საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.01.2003
საქმის ნომერი
2კ-116კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 116-კოლ 21 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეაბილიტირებულის _ მოქ. დ. ი-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მოქალაქე დ. ი. წინასწარი გამოძიების მიერ მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია) 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საჯარო მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა, თუ ძალადური შეცვლისაკენ), მე-80 მუხლით (მასობრივი არეულობა), 112-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 133-ე მუხლით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა), 135-ე მუხლით (იძულება), 136-ე მუხლით (მუქარა) და 2063 მუხლით (ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით. აღნიშნული ბრალდებების საფუძველზე დ. ინჯია 1999წ. 30 ნოემბრიდან 2000წ. 11 აპრილამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო შემდეგ, 2002წ. 4 ივნისამდე, იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.

განსასჯელ დ. ი-ს ბრალდების საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ. 2002წ. 27 მარტს კოლეგიამ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებებლი განაჩენი, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში და რომლის საფუძველზეც მოხდა გამართლებულ დ. ი-ს რეაბილიტაცია.

2002წ. 30 სექტემბერს რეაბილიტირებულმა დ. ი-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლითაც, როგორც გამართლებულმა, მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 500000 აშშ დოლარის კურსის შესაბამისი ეროვნული ვალუტის ფარგლებში, აგრეთვე, პარლამენტის წევრობამდელ ან რანგით ტოლ თანამდებობაზე აღდგენა და ამის მიხედვით 1999წ. 30 ნოემბრიდან 2002წ. 30 სექტემბრამდე პერიოდის ფულადი განაცდურის ანაზღაურება.

დ. ი-ს განცხადება განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ და 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებით მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით, ხოლო თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა დატოვა განუხილველად.

აღნიშნული განჩინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და რეაბილიტირებულმა დ. ი-მ. ფინანსთა სამინისტრო თავისი საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც ეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას 3000 ლარის ოდენობით, რადგან მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დ. ი-ს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. დ. ი. თავისი საჩივრით ითხოვს: უკანონო დაპატიმრებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას 500000 ლარის ოდენობით; მისი უკანონო პატიმრობით გამოწვეული დაავადებების გამო სამედიცინო მომსახურებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისად _ 1772 ლარისა და 288 ლარის ოდენობით.

საჩივრების განხილვისას კასატორმა დ. ი-მ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივრებს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვება უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, ხოლო რეაბილიტირებულ დ. ი-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ფინანსთა სამინისტრო თავის საჩივარში მიუთითებს: კომპენსაცია მორალური ზიანისათვის სახელმწიფოს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მიყენებულმა ზიანმა გამოიწვია უკანონოდ დაპატიმრებული პირის ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. ამიტომ, სამინისტროს აზრით, დ. ი-ს უნდა წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მძიმე სულიერ განცდებსა და ამ განცდებისაგან მიყენებულ მორალურ ზიანს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ხოლო სასამართლო, რომელმაც დ. ი-ს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 3000 ლარი მიაკუთვნა, დაეყრდნო მხოლოდ დ. ი-ს არადამაჯერებელ ზეპირ განცხადებებს, რომლებიც, სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთ არგუმენტად მიუთითებს იმაზე, რომ დ. ი-ს მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რეაბილიტირებული პირებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მთლიანი მოცულობა, რაც შეადგენს მხოლოდ 50000 ლარს და რომელიც უნდა განაწილდეს რამდენიმე ათეულ რეაბილიტირებულ პირზე.GAMO

პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ასეთ არგუმენტებს მათი უსაფუძვლობის გამო. რეაბილიტირებულ დ. ი-სათვის უკანონო პატიმრობით მიყენებული მორალური ზიანის დამადასტურებელია მის მიმართ უსაფუძვლოდ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენი; დაავადებები, რომლებიც მან მიიღო პატიმრობის შედეგად და ამის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტები; ასევე, სრულად უსაფუძვლოა ფინანსთა სამინისტროს მიერ საჩივარში მითითება საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტზე, რადგან ეს ნორმა ადგენს იმ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას, რომლებიც მიღებულია ისეთი პირისაგან, რომელმაც კანონი დაარღვია. მოცემულ შემთხვევაში დ. ი-მ კი არ დაარღვია კანონი, არამედ პირიქით _ მის მიმართ დაირღვა კანონი.

რეაბილიტირებულ დ. ი-ს მოთხოვნის უარყოფისათვის ჯეროვან იურიდიულ არგუმენტად ვერ იქნება, აგრეთვე, მიჩნეული ფინანსთა სამინისტროს მითითება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ რეაბილიტირებული პირებისათვის გამოყოფილი თანხების სიმცირეზე.

პალატა ასევე არ იზიარებს რეაბილიტირებულ დ. ი-ს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა უნდა განისაზღვროს 500000 ლარის ოდენობით, რადგან მან ვერ წამოადგინა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნილი თანხის _ 3000 ლარის ეგზომ მნიშვნელოვნად გაზრდის ჯეროვანი საფუძველი. ამასთანავე, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკომპენსაციო თანხა, რაც სასამართლომ განსაზღვრა, შეიძლება გაზრდილ იქნეს 2000 ლარით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეაბილიტირებული დ. ი. საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებისგან განთავისუფლების შემდეგ ორწელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია რეაბილიტირებულ დ. ი-ს საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ 228 ლარის და უკანონო პატიმრობით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების _ 1772 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მას ასეთი მოთხოვნა უნდა დაეყენებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში რეაბილიტაციის საქმის განხილვისას. აღნიშნული მოთხოვნა ასეთი განხილვის გარეშე, კანონიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში ვერ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისიტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რეაბილიტირებულ დ. ი-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ _ მორალური ზიანი აუნაზღაურდეს 5000 ლარის ოდენობით. საჩივარში წამოყენებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.