საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.05.2003
საქმის ნომერი
2კ-90დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 90-დად 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა დაზარალებულ ა. ა-ს წარმომადგენლის _ ადვოკატ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის 2002წ. 16 ნოემბრის დადგენილება ა. ა-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

საჩივარი ითხოვს პროკურატურისა და სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილებების გაუქმებას და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას.

აღწერილობითი ნაწილი:

პროკურატურის დადგენილების მიხედვით 2000წ. 26 ნოემბერს, დილიდან, ბათუმის რკინიგზის სადგურის სამატარებლო ბრიგადა, რომელშიც შედიოდნენ სალოკომოტივო დეპოს მემანქანე ე. ჩ., მემანქანის თანაშემწე ტ. დ. და შემდგენელი ფ. ი. საბარგო სადგურის ტერიტორიაზე თბომავლით ატარებდნენ სამანევრო სამუშაოებს. დაახლოებით 10 საათზე აღნიშნულმა ბრიგადამ 16 ცარიელი ვაგონ-ცისტერნისაგან შემდგარი შემადგენლობა გამოიყვანა მეოთხე ნავთობბაზიდან და 2-3 კმ/საათი სიჩქარით გაემართა მე-17 გამწევი ჩიხისაკენ. იმის გამო, რომ თბომავალი ჩაბმული იყო შემადგენლობის თავში, შემდგენელი ფ. ი. შავშეთის ქუჩის სარკინიგზო გადასასვლელამდე მატარებელს ფეხით უკან მიყვებოდა. აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელთან იგი გაჩერდა, რომ უზრუნველეყო გადასასვლელის გადაკეტვა და ისრის გადართვა. სარკინიგზო გადასასვლელის გავლის შემდეგ შემადგენლობა თბომავლით წინ ნელი სვლით მოძრაობდა ჩიხის ბოლოსაკენ და საბჯენამდე ისე მივიდა, რომ ლიანდაგზე მოძრაობისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ შექმნია. ჩიხის საბჯენთან მისვლისას მემანქანე ე. ჩ-მ გააჩერა შემადგენლობა და დაელოდა შემადგენელ ფ. ი-ს ნებართვას უკუსვლით მოძრაობის დაწყების შესახებ. დაახლოებით სამ წუთში ფ. ი-მ მემანქანეს აცნობა, რომ ისარი გადართული იყო და შეიძლებოდა მოძრაობის დაწყება. მემანქანე ე. ჩ-მ მისცა ხმოვანი სიგნალი და აუშვა მუხრუჭი, რის შემდეგაც შემადგენლობამ უკან დაიწყო მოძრაობა. დაახლოებით 40-45 მეტრის გავლის შემდეგ მემანქანის თანაშემწე ტ. დ-მ შენიშნა წერეთლის ქუჩის მხარეს, ლიანდაგის ვაკისზე წაქცეული მოქალაქე, რომელსაც ცალი ფეხი ჰქონდა გადაკვეთილი და მაშინვე მიმართა მემანქანეს გაეჩერებინა შემადგენლობა. მემანქანემ სწრაფი დამუხრუჭების გამოყენებით შეძლო შემადგენლობის გაჩერება 7-8 მეტრში. ვინაიდან, აშკარა იყო, რომ მოქალაქემ დაზიანება მიიღო სარკინიგზო შემადგენლობის გოგორწყვილის გადავლის შედეგად, მემანქანე რაციით დაუკავშირდა რკინიგზის სადგურის დისპეტჩერს, მოახსენა მომხდარი ფაქტის შესახებ და სთხოვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, იმის გამო, რომ ცისტერნების შემადგენლობას გადაკეტილი ჰქონდა სარკინიგზო გადასასვლელი და აფერხებდა როგორც ავტომანქანების, ასევე მოქალაქეთა მოძრაობას, რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობის განკარგულებით ეს შემადგენლობა გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილიდან. იმავე დროს დაზიანებული მოქალაქე ა. ა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს ბათუმის ¹1 საავადმყოფოში, სადაც შეუნარჩუნეს სიცოცხლე, თუმცა ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ჩატარებული მოკვლევით მიჩნეულ იქნა, რომ ა. ა-მა სცადა რა გაჩერებული შემადგენლობის ქვეშ გაძვრომა, ვეღარ გაასწრო მოულოდნელად დაძრულ ვაგონებს და თბომავლიდან მესამე ვაგონის გოგორწყვილმა გადაუარა ორივე ფეხის კოჭ-წვივის არეში, რამაც გამოიწვია მათი ტრავმული ამპუტაცია. ამის გამო გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რის შესახებაც ეცნობა ა. ა-ს.

2001წ. 26 ივნისს ა. ა-ს საჩივრის საფუძველზე ბათუმის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორმა გააუქმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება დამატებითი, უფრო სრულყოფილი მოკვლევის ჩატარების მიზნით.

2001წ. 23 ივლისს ბათუმის ტრანსპორტის პროკურატურაში კვლავ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. 2002წ. 18 ივლისს, მას შემდეგ, რაც არაღძვრის დადგენილება გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებამ ა. ა. ცნო დაზარალებულად. დაკითხვის დროს მან შეცვალა ადრე მიცემული ახსნა-განმარტებები და აჩვენა შემდეგი: 2000წ. 25 თუ 26 ნოემბერს იგი ზღვის სანაპიროდან მეთევზეთა შესახვევის გავლით მარტო, ფხიზელი მიდიოდა წერეთლის ქუჩისაკენ. რკინიგზის ლიანდაგთან, რელსებთან ახლოს დაღვრილი იყო მაზუთი ან სხვა სითხე. პირველ რელსზე გადაბიჯების შემდეგ ფეხი დაუცურდა, წაიქცა და გრძნობა დაკარგა. როცა ცნობიერება დაუბრუნდა, იმყოფებოდა საავადმყოფოში და გაიგო, რომ ორივე ფეხი გადაკვეთილი ჰქონდა წვივის არეში. როცა სარკინიგზო ლიანდაგს ზღვისპირის მხრიდან მიუახლოვდა, გაიხედა წინ, მარჯვნივ და მარცხნივ, მაგრამ ლიანდაგზე რაიმე სახის სარკინიგზო შემადგენლობა არ მოძრაობდა და არც იდგა.

