საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.11.2004
საქმის ნომერი
2კ-308აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 308-აპ 9 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა დაზარალებულ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილებით დარჩა ძალაში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენი ლ. ო-ის მიმართ, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა წინადადება: “პირობით მსჯავრდებულს ევალება პირობითი მსჯავრდების ვადაში უზრუნველყოს დაზარალებულ ს. ჯ-მი მიყენებული ზიანის სრული ოდენობით დაფარვა". აღნიშნული განაჩენით ლ. ოდიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და მიესაჯა 1 წლითYთავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლებით შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ლ. ო-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999წ. 1 ივლისს ქ. თბილისში, --- ქ. ¹24-ში მცხოვრებ ს. ჯ-სა და სამშენებლო ფირმა შპს “---ს" შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს “---ს" ს. ჯ-ის სახლის ადგილას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსი, რომელშიც ს. ჯ-ისათვის სახლის სანაცვლოდ უნდა გამოეყო 3-ოთახიანი ბინა. ვინაიდან შპს “---მა" დაუფინანსებლობის გამო ვერ შეძლო სახლის აშენება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ს. ჯ-მა მოითხოვა მისი ღირებულების ანაზღაურება, მაგრამ შპს “---ის" მხრიდან თანხის მიღება გაჭიანურდა.

ს. ჯ-რს თბილისში საცხოვრებელი ბინა აღარ ჰქონდა და იძულებული გახდა, საცხოვრებლად სოფ.ში გადასულიყო. მგზავრობისათვის საჭირო თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და ამიტომ 1997წ. 1 ოქტომბერს მან მინდობილობა მისცა მეუღლის დისშვილს _ ლ. ო-ლს, რათა ამ უკანასკნელს შპს “---იდან" მიეღო ან ბინა, ან ფულადი კომპენსაცია.

ლ. ო-მა ისარგებლა ს. ჯ-ის ნდობით და განიზრახა მისი მოტყუება იმგვარად, რომ შპს “---იდან" ერთოთახიანი ბინის ფართის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით გამოეტანა მისი ღირებულება და მიეთვისებინა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ. ო-მა 1998წ. 19 მარტს სალაროს გასავლის ორდერის საფუძველზე მართლაც გამოიტანა შპს “---იდან" 9345 ლარი, ერთოთახიანი ბინის კომპენსაციის სახით და, ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა ს. ჯ-ისათვის, მიითვისა და თავის საჭიროებისათვის გახარჯა, ხოლო ამ უკანასკნელს კი ოთხი წლის განმავლობაში ატყუებდა, რომ ვითომდა ვერ ახერხებდა ფირმიდან ფულის მიღებას. როდესაც 2000 წელს ს. ჯ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ო-ლს მისი კუთვნილი თანხა გამოტანილი ჰქონდა შპს “---იდან", მიაკითხა ლ. ო-ლს და მოსთხოვა თანხის დაბრუნება. მიუხედავად ს. ჯ-ის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა, ლ. ო-ლი ატყუებდა მას და დღემდე ფული არ დაუბრუნებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული ს. ჯ-რი ითხოვს ლ. ო-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას სასჯელის ლმობიერების მოტივით, თუ ლ. ო-ლი არ აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს. იგი მიუთითებს, რომ ლ. ო-ლი არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ ცდილობს, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მით უმეტეს, სასამართლოს მიერ დაკისრებული აქვს 7000 აშშ დოლარის გადახდა.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ე. წ-ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულმა ს. ჯ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ლ. ო-ლი არ ცდილობს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მან ითხოვა, რომ ლ. ო-ლს შეეფარდოს რეალური სასჯელი.

მსჯავრდებულ ლ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივად არაა დადგენილი ლ. ო-ის მხრიდან თაღლითობის ჩადენის ფაქტი; ამასთან, ლ. ო-ლი ცდილობს მიყენებული ზიანის ნაწილ-ნაწილ ანაზღაურებას, რისი წინააღმდეგიც არიან ს. ჯ-რი და მისი ოჯახი. ადვოკატმა მ. ა-მა მიუთითა, რომ ლ. ო-ლი ცდილობს, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი და დამძიმების მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

მსჯავრდებულმა ლ. ო-მა აღნიშნა, რომ ის აუცილებლად აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, ცდილობს, ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს თანხა, რისი წინააღმდეგიც არის დაზარალებული მხარე. მანვე აღნიშნა, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი დედა, ასევე არასრულწლოვანი შვილი და იშუამდგომლა, რომ მის მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელი არ გამკაცრდეს.

პროკურორმა მ. ჯ-ემ კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. ო-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ლ. ო-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით მსჯავრდებულ ლ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ლ. ო-ლი არის ქალი, კმაყოფაზე ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი დედა და არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც მარტო ზრდის. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ იგი ცდილობს, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ლ. ო-ლს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი, ამასთან, მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია არ არის მიზანშეწონილი.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, არ არსებობს განაჩენის გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განაჩენი ლ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.