მეთვალყურეობის საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო).
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ჯ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგმოლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა გ. ჯ-ემ ასევე აღნიშნა, რომ, თუ საკასაციო პალატა არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, მაშინ გაუქმებულ იქნეს სასამართლო კოლეგიის განჩინება და მიეთითოს სასამართლოს, რომ ჩატარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა კომისიური წესით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ მ. მ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ი. ი-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ა. ა-ის მიმართ დადგენილი განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ა. ა-ის მიმართ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს 2003წ. 14 დეკემბრის საექიმო კომისიის დასკვნა და მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ ჩატარებული საკომისიო ექსპერტიზის 2004წ. 24 მაისის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ არის კატეგორიული. გარდა ამისა, ექსპერტმა თ. ს-ემ უჩვენა, რომ შეიძლება ა. ა-ის ფსიქიკური მდგომარეობა კვლავ დამძიმდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 678-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, თუ საექიმო კომისიის დასკვნა სასამართლოს ეჭვს იწვევს, სასამართლოს შეუძლია, დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაკითხოს პირი, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა, ჩაატაროს სხვა სასამართლო მოქმედებები. ასეთ ვითარებაში, როდესაც საექიმო კომისიის დასკვნა სასამართლო კოლეგიის ეჭვს იწვევდა, ხოლო ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა იყო სარეკომენდაციო ხასიათის და არა _ კატეგორიული, სასამართლო კოლეგიას უნდა ჩაეტარებინა კომისიური სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მიღებული შედეგის მიხედვით გადაეწყვიტა იძულებითი სამედიცინო ღონისძიების რეჟიმის შეცვლის საკითხი.
რაც შეეხება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ა. ა-ის მიმართ სამედიცინო ღონისძიების რეჟიმის შეცვლის თაობაზე, ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება, რადგან საქმეზე ჩასატარებელია კომისიური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 17 ივნისის განჩინება ა. ა-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.