დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.11.2004
საქმის ნომერი
2კ-42-I-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 421 2 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა განსასჯელ ნ. -ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 აგვისტოს განჩინებაზე ნ. კ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 18 აგვისტოს საბრალდებო დასკვნით ნ. -ის სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, წარიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმე განსახილველად ქვემდებარეობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. საბრალდებო დასკვნით ნ. კ-ეს ბრალად ედებოდა თაღლითობის ჩადენა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნ. -ძე რ. ჩ-სთან ერთად, ე. ჯ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, 1997წ. სექტემბრიდან 1998წ. ივნისამდე დაეუფლა ე. ჯ-ის დიდი ოდენობით ქონებას, კერძოდ: ე. ჯ-ის კუთვნილ 132300 აშშ დოლარს და 55158 აშშ დოლარის ღირებულების ოქროსა და ბრილიანტის სამკაულებს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბერის განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებით, ნ. -სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის II ნაწილზე (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი).

2004წ. 22 აპრილს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა ქ. ბათუმის პროკურატურას. რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 აგვისტოს განჩინებით იმ მოტივით, რომ ე. ჯ-ძე დასაბუთებული შუამდგომლობით ითხოვდა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საბრალდებო დასკვნის თანახმად, ე. ჯ-ის ნივთები იმყოფებოდა ნ. -ის მართლზომიერ მფლობელობაში, ამიტომ გამოძიებას უნდა ემსჯელა ამის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ წინასწარმა გამოძიებამ არ გადაწყვიტა ი. კ-ის, ი. ბ-ის, ნ. ლ-ის, ე. გ-ისა და ო. ზ-ის საკითხი, რომლებსაც, საქმის მიხედვით, გარკვეული ურთიერთობები აქვთ და-ძმა ნ. -ესა და რ. ჩ-სთან. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საქმეს დაერთოს ყველა მოკვლეული მასალა და მათ შორის _ --- ქ. 42-ში მომხდარი ინციდენტის შემთხვევის მასალები და მიეცეს იურიდიული შეფასება.

კასატორი _ ნ. -ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივით, რომ საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნდა ისე, რომ არ ჩატარებულა სასამართლო გამოძიება. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი სასამართლო გამოძიება და მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ მიეცა საქმის მასალებისათვის შეფასება და მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.

ნ. -ძე მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.

დაზარალებულმა ე. ჯ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო სჩივარს და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

პროკურორმა შ. კ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორ ნ. -ეს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. გ-ეს, დაზარალებულ ე. ჯ-ეს, დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ მ. მ-ლს, პროკურორ შ. კ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბრალდებო დასკვნით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ე. ჯ-ეს ჰქონდა წარმატებული ბიზნესი სალომბარდო საქმიანობაში. ნ. კ-ემ და რ. ჩ-ემ მასთან თავიანთი მოქმედებებით მოიპოვეს საიმედო გადამხდელის სახელი და გარკვეული დროის შემდეგ ე. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ლომბარდიდან 1997წ. 6 ნოემბრიდან 1998წ. 13 მარტამდე 10 ხელშეკრულებით გამოიტანეს 48900 ამერიკული დოლარი, კერძოდ:

1. 1997წ. 6 ნოემბრის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 6000 აშშ დოლარი;

2. 1997წ. 25 დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 2250 აშშ დოლარი;

3. 1997წ. 26 დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 21000 აშშ დოლარი;

4. 1997წ. 27 დეკემბრის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 2000 აშშ დოლარი;

5. 1998წ. 18 იანვრის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 2900 აშშ დოლარი;

6. 1998წ. 7 თებერვლის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 5000 აშშ დოლარი;

7. 1998წ. 9 თებერვლის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 6000 აშშ დოლარი;

8. 1998წ. 9 თებერვლის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 2000 აშშ დოლარი;

9. 1998წ. 20 თებერვლის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 2000 აშშ დოლარი;

10. 1998წ. 13 მარტის ¹-- ხელშეკრულებით გამოტანილია 650 აშშ დოლარი.

საბრალდებო დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ იმ მიზნით, რათა ნ. კ-სა და რ. ჩოგაძეს არ დაეკარგათ ნდობა ე. ჯ-სთან, ისინი აღებული ახალი თანხებიდან ნაწილობრივ უფარავდნენ წინათ აღებული თანხების საპროცენტო განაკვეთების გარკვეულ ნაწილს ისე, რომ ძირითად თანხას საერთოდ არ უბრუნებდნენ.

საბრალდებო დასკვნის თანახმად ე. ჯ-ძე, რომელიც დარწმუნებული იყო და-ძმის კეთილსინდისიერებაში, კვლავ ენდო მათ და 1998წ. ივნისს თავისსავე ბინაში, მოწმეთა თანდასწრებით, საჭირო თანხის გამოსატანად ლომბარდში ჩააბრების მიზნით, გადასცა როგორც პირადი, ასევე – მისი ლომბარდის მეანაბრეთა ოქროს სამკაულები, კერძოდ, სულ ე. ჯ-ის პირადი და მისი ლომბარდის მეანაბრეების კუთვნილი 109 ცალი ოქროს სამკაული სხვადასხვა ძვირფასი ქვებით, სულ ღირებული 59168 აშშ დოლარად.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი მითითება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საბრალდებო დასკვნის შესაბამისად წინასწარ გამოძიებას არ უმსჯელია იმის თაობზე, იმყოფებოდა თუ არა ეს ნივთები ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობაში, მაშინ, როდესაც დაზარალებული ასაბუთებს, რომ ეს თანხა და ნივთები იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობაში, რასაც არც თვით ბრალდებული უარყოფს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე დაყენებულ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ შუამდგომლობაში მითითებულ მოტივებს და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ დამატებითი გამოძიებისას უნდა გაირკვეს ი. კ-ის, ი. ბ-ის, ნ. ლ-ის, ე. გ-ის და ო. ზ-ის ურთიერთობები და-ძმა ნ. -ესა და რ. ჩ-სთან. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად ჩათვალა, რომ საქმეს დაერთოს ყველა მოკვლეული მასალა და მათ შორის --- მომხდარი ინციდენტის შემთხვევის მასალა და მიეცეთ სამართლებრივი შეფასება.

ზემოდმითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 აგვისტოს განჩინება, ნ. კ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 აგვისტოს განჩინება, ნ. -ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.