განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 71-დად 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. ახალაძე
განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. უგრეხელიძის შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 21 მარტის განაჩენით რ. ა. შს ზუგდიდის სამმართველოს საკუთრების დაცვის პოლიციის რიგითი პოლიციელი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 104-ე მუხლის II და VI პუნქტებით და საბოოლოდ შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულებით რ. ა. შეწყალებულ იქნა და შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით. საბოლოოდ რ. ა-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელის თითქმის სამი მეოთხედი.
მსჯავრდებული რ. ა. სასჯელს იხდის 1995წ. 19 იანვრიდან. 2001წ. 23 სექტემბრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
2002წ. 12 სექტემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. უ-მ და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება მისი მძიმე ავადმყოფობის გამო. აღნიშნული შუმდგომლობა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილება და შუამდგომლობა ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის დადგენილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. უ-ს შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე იმ მოტივით, რომ შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა შეტანილი სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენისას დაირღვა სსსკ-ის 608-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ კი, შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისას არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული კუმულაციური მოთხოვნებიდან ორი მოთხოვნა სასჯელის აღმსრულებელი ორგონს უფროსის წარდგინება და საექიმო კომისიის დასკვნა.
ამავე დროს რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა საქმეში არსებული მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მართალია, რ. ა. მძიმე ავადმყოფია, მაგრამ დაავადების ეს სახე ხელს არ უშლის მის მიერ სასჯელის მოხდას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ვ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და რ. ა-ს ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, იმ მოტივით, რომ რ. ა. არის უმძიმესი ავადმყოფი, აქვს გულის თანდაყოლილი მანკი და ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, რის გამოც ერთი წელზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და აღნიშნული დაწესებულების პირობებში მისი მკურნალობა შეუძლებელია.
მსჯავრდებული რ. ა. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩირვის მოთხოვნას და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა 2003წ. 11 მარტს და შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მოქმედებდა 2002წ. 4 ივლისამდე. 2003წ. 11 მარტისათვის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც ისარგებლა რაიონულმა სასამართლომ, მოქმედებდა უკვე ახალი რედაქციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა შეტანილი სასამართლოში. კერძოდ კი, მოსაზრებას იმაზე, რომ შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისას არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული კუმულაციური მოთხოვნებიდან ორი მოთხოვნა _ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს უფროსის წარდგინება და საექიმო კომისიის დასკვნა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლის I ნაწილი მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ შუამდგომლობის წარდგენის კუმულაციურ მოთხოვნას, ასევე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას მხოლოდ საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე ითვალისწინებდა 2002წ. 4 ივლისამდე. 2002წ. 4 ივლისს საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც შუამდგომლობის შეტანის უფლება ალტერნატიული გახდა მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის. ამდენად, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის უფლება აქვს ან მსჯავრდებულს ან სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ზ. ა-მა.
ამავე ცვლილების თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სამედიცინო დასკვნის და არა საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოში შუამდგომლობის განხილვისას სსსკ-ის 608-ე მუხლის მოთხოვნები არ დარღვეულა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ რ. ა-ს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ავადმყოფობა და დაავადება, რაც დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხელს არ უშლის მის მიერ სასჯელის მოხდას.
საქმეში არსებობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999წ. 19 აგვისტოს და შინაგან საქმეთა მინისტრის 1999წ. 30 აგვისტოს ბრძანებები. ამ ბრძანებებით დამტკიცებულ დაავადებათა ჩამონათვალშია მითითებული გულის თანდაყოლილი მანკი, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს. ამავე ბრძანებებით დიაგნოზის დასადასტურებლად სავალდებულოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, საერთო ცილისა და ცილის ფრაქციების განსაზღვრა, კოაგულოგრამა, ანტისტრეპტოლიზინის სინჯი, ჩ-რეაქტიული ცილა, დიფელამინის სინჯი, ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოგრაფიული, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ასევე ყველა ის გამოკვლევა, რომელიც საჭიროა თანმხლებ გართულებათა დასადასტურებლად.
საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულ რ. ა-ს სტაციონარში ყოფნის პერიოდში ჩაუტარდა კლინიკო, რენტგენო, ლაბორატორიული გამოკვლევები, იგი გასინჯეს ფტიზიატრმა, თერაპევტმა, ფსიქიატრმა და
დაუდგინდა დიაგნოზი: თანდაყოლილი კომბინირებული მიტრალური მანკი, ორკარიანი სარქველის ნაკლოვანების სიჭარბით, ექსირასისტოლური არითმია, II ხარისხის გულის უკმარისობა, ტუმოსოზული ბრომქოადენტი ბკ, ნევროზული მდგომარეობა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რასაც განაპირობებს ფილტვების ტუბერკულოზის რთული მიმდინარეობა, რის ფონზეც დამძიმდა რ. ა-ს თანდაყოლილი გულის მანკი და გამოიხატა გულის უკმარისობის სურათი ქვედა კიდურების შეშუპებით. ამავე დასკვნის თანახმად, რ. ა-მა ჩაიტარა მკურნალობის სრული კურსი, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხოლო კლინიკურად გაუარესდა კიდეც.
იმავე დასკვნით რ. ა-ს დაავადება და მისი ავადმყოფობა მძიმეა, ის საფრთხეს უქმნის რ. ა-ს სიცოცხლეს. მისი განკურნების ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პროგნოზი არსებულ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა.
ანალოგიური დასკვნა მისცეს შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ექიმებმა, კერძოდ, რ. ა-ის მკურნალმა ექიმმა ე. ლ-მ და მთავარმა ექიმმა ა. ბ-მა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ა. დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და იგი ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 608-ე და სსკ-ის 74-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის დადგენილება, რომლითაც ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებაზე მსჯავრდებულ რ. ა-ს უარი ეთქვა, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
რ. ა. მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.