მოწმეთა და სპეციალისტთა დაკითხვით, ჩატარებული ექსპერტიზითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით ა. აფ-ს ზემოაღნიშნული ჩვენება გამოძიებამ არ მიიჩნია დადგენილად. ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა უხეშად დაარღვია წინდახედულობის ნორმები, შეეცადა გაჩერებული სავაგონო შემადგენლობის ქვეშ გაძვრომას, რა დროსაც შემადგენლობამ იწყო მოძრაობა და გოგორწყვილის გადავლის შედეგად მიიღო ტრავმული დაზიანება. აღნიშნულ დაზიანებაში თბომავლის მემანქანეს, მის თანაშემწეს, შემდგენელს ან რკინიგზის ტრანსპორტის სხვა რომელიმე მუშაკს ბრალი არ მიუძღვით. აღნიშნულის გამო პროკურატურამ 2002წ. 16 ნოემბერს შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

პროკურატურის ეს დადგენილება ა. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა ჯერ საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურაში, ხოლო შემდეგ _ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

როგორც ზემდგომმა პროკურორმა, ასევე სასამართლომაც საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილება მიიჩნიეს კანონიერად და საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების შეცვლის და გამომძიებლის დადგენილების გაუქმების საფუძვლად ასახელებს შემდეგ გარემოებებს:

1. ტრანსპორტის მუშაკთა პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დაზარალებულმა დაიცვა თუ არა წინდახედულობის ნორმები და კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები. დაზარალებულის მიერ დაშვებული დარღვევები უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ტრანსპორტის მუშაკის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად და არა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად;

2. საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და არაობიექტურად;

3. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა ისეთი კითხვა, რომელიც განეკუთვნება გამოძიების და არა ექსპერტის კომპეტენციას. ექსპერტმა იხელმძღვანელა “რკინიგზის ტრანსპორტზე მოქალაქეთა უსაფრთხოების წესების” შესახებ საბჭოთა პერიოდში (1987 წელს) მიღებული ნორმატიული აქტით, რაც საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში არ არის გატარებული. ყოველივე ამის გამო ექსპერტიზის დასკვნა მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად;

4. გამოძიებას არ შეუკრებია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ა. ა. მატარებლის ქვეშ გაძრომის მცდელობისას დაზიანდა;

5. წინასწარი გამოძიების დროს უხეშად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა. სახელდობრ, გამოძიება ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების გამოტანის გარეშე.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ მოქალაქე ა. ა-ს სარკინიგზო დაზიანების ფაქტზე ბათუმის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ გამოძიება ჩაატარა სრულყოფილად, საპროცესო ნორმების დაცვით და მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ემყარება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის მოთხოვნებს. გამომდინარე აქედან, პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ დაზარალებულის მიერ დაშვებული გაუფრთხილებლობისა და დარღვევების მიუხედავად ტრანსპორტის მუშაკი ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს დამდგარი შედეგისათვის. პალატა განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის საფუძველი არის პირის ბრალეული ქმედება და არა სამუშაოს შესრულების სახე და ხასიათი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სარკინიგზო ბრიგადის წევრებს ბრალეული ქმედება არ ჩაუდენიათ და მოქალაქე ა. ა-ს დაზიანება განაპირობა მის მიერვე წინდახედულობის ნორმების დარღვევამ.

უსაფუძვლოა საჩივრის ის მოსაზრებაც, რომ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და არაობიექტურად. პალატა თვლის, რომ გამომძიებლის მიერ შესრულებულია ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და შედეგებს გაუკეთდა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო საჩივარი კი ვერ მიუთითებს, თუ რა საგამოძიებო მოქმედება უნდა შეესრულებინა გამომძიებელს და არ შეასრულა. საჩივარი ზოგადად მიანიშნებს, რომ გამომძიებელს უნდა ეპოვა ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა შემადგენლობის გავლამდე ა. ა-ს ლიანდაგზე წაქცევის ან გაჩერებული შემადგენლობის ქვეშ გაძვრომის მცდელობის ფაქტს. პალატა თვლის, რომ ასეთი ზოგადი მინიშნება გამოძიების არასრულყოფილობის დამადასტურებელი არ არის. მით უმეტეს, რომ საკასაციო პალატის სხდომაზე თვით საკასაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ თითქმის ორი წლის მცდელობის მიუხედავად პირადად მან ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ა. ა-ს რკინიგზის ლიანდაგზე წაქცევის ფაქტს, ვერ აღმოაჩინა.

პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დანიშვნისა და ექსპერტისათვის კითხვების დასმის დროს გამომძიებელს არავითარი საპროცესო დარღვევა არა აქვს დაშვებული და გამომდინარე აქედან, უსაფუძვლოა საჩივრის მოთხოვნა საექსპერტო დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ.

ასევე სრულიად უსაფუძვლოა საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოძიება თითქოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ამის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანის გარეშე ჩატარდა. საქმეში მოთავსებულია გამომძიებლის სრულყოფილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოძიების მასალებს და მიიღო კანონიერი დადგენილება დაზარალებულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ა-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ბათუმის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის 2002წ. 16 ნოემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე ადვოკატის საჩივარი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.