განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 11.11.2004
საქმის ნომერი
2კ-440დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 440-დად 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის განაჩენით გ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის II ნაწილით (საქართველოს 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების ღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს, უკრაინის ქ. ლვოვის ზელიზნაჩნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის განაჩენით და გათავისუფლდა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელისაგან. საბოლოოდ მოსახდელი დარჩა უკრაინის ქ. ლვოვის ზელიზნაჩნის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

მსჯავრდებული გ. მ-ლი სასჯელს იხდის 2000წ. 24 ივლისიდან.

2004წ. 19 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. მ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ გ. მ-ლს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული გ. მ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 24 ოქტომბერს, ხოლო სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 27 აპრილს; დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.

პროკურორი ი. დ-ლი მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული გ. მ-ლი სასჯელს იხდის 2000წ. 24 ივლისიდან. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, დღეისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3 და 3/4, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ გ. მ-ლი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად; სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა; შენიშვნებზე გაგებით რეაგირებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, გ. მ-ლი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილება და მსჯავრდებული გ. მ-ლი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.